კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეთილმა მეფე მათიუშ პირველმა ამის შესახებ არაფერი იცის.

11 იანვარი, 2011
ნინო წიკლაური, www.presa.ge

საქართველოში ვირტუალური აღმშენებლობა გრძელდება. უკვე დავასრულეთ მეორე დუბაი, პარიზი, ნიცა და ახლა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზეც გადავედით. სულ მალე ტურისტები კავკასიის ქედიდან პირდაპირი ტრასით ბათუმში ჩასრიალდებიან. მცირე ხანში კი, პრეზიდენტის ძველი დაპირებისამებრ, ალბათ ავტობანსაც გავჭიმავთ სოხუმამდე და, შესაძლოა, სოჭამდეც. 

მსგავსი შესავალი რაიმე ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობისათვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის "არაორდინალური" პროპაგანდის მიერ შექმნილი ირეალური მითებია, რომელსაც ჭეშმარიტებასთან უწვრილესი ძაფიც კი არ აკავშირებს.

საერთოდ, მსოფლიოს ისტორიასა თუ თანამედროვეობაში, ხელმოცარული, ერთპიროვნულ-ავტორიტარული მიდრეკილებების რეჟიმების ჩვეული სტრატეგიაა "ოპიუმის პოლიტიკა": გრანდიოზული გეგმების აფიშირება აგრესიული პიარმანქანის საშუალებით და საზოგადოების თავმოყვარეობაზე პერმანენტული თამაში, რომ მათ სახელმწიფოს რაღაც განსაკუთრებული მისია აკისრია პლანეტაზე. ამ მისიაში მთავარ როლს, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლება თამაშობს, რომლის გარეშეც, მითის თანახმადვე, სახელმწიფო არათუ პროგრესს, არამედ საერთოდ, არსებობასაც შეწყვეტს.

საქართველოს არ სჭირდება სადამ ჰუსეინის, თუ ედუარდ "ფანდარასტის" მსგავსად ინფორმაციების სამინისტროების არსებობა, ისედაც მწყობრში ჩაყენებული მთელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა ამ მიზნისათვის მხარდამხარ, სწორხაზოვნად და მუხლჩაუხრელად იღწვის. "ხე შეძახილით ხმებაო" და ამ პრინციპით მუშაობა თუ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა, გარკვეულწილად, "ამართლებს" კიდეც.
    
ნახსენები ტიპის რეჟიმები კი, როგორც წესი, რეალურად ან საკუთარ წარმოსახვაში (შესაძლებლობების მიხედვით) "ქმნიან" ბირთვულ იარაღს, ატარებენ გრანდიოზულ, მთავარსარდლის ემოციური გამოსვლებით გაფორმებულ პომპეზურ სამხედრო აღლუმებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აშენებენ მსოფლიოში "ერთადერთ" და განუმეორებელ ნაგებობებს, ყოველი ქუჩის კუთხესთან ტარტარენ ტარასკონელივით გამუდმებით ებრძვიან ჩრდილებში და ლანდებში შენიღბულ მტრებს, იწყებენ კოლოსალურ პროექტებს და ვერასდროს ამთავრებენ. მსგავს მმართველობებს ეს "თაიგული" სჭირდებათ საკუთარი უძლეველობის ილუზიის შესაქმნელად. საქართველოსთვის უჩვეულოდ "მშობლიური" და ნაცნობი მსგავსი სიტუაცია აქ უკვე წლების განმავლობაში ჩვეულებრივ და ლოგიკურ მოვლენად იქცა.
 
"პოტიომკინის კედლის" იქეთ კი ნაცრისფერი, უსახო ცხოვრება მდორედ მიედინება თავისი კომპონენტებით: უმძიმესი სოციალური ფონით, "ევროპული დონის" ფასებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, უკვე ოცნებებად და სიზმრებად ქცეული დაკარგული ტერიტორიებით, ქართულ "საზღვრისპირა" სოფლებში ავტომატგადაკიდებული "აპალჩენცების" თარეშით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობით. ამ ყველაფრის პარალელურ რეჟიმში საოცარი კონტრასტის - გრანდიოზული ავტობანების მშენებლობის, "წარმოსადეგი" და მყვირალა "მსოფლიო მნიშვნელობის" ქანდაკებების აგების, პლაჟებზე ოქროს ქვიშების დაყრის დაანონსება, უკიდურესად მარაზმულ და ცინიკურ ელფერს იძენს.
"გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარესო," ქართულ დღევანდელ რეალობას უფრო უკეთ ვერცერთი ფრაზა ვერ გადმოსცემს. ცნობილია, რომ თევზს სულ რამდენიმე წამიანი მეხსიერება აქვს. ამიტომ აკვარიუმში, ვიდრე ერთი ბოლოდან მეორემდე მივა, გავლილი გზა ავიწყდება და ჰგონია, რომ სულ მოგზაურობს. დღევანდელი ქართული რეალობაც ძალიან ჰგავს აკვარიუმის ცხოვრებას: ხელისუფლებიდან დაწყებული, საზოგადოებით დამთავრებული, ყველას ავიწყდება გუშინ მომხდარი და მეორე დღეს იგივე შუშის კედლებით შემოსაზღვრულ გზას ადგება სიახლის თუ მორიგი თავგადასავლების ნახვის ილუზიით შეპყრობილი. 

ხელისუფლების თვალსაჩინო დანაშაულთაგან, რაც დღევანდელი გადასახედიდან თავისი შედეგებით უფრო მწარედ და მოურჩენელ ტკივილად ჩანს, რომანტიკული, არარეალური მილიტარიზმის პროპაგანდაა. 2008 წლის აგვისტომდე აგრესიული მილიტარული იდეების პოპულარიზაციამ, რესურსების შეუსაბამო, უაზრო ბაქიობამ და საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, საქართველოს პრობლემების გარდა არაფერი მოუტანა. დღეს ეს სფერო შედარებით მიყუჩებულია და ნაკლებად ახსენებენ. ყოფილი ქართველი "ომის პარტიის" აქტიური წევრები კი ვიეტნამის ომის ვეტერანებს დაემსგავსნენ, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ პაციფისტური მოძრაობის აქტივისტები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სააკაშვილის პიარ-მმართველობის მთელი ლაიტმოტივი ერთია: ერთდღიან ეფექტებზე გათვლილი დაუბალანსებელი პოლიტიკა. საბჭოთა ცნობილი ლოზუნგის პერიფრაზი ყველაზე უკეთ შესაბამება თანამედროვე ქართულ სიტუაციას: ყველაფერი ვაშენოთ რაც შეიძლება სწრაფად, მოვასწროთ "ვარდების რევოლუციის," პრეზიდენტის დაბადების დღის, მინისტრის სიდედრის იუბილის, მორიგი რომელიმე  თარიღის დადგომამდე, რათა შემდეგ სახელმწიფოს პირველმა პირმა ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წითელი ლენტი გაჭრას. სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად! ამიტომაც არის, რომ დაგებული ქვაფენილი მეორე დღეს იშლება, შეღებილი ფასადი ერთ კვირაში შეუღებავს ჰგავს, ვერაშენებული ჯარის ხელმძღვანელი, ჩაჯიბული მილიონებით პარიზში გარბის, ზარზეიმით გახსნილი საწარმო ორ თვეში კოტრდება, ერთ დღეს ყველაფერი ბრჭყვიალებს და მეორე დღეს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება.

ასეთ სიტუაციაში კი ყველაფერზე ხელჩაქნეულ საზოგადოებას "უძრაობის ხანა" უდგას: ერთ მხარეს დიდი, ნაცრისფერი მასა, საკუთარი პრობლემებით და უიმედობით და მეორე მხარეს, ან ხელისუფლების მომხრეები, ან სნობი არაიდეოლოგიური ოპოზიციონერები, ვისთვისაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი რომელიმე ძალით გალიბერალებულ-გაოპოზიციონერებული ყოფილი ჩინოვნიკია. ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც, დღესდღეობით, როკერი, პანკი თუ ანარქისტიც კი კონფორმისტია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იოტისოდენა პროტესტის გრძნობის აქტიურად გამოხატვის სურვილიც არ უჩნდება.

მაშინ როცა ფინანსურად სტაბილური ევროპა ათასი ჯურის ახალგაზრდა "ლევაკებმა" წალეკეს, ევროპის მსხვილი ქალაქები კი ანარქისტების, სოციალისტების და ანტიგლობალისტების პოლიგონადაა ქცეული, რომლებიც ყოველგვარ მტკივნეულ სოციალურ რეფორმას არ პატიობენ ხელისუფლებას, საქართველოში სოციალური პროტესტის და გამოსვლებისათვის არანაირი კონტურები არ არსებობს. საზოგადოება იმედგადაწურულია. აქ სოციალისტების ლიდერებიც კი, რეალურად, ყველაზე დიდი კაპიტალისტები აღმოჩნდნენ. ყველა სხვის დანაშაულზე მესამე პირში ლაპარაკობს, ხოლო კლანების ბრძოლა ხელისუფლების შიგნით, რომელიც, ფაქტობრივად, მართავს ოპოზიციის ქმედებებს, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ხელისუფლების შესაცვლელად წარმოებული იდეოლოგიური ბრძოლა ჰგონია. 

მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებს თუ თანამშრომლებს ლამის ყოველ სავსე მთვარეობაზე აპატიმრებდნენ და, ამის მიუხედავად, მინისტრი ყველაზე პატიოსან და მართალ კაცად ითვლებოდეს. რა თქმა უნდა, წვრილი ჩინოვნიკები ანგრევენ ქვეყანას, ხოლო "კეთილმა მეფე მათიუშ პირველმა" ამის შესახებ "არაფერი იცის." მოკლედ, უცნაურმა, ტრაგიკომიკურმა მოვლენების ჯაჭვმა საქართველოში უსასრულო სახე მიიღო და გაუვალ ლაბირინთს დაემსგავსა, სადაც ყოველ მოსახვევში უნიჭოდ დადგმული თეატრალური მასკარადი იმართება ყალბი აპლოდისმენტების თანხლებით.

ახალი ამბები