კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამაგალითო დასჯის მცდელობა

12 იანვარი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის საქმეზე გამოძიება დაამთავრა. პროკურატურამ თაბაგარს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 139-ე (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის იძულება) და 332-ე (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში წაუყენა.

ჩვენი ინფორმაციით, ზურაბ თაბაგარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას აღიარებს, რაც სკოლაში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება, გარყვნილი ქმედების შესახებ ბრალდებას კი კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ თაბაგარი წინასწარ პატიმრობაშია.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ყვარლის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა. სასამართლოს ცნობით, პროცესი ჯერ-ჯერობით ჩანიშნული არ არის და საქმის განხილვის დაწყება იანვრის ბოლომდე არ იგეგმება.

სამართალდამცავებმა ზურაბ თაბაგარი 2010 წლის სექტემბერში დააკავეს. თაბაგარს პროკურატურაში სკოლის მასწავლებლებმა 2010 წლის ივნისში უჩივლეს და ის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს. 9 ივნისს კი ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში საჯაროდ ადანაშაულებდნენ.

ნინო მოდებაძე, ერთ - ერთი მომჩივანი მასწავლებელი: „ბავშვმა ეს ამბავი სკოლაში მომიყვა. რომ მოვისმინე, ძალიან აღვშფოთდი. კლასის დამრიგებელს ვუთხარი. ის გოგონას დედას შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა. დედას უთქვამს, ამ ამბავის გახმაურება არ მინდა, თბილისში მივდივარ და როცა დავბრუნდები, მე თვითონ მივხედავო.

- მაგრამ დედის პოზიცია არ გაითვალისწინეთ და პოლიციას შეატყობინეთ.

- პოლიციისთვის მე არ დამირეკავს, ელდინო იობაშვილმა დაურეკა ორშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, რომ დედას ბავშვი არ წაეყვანა და დირექტორს ეს ფაქტი არ შერჩენოდა.

- დირექტორთან დაპირისპირებული იყავით?

- კი, რადგან ერთხელ სკოლაში არ ვიყავი და ერთ-ერთი მოსწავლე ჩემს ნაცვლად შეაფასა დაბალი ნიშნებით, რაზედაც კამათი მოგვივიდა. 

- მანამდე, შაბათს ის გოგონა, მისი კლასელი და კლასის დამრიგებელი მაია ცერცვაძე თქვენს სახლში რატომ დაიბარეთ?

- გოგონას კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ. დეტალები მოვისმინეთ. გოგონამ გაიმეორა, რომ დირექტორი მას მკერდში ხელს უდებდა, შარვალს ხდიდა და ეფერებოდა.

- ამ შეხვედრას თქვენი მაზლი აკაკი კეკენაძე რატომ ესწრებოდა?

- როგორ თუ რატომ ესწრებოდა. აკაკი მაშინ ჯერ კიდევ სოფლის დეპუტატი იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პროფესიით იურისტია და კონსულტაციებს გვიწევდა.

- დირექტორის წინააღმდეგ პოლიციის სახელზე განცხადება თქვენ შეადგინეთ?

- ელდინომ დაწერა და მე გადავწერე.

- საჩივარზე ხელი იმ გოგონასაც მოაწერინეთ?

- კი, მოაწერა. მის გარდა, მასწავლებლებმაც მოვაწერეთ ხელი, მე, მაია ცერცვაძემ, ლიანა კუპატაძემ და ელდინო იობაშვილმა. ამით დავადასტურეთ, რომ ყველაფერი რაც განცხადებაში შევიტანეთ, ბავშვმა მოგვითხრო“.

აკაკი კეკენაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის 2006 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო სოფელ ბალღოჯიანიდან. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან კენჭი ისევ სოფელ ბალღოჯიანში იყარა. არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. მაია ცერცვაძე ბალღოჯიანის საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით; ნინო მოდებაძე კეკენაძის რძალია და წინასაარჩევნოდ სოფელში აგიტაციას მის სასარგებლოდ ეწეოდა; ლიანა კუპატაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორი იყო ბალღოჯიანში, ხოლო ელდინო იობაშვილი - ამავე სოფელში სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორი. კეკენაძე არჩევნებში დამარცხდა. სოფელ ბალღოჯიანის მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელი კახი კაპანაძე გახდა, რომელიც არჩევნებში „ეროვნული საბჭოდან“ მონაწილეობდა. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს უკავშირებდნენ. დაპატიმრებამდე ზურაბ თაბაგარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სთხოვეს, მათი კანდიდატის მხარდასაჭერად სოფელში კარდაკარ ჩამოევლო და სკოლაში ოპოზიციის მხარდამჭერი მასწავლებლები გადაებირებინა, რაზედაც თაბაგარმა უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია იმ ბავშვის ადგილსამყოფელი, რომელთან გარყვნილ ქმედებაშიც სკოლის დირექტორი დაადანაშაულეს.

ახალი ამბები