კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუცველი საზღვრები

12 იანვარი, 2011
ლელა ხეჩოშვილი

სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძე აზერბაიჯანთან 446 კილომეტრია. ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 21 ოქტომბრის წერილის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მხარეები ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოცემული ტოპოგრაფიული რუკებით სარგებლობენ, რომლებზედაც მოცემულია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის დავით იოსელიანის განცხადებით (წერილი 08-14/3863. 22.10.2010 წ.), სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურში არსებობს 1:10 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, ძველი, საბჭოთა პერიოდის, შინაარსობრივად მოძველებული სახით, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი განკუთვნილია სახელმწიფო მნიშვნელობის საქმიანობისთვის.

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის 190 კილომეტრი მდინარე ალაზანზე გადის. მდინარე ალაზანს გავაკების შემდეგ ახასიათებს კარგად გამოხატული მეანდრირება. რამდენიმე ნახევარკუნძული ხმელეთს 40-70 მეტრიანი მიწის მონაკვეთით (მეანდრის ყელი) უკავშირდება. მას ალაზანი გარშემო უვლის. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის. მეანდრირება საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ ალხაზაშვილის თქმით, საზღვარზე რეალური პრობლემა დიდი ხნის წინათ შეიქმნა: „სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე ალაზანმა გააკეთა მეანდრის ყელი და გამოიმუშავა ახალი კალაპოტი. შედეგად, ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის არსებული საზღვარი, რომელიც ტოპოგრაფიულ რუკებზე მდინარის კალაპოტის ღერძზე გადიოდა, გადაადგილებული აღმოჩნდა, ხოლო მდინარე ბელაქანჩაის კალაპოტი არხის მეშვეობით ალაზანს შეუერთეს. ნამეანდრალის ზედა ნაწილში აზერბაიჯანული სოფელი გაშენდა, ქვედა ნაწილში სოფელი ერისიმედი, რომელშიც აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები დაასახლეს“.

ერისიმედი

სოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელი 1989 წელს დაარსდა. ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლა აკრძალულია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო სოფელში შესვლამდე, დაახლოებით 1 კილომეტრში დგას. სასაზღვრო კონტროლის გავლის ვალდებულება მხოლოდ სოფელში მუდმივად მაცხოვრებლებს არ ეხებათ.

რესან ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი ხანდახან პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, ფერმაა და იქ დავაბინავე“.

სასაზღვრო კონტროლი ერისიმედში 2010 წლის 13 აპრილიდან გამკაცრდა. 13 აპრილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ერისიმედის მკვიდრი 16 წლის ახმედ (იბრაგიმ) გაურგაშვილი მოკლა, რომელიც მინდვრიდან საქონლის სახლში გარეკვას ცდილობდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ბიჭს თავში გაუფრთხილებლად ესროლა. საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. მკვლელობის შემდეგ ქართველი მესაზღვრეები ერისიმედში ვიდეო და ფოტოგადაღებასაც კრძალავენ.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას ჩვენ ერისიმედში კარტოგრაფიის და გეოდეზიის სპეციალისტებთან ერთად ჩავედით და სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით, ის ადგილიც ვნახეთ, სადაც მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე ხეებით გაკეთებული ღობეა გავლებული. ღობე ერისიმედის მაცხოვრებლებს გაუკეთებიათ იმ მიზნით, რომ მათი კუთვნილი საქონელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ გადასულიყო. თვითმხილველების თქმით, ახმედ გაურგაშვილი ღობის ძირში ეგდო, საქართველოს მხარეს. „ჯიპიესმა“ დააფიქსირა, რომ მკვლელობის ადგილი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაა.

ანზორ ბოლქვაძე, მკვლელობის თვითმხილველი: „ახმედი ღობესთან იყო მისული და ღობის იქით გადასული საქონლის მობრუნებას ცდილობდა. ეს ღობე ხეებით ჩვენ ავაწყეთ, რომ საქონელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ გადასულიყო. ღობე ჩვენს ტერიტორიაზეა გაკეთებული, დაახლოებით 8-10 მეტრის აქეთ, ვიდრე საზღვარია, რადგან მაშინაც გვეშინოდა, რომ არ ესროლათ და ამიტომ აქეთ ავაწყეთ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ახმედს გაუფრთხილებლად ესროლა, პირდაპირ თავში. ახმედი მაშინვე დაეცა, თუმცა გონზე იყო. შველას ითხოვდა, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ახლოს არ გვიშვებდნენ. ავტომატები მოგვიშვირეს და გვემუქრებოდნენ, რომ თუ დაჭრილს მივუახლოვდებოდით, გვესვრიდნენ. ამ დროისთვის ქართველი მესაზღვრეები იქ არ ყოფილან“.

2010 წლის 06 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სოფელი ერისიმედი სადაო ტერიტორიაზეა“.

„ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადაო ობიექტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუკი იქ შესვლასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არსებობს, იმის გამო, რომ ის სადაო ტერიტორიაზეა“, - აღნიშნა კალანდაძემ.

„ჯიპიესის“ მონაცემებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა ერისიმედში მდებარე 15 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და ამბულატორია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ელხან პოლუხოვის განმარტებით, აზერბაიჯანული მხარე ერისიმედის, ისევე როგორც დავით გარეჯის ნაწილის სხვა ტერიტორიებზე გაცვლის საკითხს არ განიხილავს.

სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლების თქმით, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში აბსოლუტურ უყურადღებობას იჩენს იმ ტერიტორიების მიმართ, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში შედის, მაგრამ სინამდვილეში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

დათო მახარაძე, ერისიმედის მკვიდრი: „დასახლებული პუნქტი რომ მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, ჩვენია, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ და მეზობელი აზერბაიჯანული სოფლის საქონელი ბალახობს. ახლოს ვერ მივდივართ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვემუქრებიან, დაგაკავებთო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით. როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით. იმ ტერიტორიაზე ჩვენი საქონელი თუ მოხვდა, მიჰყავთ და აღარ გვაძლევენ“.

ეროზია

რამდენიმე წელია მდინარე ალაზანი საქართველოს მხარეს ნაპირებს რეცხავს და ანგრევს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მონაცემებით, ეროზიის შედეგად, ალაზნის პირას სახნავ - სათესი მიწების ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ნინო ფხოველიშვილი, ფერმერი სიღნაღის რაიონში: „ალაზანი ყოველწლიურად ზემოთ იწევს და ტერიტორიები მიაქვს. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ინტენსიურად წვიმს ხოლმე, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს. ხუთი წლის წინ, ალაზანი იმ ტყის ადგილზე მოდიოდა. როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ამჟამად 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, სოფელ ანაგის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეისათვის კი მხოლოდ 30 მეტრია დარჩენილი. ორი ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მდინარის გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ჩვენ, ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოს მხარეს ალაზანი ნაპირებს ამჟამადაც ინტენსიურად რეცხავს. მდინარე საფრთხეს კიდევ ერთ მეანდრას (ყურეს) უქმნის.

- პრობლემის შესახებ სახელმწიფო სამსახურებს არ მიმართეთ?

- არაერთხელ მივმართე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სხვადასხვა სამსახურებს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახეს მდგომარეობა. თქვეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ.

- მდინარე აზერბაიჯანის მხარეს არ ანგრევს მიწას?

- იქითაც აზიანებს, მაგრამ ნგრევის საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანის მხარეს მდინარის ნაპირების გამაგრება ხდება. ლოდებს, ქვებს ყრიან. კალაპოტს მიმართულებას აძლევენ. ერთ დღეში შეიძლება ასი მანქანა ქვა დაცალონ. ფაქტია რომ ინტენსიურად ამაგრებენ ტერიტორიებს. დაახლოებით 6 წლის წინ, აზერბაიჯანის მხარეს ერთ-ერთ ყურეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნაპირები გაამაგრა და 70 ჰექტრამდე ტერიტორია შეინარჩუნა. ამავე პერიოდში, ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს კიდევ ერთ ყურეს შეუქმნა საფრთხე. მდინარემ მეანდრა გაარღვია და 45 ჰექტარი კალაპოტს აქეთ, საქართველოს მხარეს დატოვა. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს კუნძული შეინარჩუნა. მათ ხიდი გააკეთეს და ამ ხიდის მეშვეობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ალაზანს აქეთ დარჩენილ ტერიტორიას დღემდე აკონტროლებენ, აზერბაიჯანს კი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს“.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის პალატის სამმართველოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე ნამდვილად აშენებს ხიდებს, რომ ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიები გააკონტროლოს. „ალაზანი არის სასაზღვრო მდინარე და ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ აზერბაიჯანს საქართველოსთან ამაზე შეთანხმება არ აქვს“, - განაცხადეს სამმართველოში.

ნაპირდაცვის სპეციალისტი, ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე ამბობს, რომ სიღნაღის რაიონში, მდინარე ალაზნის მიერ ნაპირების გარეცხვის მდგომარეობის გასაცნობად ის ბოლოს 4 წლის წინ იმყოფებოდა. „4 წლის წინ, ძლიერი წყალდიდობის დროს, მდინარემ გარეცხა ტერიტორიები და ჩვენ ჩავედით ნაპირდაცვის დეპარტამენტიდან, რომ ეს პრობლემა, მდინარის კალაპოტის დინამიკა შეგვესწავლა. ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი იყო და ალაზანის გადმოადგილების გამო იქით დარჩა, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს კონტროლი ჰქონდათ დაწესებული და მათ ჩვენს ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს“.

„ეროზია არის მდინარის ბუნებრივი პროცესი. ჩვენი ქვეყანა წაგებულ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ კავკასიონიდან მეტი წყალუხვი მდინარეები გამოდის, მეტი ნაშალი მასალა გამოაქვთ და ალაზანს აიძულებენ ჩვენს მხარეს გადმოადგილდეს. პრევენციული ღონისძიებების გატარება ჩვენს ნაპირზე გაძნელებულია, რადგან მდინარე რეცხავს ძველ, ფხვიერ თიხოვან ნალექებს 4-5-15 მეტრის სიმაღლის კედლებზე. რომ დააკავო მდინარის ეროზიული მოქმედება, უნდა ააშენო გაბიონები და ბეტონის კედლები, ეს კონსტრუქციები კი ასეთ ვითარებაში იძირება და იმარხება. ამიტომ, ასეთი ღონისძიებების გატარება არაეფექტურია. ზემდგომი ორგანოები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. საზღვრის დემარკაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და მერე საქართველოს მხარე, მდინარის მარყუჟების გასწორხაზოვნებით უშველის ამ პრობლემას, ანუ კალაპოტს სწორ მიმართულებას მისცემს, - აღნიშნავს ჭიჭიკო ჯანელიძე.

მისივე თქმით, თითო მეანდრაში რამდენიმე ათეული ჰექტარი შედის და საერთო ჯამში, ალაზნის გადმოადგილების გამო აზერბაიჯანის მხარეს დარჩენილი ტერიტორია ას ჰექტრამდეა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეროზიის პრობლემა მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეულ კილომეტრ მანძილზე გასდევს და მისი აღმოფხვრა არსებული ბიუჯეტის პირობებში წარმოუდგენელია.

„მდინარე ალაზნის აღნიშნულ ნაპირებზე 2010 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარებულა. ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პრიორიტეტი მიენიჭა მდინარეთა ნაპირების დაცვას დასახლებულ ადგილებში. ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი მეანდრების ყელის მდგრადობის შენარჩუნებაა, რაც აგვაცილებს მეანდრების მარჯვენა ნაპირიდან მოწყვეტას და საზღვრის დადგენის საკითხში გაუგებრობებს. ამასთან, პრობლემა აქვს ჯუმასყურესაც, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზეა. საჭიროა შევიწროვებული გადასასვლელების დაჯავშნა ხისტი საფარით და ფსევდოკარსტული ღრმულების შევსება ხსნარებით“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ალხაზაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება არც 2011 წელს არის დაგეგმილი.

საერთაშორისო სამართალში გათვალისწინებულია ე.წ. „ესტოპპელას“ პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, როცა სახელმწიფო რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებს, ამუშავებს და იყენებს მას და ამაზე ის სახელმწიფო, რომელსაც ეს ტერიტორიები იურიდიულად ეკუთვნის, პრეტენზიას არ აცხადებს, სახელმწიფოს, რომელიც სხვა რესპუბლიკის ტერიტორიებით სარგებლობს, პრეტენზიები უჩნდება და ოფიციალურ დონეზეც მის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას ცდილობს.

როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის პალატის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ვახტანგ დათუნაშვილი აღნიშნავს, „ეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველაზე საშიში მომენტია“.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები