კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის საჩუქარი გონიოს მკვიდრებს უკანონოდ ჩამოართვეს

17 იანვარი, 2011
მაკა მალაყმაძე, აჭარა

გონიოს თემის 272 კომლს საკუთრებაში არსებული მიწა ჩამოართვეს. მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება იმ კანონს ასახელებს, რითაც კულტურული ძეგლის _ გონიოს ციხის სასაზღვრო ტერიტორიაზე განაშენიანება იზღუდება. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული კანონის დარღვევით, მხოლოდ ორი მიწის ნაკვეთია გაცემული. ხელვაჩაურის მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კი ორმოც წუთში 272 კომლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ბედი მარტივად გადაწყვიტა - საკადასტრო ნახაზი და კულტურული ძეგლის სასაზღვრო ზოლი კილომეტრობით გაზარდა. ფაქტობრივად, გონიოს მკვიდრთა ნახევარი უმიწოდ დარჩა. მოსახლეობა უსამართლობასთან ბრძოლას აქციების გამართვით და სტრასბურგის სასამართლოში ჩივილით აპირებს.

გონიოს მცხოვრებლები აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს 90-იანი წლებიდან ამუშავებდნენ. შემდეგ მიწები იჯარით აიღეს და ყოველწლიურად 200 ლარს იხდიდნენ. ასე გრძელდებოდა პრეზიდენტის ცნობილი ბრძანებულების გამოსვლამდე, რომლის საშუალებითაც მიწების საკუთრებაში დარეგისტრირების პროცესი დაიწყო.

პრეზიდენტის #525 ბრძანებულება „მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცებას შეეხებ“ 2007 წლის 15 სექტემბერით თარიღდება. ამ ბრძანებულებით, გონიოს თემში მცხოვრებლები მიწის მესაკუთრეები ხდებიან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.

ნათელა ირემაძე, გონიოს მკვიდრი: „როგორც კი გავიგე, რომ შესაძლებელი იყო დამეკანონებინა მიწა, რომელსაც წლებია, ვამუშავებ, დავიწყე ყველა საბუთის მომზადება. ბოლოს გადმომეცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც 2008 წლის 29 მაისით თარიღდება და ხელს მაშინდელი კომისიის თავმჯდომარე კახიძე აწერს. ახლა კი მეუბნებიან, რომ მიწა არაკანონიერად მაქვს. ვერ გავიგე, რა ხდება?! თუ არაკანონიერი იყო, თავის დროზე რატომ დამიკანონეს?! რა საბუთებიც მომთხოვეს, ყველაფერი წარვადგინე. ახლა კი არავითარ შემთხევაში არ დავთმობ ჩემს საკუთრებას. ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს მიწაა და იმასაც გვართმევენ“. 

რევაზ კახიძე, გონიოს მკვიდრი: „ბატონი ლევან ვარშალომიძე სკოლაში მოვიდა, შეგვხვდა და 30-მდე ადამიანს პირადად გადმოგვცა მიწის საკუთრების აღიარების მოწმობა და განაცხადა, რომ ეს იყო პრეზიდენტის საჩუქარი. დღეს კი ამ მიწებს გვართმევენ. მაშინ კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადმოგვცეს მიწები და ერთგვარად მოგვისყიდეს“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრებაში აღიარების კომისიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილია. წერილში აღნიშნულია, რომ გონიოს მცხოვრებლებზე გაცემული მიწის ნაკვეთები კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაა.

გოჩა გაბრუშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე: „ამ წერილით ძეგლთა დაცვის სააგენტო გვატყობინებს, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია - გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი არის არქეოლოგიური დაცვის ზონა და გათვალისწინებულია გათხრებისა და სხვადასხვა არქეოლოგიური ღონისძიებების გასატარებლად. წერილით დაგვევალა და მოგვეთხოვა, დაგვეწყო გაცემული მოწმობების კანონიერების შესწავლა“.

გონიოელები კი ამბობენ, რომ მათი მიწები გონიოს ციხიდან მოშორებით, დაახლოებით, 2-3 კილომეტრშია და არქეოლოგიურ გათხრებს ხელს არ უშლის. არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, ამირან კახიძეც აცხადებს, რომ ამ მიზეზით მოსახლეობისათვის მიწების ჩამორთმევა გამართლებული არ არის: „რა თქმა უნდა, კულტურულ ძეგლებს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს შორის საზღვრის ზონა უნდა იყოს და ეგრეც არის. ასეთი ძეგლებიდან მიწები 70 მეტრით უნდა იყოს დაშორებული და არა იმ მასშტაბით, როგორც ამ ხალხს ეუბნებიან. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, მიწების ჩამორთმევის სხვა მიზეზი უნდა იყოს და არა ის, რასაც ხელვაჩაურის საკრებულოში აცხადებენ".

სხვა მიზეზებზე გონიოელებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიწები შესაძლოა იმიტომ ჩამოერთვათ, რომ გონიოს ნაწილი არაბმა შეიხმა შეისყიდა: „როგორც გავიგეთ, გონიოს ციხის უკან მდებარე გორები, გონიოს მეურნეობა ვიღაც შეიხს უყიდია და როგორც ჩანს, წინა ხედის შეცვლა მოისურვა, სადაც ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწებია“.

უმიწოდ დარჩენილებმა კომისიის აქტის გამოცემამდე, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. „მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ“, - ამბობს გურამ მიქელაძე.

მიწის აღიარების კომისიის უკანონო ოქმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2010 წლის 3 დეკემბერს, #39 ოქმით, გაუქმდა სოფელ გონიოს მკვიდრებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გაუუქმდათ; იგივე ბედი ეწია სოფელ ახალსოფლისა და კვარიათის 43 საკუთრების მოწმობას. ჯამში საკუთრების უფლება 272 ოჯახს ჩამოერთვა.

კომისიის ოქმში მითითებულ 272 მესაკუთრედან თითოეულის საკუთრებაზე მსჯელობის ტექსტში მხოლოდ მესაკუთრის სახელი, გვარი და საკუთრების უფლების მოწმობის ნომერი იცვლება. გამოდის, რომ კომისიას ფაქტობრივი გარემოებები არ განუხილავს.

სხდომა მიმდინარეობდა 40 წუთის განმავლობაში და მხოლოდ რამდენიმე წამში გადაწყდა მესაკუთრეთა ქონების ბედი. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა ინფორმირებული სხდომის გამართვის თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ჯუმბერ დიდმანიძის განცხადებით, აღიარების კომისიის ქმედება უკანონოა: „აღნიშნულ კომისიას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადაცემის უფლება. საკუთრების ჩამორთმევის უფლება მას არა აქვს. საქართველოს კონსტიტუციით და სხვა მოქმედი ნორმატიული კანონებით, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. სახელმწიფოს, გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ექსპროპრიაციის წესით შეუძლია წაართვას მოქალაქეს საკუთრება, მაგრამ ამას აქვს თავისი კანონი და წესები“.

დიდმანიძის თქმით, „სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრი“ აპირებს დაეხმაროს დაზარალებულ მოსახლეობას უკანონო ოქმის გასაჩივრებასა და მათი უფლებების დაცვაში.

აჭარის საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე თამაზ ცინცაძე ეთანხმება იმ აზრს, რომ 2007 წელს მოსახლეობას მიწები 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადასცეს: „მოსახლეობისთვის მიწების ჩამორთმევა იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მოქალაქეებმა საკუთრების აღიარების კომისიას არასწორი და ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინეს და შეცდომაში შეიყვანეს. თუმცა, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მიწის ჩამორთმევის ეს ვერსიაც უნდა გამოირიცხოს. ან კიდევ იმ შემთხევაში უნდა ჩამოერთვათ მათ ეს მიწები, თუ გაუქმდება პრეზიდენტის ბრძანებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონის ან ნორმატიული აქტის გაუქმებამდე ყველა გადაწყვეტილება კანინიერია“.

ახალი ამბები