18:26, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ ენდობა სასამართლოს – მანიპულაცია კვლევებით

18.01.2011

დათო ყანჩაშვილი, მაია მეცხვარიშვილი, netgazeti.ge

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მოსახლეობის ნდობა სასამართლო ხელისუფლებისადმი 2010 წელს საგრძნობლად გაიზარდა და არგუმენტად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევები მოჰყავს. რა წერია სინამდვილეში ამ კვლევებში?

კოტე კუბლაშვილმა ჩატარებულ კვლევებზე  ვრცლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წელს სასამართლო სისტემის საქმიანობის შესახებ კვლევა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და  DPK Consulting–მა (საკონსულტაციო კომპანია, რომელიც USAID-ის სასამართლოს ადმინისტრირებისა და მართვის რეფორმის პროექტის ფარგლებში ეხმარება სასამართლოებს სასამართლო ადმინისტრირებისა და საქმის წარმოების გაუმჯობესებაში) განახორციელა.

„ამ კვლევების მონაცემები თითქმის იდენტურია. კვლევების შედეგებით, მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 77%-მა აღიარა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათ საქმეებზე იყო სამართლიანი და ობიექტური“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე. 

ნეტგაზეთი  აღნიშნულ კვლევების დეტალურად გასაცნობად დამკვეთ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რის შედეგადაც კუბლაშვილისგან გაცხადებული ინფორმაციისგან სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. როგორც გაირკვა, DPK-ის ცალკე კვლევა საქართველოს სასამართლოებში არ ჩაუტარებია: USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, DPK-ის დაკვეთით სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა ორგანიზაცია IPM-მა განახორციელა. სხვა, რაიმე ცალკე კვლევა USAID-ს არ ჩაუტარებია. სასამართლოს მიმართ  მოსახლეობის  ნდობის საკითხის გარკვევას შეეხებოდა UNDP–ის მიერ ჩატარებული კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულ ნდობას გამოკითხულთა 17% უცხადებს. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს კოტე კუბლაშვილი, რომ მოსახლეობის 60% დადებითად აფასებს სასამართლოს საქმიანობას.

რა მონაცემებს გვაწვდის USAID/DPK–ის კვლევა?

USAID/DPK–ის დაკვეთით განხორციელებული  კვლევის ფარგლებში ორგანიზაცია IPM-მმა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლები გამოკითხა. კვლევა საქართველოს 6 რეგიონში ჩატარდა და საერთო ჯამში, პირიპირ ინტერვიუს მეთოდით, 2000 ადამიანი გამოკითხეს: აქედან, 39.9% (797 ადამიანი) წარმოადგენდა სასამართლოს პროფესიონალ მომხმარებელთა სეგმენტს (პროკურორი, გამომძიებელი, ადვოკატი, ექსპერტი), 60.2 % (1203 ადამიანი) კი – არაპროფესიონალ მომხმარებელთა სეგმენტს.

კვლევის მიხედვით, სასამართლოს მომსახურებით კმაყოფილია გამოკითხულთა 71.2%, სასამართლო სამართლიანად მიაჩნია 62.8%–ს; გამოკითხულთა 77% თვლის, რომ სასამართლო პროცესში ჩართული პირები არიან კომპეტენტურები, 69.5%–ის აზრით, სასამართლო პროცედურები არის ოპერატიული, 60.4% თვლის, რომ სასამართლო არის მიუკერძოებელი და  63,2%–ის აზრით, სასამართლო არის სანდო.

რუსუდან ტაბატაძე, USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მთავრობის ოფისის კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი, ამბობს, რომ ეს კვლევა არ ზომავს მოსახლეობის დამოკიდებულებას და ნდობას სასამართლოს მიმართ: „ეს კვლევა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლების დამოკიდებულებით სასამართლოსადმი. აქ არის დიდი განსხვავება“.

რა მონაცემებს იძლევა UNDP–ის კვლევა?

სასამართლოს მიმართ მოსახლეობის  ნდობის საკითხის გარკვევას შეეხებოდა UNDP–ის მიერ ჩატარებული კვლევა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში კვლევა „სოციალური კვლევების ინსტიტუტის“ (ISR) მიერ ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 2800 რესპონდენტი გამოკითხეს   თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში.

კვლევის მიხედვით, ქართულ სასამართლოს სრულ ნდობას გამოკითხულთა 17% უცხადებს, 49.1% მხოლოდ ნაწილობრივ ენდობა, 17% უფრო არ ენდობა, 16.8% საერთოდ არ ენდობა ქართულ სასამართლოს.

ამავე კვლევით, გამოკითხულთა მხოლოდ 5.9%–ს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელია.  20.9% თვლის, რომ სასამართლო სისტემა, ძირითადად, დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან, მაგრამ – არა მთლიანად;  42.8%–ს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ნაწილობრივ აკონტროლებს სასამართლო სისტემას, მაგრამ მთლიანად – ვერა, ხოლო 30.4% ამბობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

გამოკითხული მოსახლეობის   27% თვლის, რომ ფულის აღება სასამართლოებში თითქმის არ ხდება.

რა მონაცემებს ეყრდნობა კოტე კუბლაშვილი?

ერთადერთი კვლევა, რომლის მონაცემებიც ემთხვევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დასახელებულ ციფრებს, თავად უზენაესი სასამართლოს მიერაა ჩატარებული. კვლევის ფარგლებში   სასამართლოს 3917 მომხმარებელი (ადვოკატი, მოსარჩელე, მოპასუხე, ბრალდებული, პროკურორი, მოწმე, აუდიტორიის წევრი და სხვა) გამოკითხეს.

აღნიშნული კვლევა უზენაესი სასამართლოს პრეს–სამსახურის უფროსმა, ნანა ვასაძემ მოგვაწოდა: „კვლევა ჩატარდა 2010 წლის მაისის თვეში. იგი ჩატარდა უზენაესი სასამართლოსა და USAID–ის მიერ“, – გვითხრა მან. მისივე თქმით, „გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებდა, რომ ისინი ენდობიან სასამართლოს. აქედან 53 % სრულად ენდობოდა, ხოლო 24 % ნაწილობრივ ენდობა სასამართლოს“.

„ეს იყო პრაქტიკანტების დონეზე ჩატარებული კვლევა“, – ამბობს ნათია კუკულაძე, USAID-კავკასიის სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტის კოორდინატორი.

კუკულაძის თქმით, აღნიშნული კვლევა უზენაესმა სასამართლომ თვითონ ჩაატარა, USAID კი  მხოლოდ კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარა მათ.

„ჩვენ დავეხმარეთ კითხვარის მომზადებაში, ეს იყო კონსულტაციის დონეზე, ეს იყო უფრო შიდა მოხმარებისთვის ჩატარებული კვლევა და არა სამეცნიერო. ამ კვლევას ვერ გავზომავთ. კვლევის გაზომვა შესაძლებელია, როცა პროფესიონალები მუშაობენ მასზე. ეს კი იყო რამდენიმე მარტივი კითხვისგან შემდგარი კვლევა, რომელსაც სასამართლოში შესულ მომხმარებლებს უსვამდნენ პრაქტიკანტები და შემდეგ მარტივად, მათემატიკურად, არითმეტიკის დონეზე დაითვალეს შედეგები“, – ამბობს ნათია კუკულაძე.

„პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩებიან“

ასეთ დასკვნას აკეთებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისმა (სამდივნომ) „გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010“–ის ფარგლებში 500 ადამიანის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა თბილისში კომპანია „გორბიმ“ ჩაატარა - 2010 წლის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის გასაზომად,  გამოკითხულებს უნდა შეეფასებინათ სასამართლო სისტემა 1–დან 5–მდე ქულით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ გამოკითხულთა 15.6 პროცენტმა ქართული სასამართლო შეაფასა 1-ით, რაც ნიშნავს – „სასამართლო საერთოდ არ არის კორუმპირებული“; 15.6 პროცენტმა – 2–ით,  20.8 პროცენტმა – 3–ით; 9.6 პროცენტმა – 4–ით და 5 ქულა (რაც ნიშნავს, რომ სასამართლო ექსტრემალურად კორუმპირებულია)  მიანიჭა 13,6  პროცენტმა.

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი: „თუ 2010 წლის გამოკითხვის შედეგებს 2004 წლიდან მოყოლებულ შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მოქალაქეთა ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორიცაა პოლიცია, ჯარი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, მედია, ეკლესია, არასამთავრობო და კერძო სექტორი, გაიზარდა. თუმცა, პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩებიან“ ( http://www.transparency.ge/post/global-corruption-barometer-gcb/%E2%80%9Eglobaluri-koruptsiis-barometri-2010 ).

ილუსტრაციის წყარო: http://www.toonpool.com/user/317/files/law_court_25895.jpg
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნანა სეფაშვილი
2011-02-15 01:00
სად გვაქვს სასამართლო, მოსამართლემ დაგირავებული ბინიდან გამომაგდო ქუჩაში ისე რომ არც განმიმარტა,4სულიანი ოჯახი,სადაც უსინათლო ინვალიდი და გულის მანკიანი ადამიანი ცხოვრობს,ქირას ვეღარ ვიხდი,ვერც სამუშაოს ვშოულობ,ჩემთვის კარგი მოსამართლე არ რსებობს.თუ ვინმეს დააინტერესებს ყველა მტკიცებულებას წარმოვუდგენ.მაგრამ ვის აინტერესებს, ვინ დასჯის,ყველა ერთი გუნდია.ტელ.855955428
სახელი: გელა
2011-02-08 16:16
სტატისტიკა იმის მხარესაა ვინც გამოკითხვას ატარებს. შემსრულებელი ასრულებს დამკვეთის შეკვეთას
სახელი: გელა
2011-02-08 16:14
სტატისტიკა იმის მხარესაა ვინც გამოკითხვას ატარებს
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC