კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

200-დან 2000 ლარამდე დანამატი „კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან“

18 იანვარი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მაცხოვრებლები „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. როგორც მაღაროელებმა აღნიშნეს, ისინი ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან, მაგრამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ აბონენტებს დამატებით 200-დან 2000-მდე ლარი დააკისრა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დამატებითი თანხა 930 ლარის ოდენობით 66 წლის სულთან უსუფაშვილსაც დააწერა. სულთან უსუფაშვილი უსინათლოა და ელექტროენერგიას არ იყენებს. სულთან უსუფაშვილის დედა ანიკო უსუფაშვილი რამდენიმე თვეა გარდაიცვალა, მაგრამ დამატებით დაკისრებული თანხის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

„ვერაფერს ვერ ვხედავ და ნათურასაც არ ვანთებ ღამით, არ მჭირდება. არც ტელევიზორი მაქვს, რომ მოვუსმინო მაინც. ზოგჯერ მეზობელი ან ნათესავი თუ მოვა და ცოტა ხნით აანთებენ შუქს, ეგ არის. ელექტროენერგიის დავალიანება კი 930 ლარი მომივიდა. საიდან უნდა დამეწვა ამდენი ელექტროენერგია? რა თქმა უნდა მაგ თანხას ვერ გადავიხდი“, - ამბობს სულთან უსუფაშვილი.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ პრესასთან ურთიერთობის მენეჯერის ჟანა დიდებაშვილის თქმით, აღნიშნული დავალიანება უსუფაშვილს 2 წლის განმავლობაში დაუგროვდა.

„იმ აბონენტმა, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს, უსინათლო იქნება თუ მხედველობის მქონე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს. კომპანია ასეთი ადამიანებისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას არ ითვალისწინებს. 930 ლარი არ არის 1 თვის დავალიანება, ეს არის 2009 წლიდან დღემდე. 2 წელია ამ ადამიანს არ გადაუხდია საუბნო და საბალანსო მრიცველებს შორის სხვაობის თანხა, ანუ განაწილების ნაშთი. საბალანსო მრიცხველზე მიერთებული აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ხდება თანხის ყველა აბონენტზე თანასწორად გადანაწილება. ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ამ ადამიანს დავეხმაროთ ის არის, რომ შეუძლია დავალიანება ეტაპობრივად დაფაროს“, - განაცხადა ჟანა დიდებაშვილმა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დარღვევებში ადანაშაულებს მაღაროს მკვიდრი თენგიზ ქადაგიშვილიც. „მითხრეს, საუბნო მრიცხველის ჩვენებით რომ აღარ გადაიხადო თანხა, ახალი, ინდივიდუალური მრიცხველი დააყენეო. დავაყენე ახალი მრიცხველი და თვის ბოლოს დავალიანება გაორმაგდა, 1000 ლარი თუ მეწერა, 2000 ლარი დამაწერეს“, - აღნიშნა თენგიზ ქადაგიშვილმა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია აბონენტებს ელექტროენერგიის შეწყვეტით ემუქრება.

„აბონენტებს დავალიანება სამართლიანად აქვთ დაკისრებული. „ჩვენ მათ ვთავაზობთ ვალის რესტრუქტურიზაციას, შერჩეული გრაფიკის მიხედვით“, - განაცხადა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ პრესასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიასთან პრობლემები აქვთ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მაცხოვრებლებსაც. ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს კომპანიის მიერ დაკისრებული გადასახადი მკვეთრად მეტია იმაზე, ვიდრე სოფელი ელექტროენერგიას მოიხმარს.

საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თითოეულ აბონენტს დანამატის სახით თვეში 70 ლარამდე თანხის გადახდა უწევს. გავაზის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საკითხის გასარკვევად ენერგოდისტრიბუციის კომპანიის ყვარლის სერვის - ცენტრს არერათხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდა.

„ძალმომრეობით მუშაობენ. თუ დაკისრებულ თანხებს არ გადავიხდით, შუქს არ გვაძლევენ და ჩვენც იძულებულები ვართ თანხა გადავიხადოთ“, - ამბობს გავაზის მკვიდრი ინგა ვარადაშვილი.

გავაზის მოსახლეობამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან არაერთხელ მოითხოვა სპეციალური ჯგუფის შექმნა და ინსპექტირება, რათა დადგენილიყო, საიდან ხდება გარღვევა, მაგრამ კომპანიამ აბონენტების ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი ჟანა დიდებაშვილი აცხადებს, რომ გავაზის მაცხოვრებლების ბრალდებები მათ მიმართ უსაფუძვლოა.

აბონენტები მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მისგან რეაგირებას ითხოვენ.

ახალი ამბები