19:11, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეწყდეს დევნილთა დარბევა! - ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

20.01.2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს 20 და 21 იანვარს ბაგებში, სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლიდან, ორხევში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, ყიფშიძის #34-დან, ვაჟა-ფშაველას მე-3 მიკრორაიონში, აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან და სხვა საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილთა ძალადობრივ გამოსახლებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოუწოდა ხელისუფლებას შეეწყვიტა დევნილთა არაკანონიერი, დამამცირებელი და სასტიკი ფორმებით მასობრივი გამოსახლების პროცესი კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან (იხილეთ: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12752&lang=geo ).

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებული ადევნებს თვალს თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოსახლებების პირველი ტალღა ხელისუფლებამ ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს დაამთხვია, მეორე კი ამჯერად - საახალწლო პერიოდს, რა დროსაც თბილისში სამოქალაქო აქტიურობა შემცირებულია.

დევნილთა უკანონო გამოსახლებისა და რეგიონებში გადასახლების პროცესი იმთავითვე მკაცრად შეაფასეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა და საქართველოს სახალხო დამცველმა.   საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევით მასობრივი გამოსახლებები სპეციალური პროცედურების შემუშავებამდე დროებით შეჩერდა.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) აქტიური მონაწილეობით შემუშავდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გამოსახლების/სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“. ეს დოკუმენტი დევნილთა და განსახლების სამინისტროში არსებულმა დევნილთა მართვის კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭომ 2010 წლის სექტემბერში დაამტკიცა, რაც  დადებით ნაბიჯად შეფასდა.

თუმცა, როგორც 20 იანვარს გაირკვა, ფურცელზე გაწერილი პროცედურები შორსაა პრაქტიკიდან, რომელიც ისევ ძალადობრივი და მიუღებელია. საცხოვრებლის დაცლის მოთხოვნა და მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ გაფრთხილება დევნილებს ისევ წინა დღით მიუვიდათ. არავინ დაინტერესდა მათი საპასუხო რეაქციით და პოზიციით.

დევნილთა გამოსახლებისას პოლიციამ გადაკეთა ბაგების სტუდქალაქის პერიმეტრი. დევნილების ნათესავები მათ თხოვდნენ, შეეშვათ ყოფილ საერთო საცხოვრებელში, საიდანაც ამ დროს დევნილების იძულებით გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიცია პერიმეტრს იქით ასევე არ უშვებდა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს და პოლიტიკოსებს, რომლებსაც მიმდინარე პროცესზე მონიტორინგის განხორციელება სურდათ.  პოლიციის უარის შემდეგ დევნილების ნათესავებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. ამ დროს პოლიციამ დააკავა 10 პირი, რომელთა ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. მოგვიანებით 5 დაკავებული გაათავისუფლეს. დანარჩენი ხუთი კი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მანუჩარ სიგუას და „თავისუფალი საქართველოს“ წევრ გია ყრუაშვილს, ხოლო დევნილებს - ირინა ფირცხელიანს, ბელა ხერგიანსა და ჯულიეტა ცინდელიანს  - 400-400 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.

ირინა ფირცხელიანს, გია ყრუაშვილსა და მანუჩარ სიგუას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი) გარდა, წვრილმან ხულიგნობაშიც ედებათ ბრალი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი).

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, გაათავისუფლონ დაკავებული დევნილები და აქტივისტები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ მხოლოდ გამოხატავდნენ. მათი დაპატიმრება წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ შელახვას.
 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მობილიზებულნი არიან და იცავენ დევნილთა შელახულ უფლებებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კიდევ ერთხელ მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შეაჩეროს დევნილების გამოსახლება და დაიწყოს მათთან დიალოგი ადეკვატური შეთავაზების მოფიქრების მიზნით; ყველაფერი იღონოს, რათა თავიდან იქნას აცილებული საახალწლოდ ასობით დევნილის ღია ცის ქვეშ დატოვება; ცენტრი  ასევე მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური ადევნოს დადგენილი პროცედურების პრაქტიკაში მართებულად გატარებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC