კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დემარში, რომელსაც არაფერი მოაქვს

21 იანვარი, 2011
სალომე აჩბა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ, რომელზეც ქართულ-რუსული დოსიე მოისმინეს, საქართველოს დელეგაციის გარეშე ჩაიარა. სხდომაზე ძირითადად ომის შედეგებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრეს. რატომ თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ ამ სხდომაში მონაწილეობაზე და რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი? ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართული მხარის პოზიცია არგუმენტირებულია, მაგრამ მსგავსი დემარში შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დახურული სხდომა 17 იანვარს პარიზში გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, სხდომას ესწრებოდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა რუსი პარლამენატრები. მოსმენაში
ასევე მონაწილეობდნენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელი, ჰეიდი ტალიავინი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი.

ტალიავინი და ჰამარბერგი საქართველოს ხელისუფლებაში დიდი სიმპათიით და პოპულარობით არ სარგებლობენ. შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა. კომისიის დასკვნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დაბომბვა ომის ესკალაციის დაწყებად არის მიჩნეული. თომას ჰამარბერგი კი ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობს და დამოუკიდებლობით, პრინციპულობითა და სიმკაცრით გამოირჩევა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და შსს-ს მაღალჩინოსნები მას ხშირად უმოქმედობასა და რუსეთის სასარგებლოდ ტენდენციურობაში ადანაშაულებენ. ამდენად, გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ პერსონების გამო არ სურდათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლეონიდ სლუცკის თქმით, ქართული დელეგაციის არყოფნის გამო, „სხდომა ზედმეტი ემოციებისა და აგრესიის გარეშე ჩატარდა“. რუსულმა მხარემ მომდევნო მოსმენაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ჩართვაც მოითხოვა. „ისინი ევროპის ისეთივე მცხოვრებნი არიან, როგორც ჩვენ და მათი პოზიცია აუცილებლად უნდა მოისმინონ სტრასბურგში“, - განაცხადა სლუცკიმ.

17 იანვრის  სხდომა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმაც შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო მოსმენა პოზიტიური იყო, თუმცა რაიმე პროგრესსზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მან სინანული გამოთქვა, რომ მოსმენაში ქართული დელეგაცია არ მონაწილეობდა.

„ამიერიდან წარსულზე კი არ უნდა ვიკამათოთ, არამედ უნდა ვიმსჯელოთ მომავალზე“, - ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. მან საუბრისას აქცენტი რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარულ ასპექტებზე გააკეთა: „უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოვრების პირობებს, ადამიანის უფლებებს და ამ კონფლიქტების შედეგად უშუალოდ დაზარალებული ადამიანების პერსპექტივებს. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი და შეთანხმებული, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს – და უნდა გვქონდეს – კონკრეტული მიღწევები ომის შედეგების ჰუმანიტარულ ასპექტებთან დაკავშირებით, გადაუდებლად“.

„ჰუმანიტარული საკითხები, პოლიტიკურის გარეშე არ წყდება. ეს ილუზიაა“, - ასე პასუხობს ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს გადაწწყვეტილებას  ჰუმანიტრაული საკითხების წინა პლანზე წამოწევის თაობაზე. ქართულმა მხარემ მოსმენაში მონაწილეობაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ევროსაბჭოს მხრიდან სწორედ მხოლოდ ჰუანიტარულ ასპექტებზე ფოკუსირება და პოლიტიკური საკითხების იგნორირება დაასახელა.

„ამ ყველაფერმა ორგანიზების პროცესში მიიღო ისეთი სახე, თითქოს მარტო ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა, როცა ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი. იმისათვის, რომ მკაფიოდ გვეთქვა - ჩვენ ამოვდივართ აქამდე მიღებული რეზოლუციებიდან და ადამიანების შეცდომაში შემყვან თამაშებზე უარს ვამბობთ! ამ პოზიციის გამოსახატავად ვთქვით უარი ამ კონკრეტულ კონსულტაციებში მონაწილეობაზე“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ საქართველოს სპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დავით დარჩიაშვილმა.

ქართულ-რუსული დოსიეს მოსმენაში მონაწილეობაზე უარის თქმას, ქართული მხარე იმითაც ხსნის, რომ ასამბლეა, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა.  კვლავ შეუსრულებელი რჩება მის მიერ მიღებული სამი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ავალდებულებდა საქართველოდან ჯარების გაყვანას, აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების უარყოფასა და სხვა მნიშვნეკლოვან საკითხებს.

„ასამბლეა თავის რეზოლუციებში მკაცრად მოუწოდებს რუსეთს ვალდებულებების შესრულებას. თუმცა, რუსეთს მისი შესრულება დაწყებულიც კი არა აქვს. ქართული მხარისთვის პრიორიტეტულია ამ რეზოლუციით აღებული ვალდებულებების შესრულება. ამიტომ ჩვენმა დელეგაციამ მოსმენაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.

„ასამბლეამ რეალურად ამოწურა რესურსი. გააკეთა ის, რაც მას შეეძლო და უნდა გაეკეთებინა. ახლა უკვე სხვა ორგანიზაციებსა და სხვა ფორმატებზეა დამოკიდებული, როგორ მოხერხდება ასამბლეის რეზოლუციების შესრულება. შესაბამისად, ჩვენმა დელეგაციამ არ ჩათვალა საჭიროდ მონაწილეობა მოსმენაში, სადაც არაფერი რეალური არ შეიძლება მოხდეს. ვერავითარ დამატებით ღირებულებას ვერ ვხედავთ ასეთი მოსმენების ორგანიზებაში“, – აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ევროსაბჭოს მონიტორინგის ყოფილი წარმომადგენელი, ბრიტანელი დეპუტატი დევიდ უილშერი შარშან მოსკოვში  ვიზიტისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. საელჩოში კოკოითის პირად წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს შეხვდა. ამას საქართველოს ხელისუფლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდა – დეკემბერში ასევე მოსკოვში ვიზიტისას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტოპრინგის კომიტეტის თვმმჯდომარე დიკ მარტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სხვათა შორის, სწორედ დიკ მარტი იყო ერთ-ერთი ინიციატორი 17 იანვრის შეხვედრისა და სწორედ ამ შეხვედრის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ეწვია ის დეკემბერში თბილისსა და მოსკოვს. დიკ მარტის თბილისში ყოფნისას ქართულ მხარეს მინიშნებითაც არ უთქვამს, რომ პარიზის შეხვედრაზე მონაწილეობა არ სურდა. უკავშირდება თუ არა ქართული მხარის უარი დიკ მარტის შეხვედრებს მოსკოვში დე ფაქტო ხელისუფლებასთან? ფაქტია, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლის მოსკოვურ ვოიაჟს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ, ქართული დელეგაციის უარი დემარშს ჰგავს: „იმის ფონზე, რომ ევროსაბჭომ სამი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს კი მის შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, ქართული მხარის დემარში გასაგებია. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს დელეგაციას ერთი და იგივე წრეზე უშედეგო სიარული მოსწყინდა. თუმცა, ისიც მეეჭვება, რომ ქართული მხარის პროტესტი რაიმე შედეგის მომტანი იყოს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს სამივე რეზოლუცია საქართველოს მხარისთვის დადებითი და კონსტრუქციული იყო, რუსეთის მხარეს კი ავალდებულებდა რუსული ჯარების საქრთველოდან გაყვანას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. თუმცა, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილებები, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო შესასრულებებლი. რუსეთს რაკი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მოთხოვნების შესასრულებლად,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეზოლუციები უმოქმედო მექანიზმია და თავის მიზანს ვერ აღწევს ისეთ რთულ სიტუაციებში, როგორცაა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვა.

მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ არამც და არამც არ შეიძლება ტრიბუნა დავუთმოთ ერთ მხარეს და ჩვენ გამოვეთიშოთ იმ მოსმენას, სადაც განიხილება რუსეთ-საქართველოს საკითხი. არა მგონია, ასეთმა ქმედებებმა  ქართულ მხარეს რაიმე დადებითი შედეგი მოუტანოს. ვფიქრობ, ჩვენ,  როგორც დაზარალებულმა მხარემ, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა არანაირი ბერკეტი, რომ მეორე მხარეს ვაიძულოთ ვალდებულებების შესრულება. ერთადერთი გზა დიპლომატიური აქტიურობაა - ყველა ტრიბუნის მაქსიმალურად გამოყენება და ჩვენი პოზიციის  მკვეთრად დაფიქსირება. თუკი ჩვენ დავუპირისპირდით ევროპის თანამეგობრობას, გვაქვს რეალური პერსპექტივა, რომ თანდათან აღმოვჩნდეთ სრულ იზოლაციაში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დოსიეს მოსმენაში მონაწილეობაზე უარის თქმა, დიპლომატიურ პასიურობას არ ნიშნავს. პარიზის მოსმენაში მონაწილეობაზე უარის მიზეზებზე ქართული დელეგაცია დეტალურად ისაუბრებს 24  იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტოო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

ახალი ამბები