კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება დევნილების გადასახლებას აგრძელებს

24 იანვარი, 2011

სოფო გეწაძე

დევნილების მასობრივმა გამოძევებამ საცხოვრებელი ადგილებიდან ბევრს გაუჩინა შეგრძნება, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ასრულებს მიზანს  - თბილისი დევნილების გარეშე! 20-21 იანვარს დევნილები თსუ-ს სტუდქალაქიდან, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, ყაზბეგის #25-დან, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტლიდან და ყიფშიძის #34-დან ძალის გამოყენებით გამოასახლეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 20 იანვარს დაკავებული საცხოვრებელი ფართიდან  დაახლოებით 191 ადამიანი (65 ოჯახი) გამოიყვანეს.  21 იანვარს კი გამოსახლებული ოჯახების რაოდენობა ასს აჭარბებდა. გამოსახლებისას პოლიციელებმა დევნილ ქალბატონებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დააპატიმრეს ოთხი მათგანი: ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი, ბელა ხერგიანი და ნაზი იოსელიანი.

დევნილების ნაწილმა გამოსახლების შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში მიიღო. მათ 10 დღის ვადაში საცხოვრებელი ფართის დატოვება ევალებოდათ. დევნილებმა ბრძანება პარლამენტის წინ აქციით გააპროტესტეს. შედეგად მთავრობამ გამოსახლების თარიღი 2011 წლის 15 იანვრამდე გადაწია.

დევნილთა იძულებით გამოსახლებების ტალღა 19 იანვარს საღამოს 19:00 საათის შემდეგ განახლდა, როცა დევნილებმა კვლავ მიიღეს საცხოვრებელი ფართის დატოვების შესახებ ბრძანება. ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებად მათ, ტრადიციულად, კახეთისა და სამეგრელოს სოფლებში არსებული ბინები შესთავაზეს. დევნილთა უმეტესობას საცხოვრებელი გარემოს გამოცვლა უჭირს. ხელისუფლებამ კი, ძალის გამოყენების გარდა, მათთან ურთიერთობის ცივილიზებული ფორმა ვერ მოძებნა.
 
20 იანვარს დილს 7 საათზე ორხევში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში შესახლებულ დევნილებს პოლიციელები შეუცვივდნენ და ფართის დატოვება მოსთხოვეს. ცოტა ხანში იგივე განმეორდა ბაგებში, თსუ-ს სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში. ამ შენობების მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ ჯებირით შემოსაზღვრა. იქვე იდგნენ ყვითელი ავტობუსები და საბარგო ავტომანქანები. 

პოლიციამ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოსახლების პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს. ტერიტორიაზე არ შეუშვეს ევროკავშირის წარმომადგენლებიც, რომლებიც გამოსახლებას პოლიციის მიერ შემოზღუდული პერიმეტრის გარედან უყირებდნენ. „სტუდქალაქში შესვლის უფლება პოლიციამ არ მოგვცა. ჩვენ აქ სტუმრები ვართ და ვემორჩილებით მათ ნებას“, – განაცხადეს უცხოელმა დამკვირვებლებმა ჩვენთან პირად საუბარში.

იმ იმედით რომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა შედეგიანი აღმოჩნდებოდა, დევნილები ფართებს არ ტოვებდნენ. პოლიციაც არ თმობდა. შენობიდან პერიოდულად ქალების კივილის ხმები გამოდიოდა. ამასთან, ყოველ ოც წუთში ეზოდან დევნილების ნივთებით დატვირთული საბარგო მანქანები გადიოდა, მათ ადგილს კი ცარიელი საბარგო მანქანები იკავებდა.

მოგვიანებით სამართალდამცავები და დევნილების ნათესავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რადგან პოლიცია მათ საცხოვრებელში არ უშვებდა. ის მოქალაქეები, რომლებიც პოლიციას არ დაემორჩილნენ, ადგილზე დააკავეს. ისინი ჯერ პოლიციის საბურთალოს განყოფილებაში, შემდეგ კი სასამართლოში გადაიყვანეს. აქ  სამი მათგანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 400 ლარით დააჯარიმეს. დევნილების ინფორმაციით, კიდევ ერთმა დაკავებულმა, ნაზი იოსელიანმა პოლიციის მანქანაში გონება დაკარგა, რის გამოც იგი მანქანიდან ქუჩაში ჩამოსვეს და უპატრონოდ დატოვეს. დევნილების თქმით, იოსელიანი ტაქსის მძღოლმა მოასულიერა.

„მახსოვს, რომ დამაკავეს, პოლიციელებმა შავ მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს. მათთან დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი. ამის შემდეგ გონზე რომ მოვედი, უკვე წყალს მასმევდნენ. ახლაც არ ვიცი, სად გადაასახლეს ჩემი ნათესავები. მათ ვერ ვუკავშირდები. ისინი იმდენად დიდ შოკში არიან, ალბათ, ვერც მოახერხებენ ჩემთან საუბარს“, – აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ნაზი იოსელიანმა, რომელიც ბაგების სტუდქალაქში ტაქსით მალევე დაბრუნდა.

გამოსახლების პარალელურად ნაზი იოსელიანმა და  დევნილების სხვა ნათესავებმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: დევნილებისთვის კომპენსაციების გადაცემა, მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება და უკვე გამოსახლებული დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაბრუნება.

ოპოზიცია დევნილების დევნას უარყოფითა აფასებს. „სამეგრელოსა და კახეთის სოფლებში დევნილების ცხოვრება შეუძლებელია. მათ იქ მხოლოდ 4 კედელს სთავაზობენ. მათ იქ არ ექნებათ არც სამუშაო და არც დასამუშავებელი მიწა სოფლებში. ეს ისეთი ადგილებია, სადაც დევნილებს ყოველდღიურად, საარსებოდ, 100 ლარი მაინც დასჭირდებათ. ამის საშუალება კი მათ არა აქვთ“, - განუცხადა „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“. მისი თქმით, მთავრობა დევნილებს რამდენიმე ათეულ ბინას სთავაზობს. გამოსახლებული დევნილების რაოდენობა  კი ხუთას ადამიანს აჭარბებს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დევნილთა იძულებით გასახლებას ვანდალიზმი უწოდა: „პოლიცია ისე მოქმედებს დევნილების წინააღმდეგ, როგორც თავის დროზე - რუსეთის საოკუპაციო ჯარი. მთავრობა ადრე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს. მას კომპენსაციის გადაცემამდე დევნილების გამოსახლების უფლება არ ჰქონდა“.

„დევნილები გამოსახლებლამდე 10 საათით ადრე გააფრთხილეს. ეს კი კანონის დარღვევა. პოლიციას არ ჰქონდა ასე მალე მათი გამოსახლების უფლება. ხალხამა ბარგის ჩალაგებაც ვერ მოასწრო“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ხალხის პარტიის“ წევრი, ალეკო შალამბერიძემ კი ყურადღებას დევნილთა გამოსახლების მეთოდებზე ამახვილებს: „დევნილები, უბრალოდ, ჩაყარეს მანქანებში და მიჰყავთ... სად - ეს მათაც არ იციან. თითო ოთახში ორ-ორი პოლიციელი მაინც შედიოდა და დევნილებს ფართის დაცლას აიძულებდა“.

პარლამენტის წინ შეკრებილმა დევნილებმა სპეციალური განაცხადის ფორმა შეავსეს და დაიშალნენ. აქცია შედეგის გარეშე დასრულდა. მთავრობამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

21 იანვარს თბილისში დევნილების გამოსახლება დილის 7 საათიდან დაიწყო. ისინი გამოასახლეს ყაზბეგის 25-დან, ვაჟა-ფშაველას მესამე მიკრორაიონიში არსებული ჩასახლებიდან და ყიფშიძის 34-დან. სცენარი იგივე - 10 საათით ადრე გაფრთხილება, დილის 7 საათზე კი პოლიციის მისვლა, საბარგო მანქანებით ნივთების გაზიდვა... დევნილები პოლიციას უკვე წინააღმდეგობასაც აღარ უწევდნენ.

ყაზბეგის 25-ში ჩასახლებული დევნილების გამოსახლება სხვა გამოსახლებებისგან განსხვავდებოდა. ამ შემთხვევაში დევნილებს მხოლოდ საბარგო მანქანები „ემსახურებოდათ“ - მათი ნივთები ორთაჭალის საწყობში გადაჰქონდა. ზოგიერთი დევნილის თხოვნით, კი მათ ბარგს გზად, იმ ადგილას ტოვებდნენ, სადაც გამოსახლებულები ნათესავებთან აპირებდნენ დარჩენას.

ამ შემთხვევაში მათ ალტერნატიული ფართებიც არ შესთავაზეს. სამხრეთ ოსეთიდან დევნილმა, მარინა მაღალდაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა: „სოფელ კეხვში სამ ოჯახად ვცხოვრობით ერთ ეზოში, მაგრამ გვქონდა სამი ოჯახისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფართი. აქ რომ ჩამოვედით, მხოლოდ 1 ოჯახს მისცეს საცხვრებელი. მიზეზი რომ ვიკითხეთ - რა კრიტერიუმებით გასცემდნენ კომპენსაციას ანდა ბინით უზრუნველყოფა როგორ ხდებოდა, პასუხი ვერ მივიღეთ“.

დევნილი ქალბატონი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად წეროვანში, დევნილი დედისა და ძმის საერთო სახლში აპირებდა წასვლას.

ყაზბეგის 25-დან 70 ოჯახზე მეტი გამოასახლეს. ადგილზე მხოლოდ ის 21 დევნილი ოჯახი დარჩა, რომელთაც ფართის დაკანონება აფხაზეთის ომის შემდეგ მოეხერხებინათ.

29 ოჯახი გამოასახლეს ყიფშიძის #34-დან. ყაზბეგის ქუჩაძე მცხოვრები დევნილებისგან განსხვავებით მათ ალტერნატიული ფართები შესთავაზეს. თუმცა, დევნილებმა ამ ფართებზე უარი თქვეს. როგორც კოდორიდან დევნილმა ქალბატონმა გვითხრა, ყველა გამოსახლებული საცხოვრებლად ნათესავთან გადადის: „ფოცხოში, ბაკურციხეში და სხვა სოფლებში წასვლას არც ერთი ჩვენგანი არ დათანხმდება“.

21 იანვარს დევნილები და ოპოზიციონერები პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ცოტა ხანში კვლავ უშედეგოდ დაიშალნენ. დევნილების გამოსახლება ისევ გრძელდება. 

ახალი ამბები