18:23, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიხეილ სააკაშვილი: „პროკურატურამ გამოძიებით დაადასტურა, რომ ტყიბულის მაღაროში აფეთქებები ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო“

24.01.2011

ალექსი ბეჟანიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ვიზიტისას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფაქტს საერთაშორისო კომისია გამოიძიებს. პრეზიდენტი ყველა იმ ჩინოვნიკის დასჯას მოითხოვს, რომელიც მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ზომებზე არის პასუხისმგებელი.

„გუშინ მაღაროში აფეთქება მოხდა, რომლის გამოც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე  დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული მძიმედაა. ამის შესახებ გუშინ ღამით, დაახლოებით 3 საათზე  შემატყობინეს, როგორც კი აფეთქება მოხდა. პირველი დასკვნა  გააკეთეს და, როგორც ყოველთვის, მოვისმინე, რომ ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალი იყო, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. გამახსენდა, რომ წინა აფეთქების შემთხვევაშიც ზუსტად ასეთივე დასკვნა გაკეთდა -  ყველაფერი მაღაროელებს დააბრალეს. მაშინ პროკურატურამ გამოიძია საქმე და იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, დასტურდება, რომ წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელი ემსხვერპლა, იყო არა მათი დაუდევრობის, არამედ მაღაროს ხელმძღვანელობის უშუალო დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. მაღაროს ხელმძღვანელობამ ვენტილაციის სისტემა გამორთო და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე დაზოგა ფული. შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ამაზე დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, დასკვნა „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით დაწერეს, სწორედ ისე, როგორც მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს უნოდათ“, - მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ნანობს მაღაროში წინა აფეთქების (2010 წ. 27 აგვისტო) სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე რომ არ მივიდა: „ძალიან ვნანობ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე არ მივიდა, რათა კონკრეტულ ადამიანებს აქამდე ეგოთ პასუხი; კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და შემდეგ, თუკი სასამართლო დაადგენდა - საპატიმროში. ეს რომ ასე მომხდარიყო, შეიძლება, გუშინდელი აფეთქება თავიდან აგვეცილებინა. ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, პირდაპირ მონაწილეობენ მკვლელობაში, ხოლო ისინი, ვინც ამას ხელს აფარებს მკვლელობის თანამონაწილეები არიან. ძალიან კარგია, რომ ტყიბული ამუშავდა და ამით რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს შემოსავალს, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი სამსახურიდან დათხოვნისა და შემოსავლის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იმაღლებს, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ მათ ეს ყველაფერი შევარჩინოთ.  მკვლელობაში მონაწილეებმა და თანამონაწილეებმა სრული პასუხი უნდა აგონ. ამ შემთხვევაში, სრულ უნდობლობას ვუცხადებ იმ სამსახურებს, რომლებმაც პირველ შემთხვევაში გამოიტანეს და გამოაქვეყნეს დასკვნები. ახლა სხვა ხალხს უნდა გამოვაძიებინოთ ეს შემთხვევა და არა მათ, ვინც თბილისში ზის, უბრალოდ, ფულს იღებს ტყიბულის  მაღაროს მფლობელებისგან და პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე ჩაწერონ დასკვნაში. ეს საქმე უნდა გამოვაძიებინოთ სერიოზულ ხალხს, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს,  ყველას მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი და დამნაშავეები დავსაჯოთ“.

საინტერესოა, რომ 2010 წლის აგვისტოში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ აფეთქებას პრეზიდენტი ასე ეხმაურებოდა: „მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“. ისიც საინტერესოა, თუკი პროკურატურამ პრეზიდენტს მორიგ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე მიაწოდა წინა აფეთქებების ობიექტური დასკვნა, რატომ არ დასაჯეს დამნაშავეები აქამდე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქება მოსალოდენელი იყო. ამ საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაღაროს მესაკუთრე კომპანიის ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ. ამის შესახებ პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პეტრიაშვილის განცხადებით, მაღაროელების ხუთკაციანი ჯგუფი მაღაროში ხელმძღვანელების ზეწოლით ჩავიდა. მაღაროელებმა იცოდნენ, რომ მინდელის მაღაროს მესამე უბანზე მეთანის რაოდენობა 6%-ს აღწევდა; ასეთ შემთხვევაში კი ადგილზე არათუ ქანების აფეთქება, არამედ გაჩერებაც დაუშვებელია.

„რამდენიმე დღით ადრე ხელმძღვანელებმა კიდევ ორ ბრიგადას მოსთხოვეს აღნიშნულ უბანზე მუშაობა. მაღაროელების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოყვა. მესამე ბრიგადას კი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ; მათ წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს და სამუშაოდ ჩავიდნენ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მისივე განცხადებით, პროფკავშირები მუდმივად ითხოვს მაღაროზე დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის ზომების მიღებას. თუმცა, მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელი კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ამას არ ითვალისწინებს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მაღაროებში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და აფეთქებების მიზეზების გამოძიებაში ჩართვას ითხოვს. ასევე, პროფკავშირი ითხოვს, კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ შეწყვიტოს მომხდარი აფეთქებების მაღაროელებზე გადაბრალება.

დაბოლოს: პროფკავშირების მონაცემებით, უკანასკნელი  9 თვის განმავლობაში ტყიბულის მაღაროში 9 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკის შემდეგ, ტყიბულის მაღაროში ჩასვლას, ალბათ, მხოლოდ უკიდურესად თავზეხელაღებული მაღაროელები გარისკავენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC