19:18, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

28 იანვარს გაერო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას განიხილავს

27.01.2011

სალომე აჩბა

28 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას განიხილავს. განხილვა 2006-2010 წლებს შეეხება.  საქართველოს ხელისუფლება საბჭოს წარუდგენს თავის ანგარიშს, რის შემდეგაც მოისმენს რეკომენდაციებს და შენიშვნებს გაეროს წევრი ქვეყნების მხრიდან. საქართველოს ხელისუფლების გარდა, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში გაეროს ასევე წარუდგინა სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო სექტორმა.

„უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა“ - ასე ჰქვია მექანიზმს, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და რომლის მეშვეობითაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს მანდატი, პერიოდულად განიხილოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოში, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაცია. 2011 წლის 28 იანვარს საქართველოს ჯერიც დადგა და ამჯერად, გაერო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს.

გარდა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიშისა, უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაზე, გაერო დაინტერესებული მხარეების - არსამათავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციას ეყრდნობა. იგი რეკომენდაციებს სწორედ მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ანგარიშების საფუძველზე გასცემს.

გასულ წელს გაეროს ალტერნატიული კოალიციური ანგარიში ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, „კონსიტუტიციის 42-ე მუხლმა“ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა. ანგარიში „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადდა  და გაეროს გასული წლის ივლისში გადაეგზავნა. ანგარიში ძირითადად 2006-2010 წწ. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს.

კონსტიტუციური ცვლილებები, 2007 წლის 7 ნოემბერი, 2008 წლის ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები, „უსამართლო სასამართლო“, კანონდამცველთა მხრიდან ძალის გადაჭარბებულად გამოყენება და მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა, საპატიმროებში არსებული მძიმე პირობები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა - ეს  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარ იმ უფლებადარღვევათა არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში აისახა.

„კონსტიტუცია უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს. თუმცა, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრობლემა სერიოზულ წუხილს იწვევს, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, სადაც მმართველ პარტიას განსაზღვრული პოლიტიკური ინტერესი აქვს. სასამართლო ხელისუფლება მბრალდებლის გადაწყვეტილებათა ბეჭდის დასმის როლს ასრულებს“, - აღნიშნულია  არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდა კანონდამცველთა მხრიდან ძალის გადაჭარბების შედეგად სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის ფაქტები. „კანონდამცველები გადაჭარბებულ ძალას, ძირითადად, ცხელ კვალზე, სავარაუდო დამნაშავის დაკავების ან დანაშულის პრევენციის მიზნით, სპეციალურ ოპერაციებში იყენებენ; დღემდე არავის უგია პასუხი პოლიციელთა მიერ ადგილზე განხორციელებული მკვლელობის საქმეებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
 
კოალიციურ ალტერნატიულ ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რაც 2003 წლიდან პატიმართა რაოდენობის 300 პროცენტით ზრდის  მთავარ მიზეზად სახელდება. 

რეკომენდაციის სახით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ დაკავება და დაპატიმრება სამართალდამცველმა უნდა გამოიყენოს როგორც უკანასკნელი საშუალება.

არასამთავრობო სექტორის მიერ გაეროსთვის წარდგენლ ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული უფლებადარღვევები და საქმეები - 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციის მიერ, მშვიდობიან დემონსტრანთა დარბევა, 2009 წლის 6 მაისს, ძალოვანთა მიერ დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ, პლასტიკური  ტყვიების გამოყენება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანდი დაზიანდა, ორმა კი თვალი დაკარგა. 2009 წლის 15 ივნისს შსს-ს წინ შეკრებილ  მომიტინგეთა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების მიერ ცემა და ა.შ.

ანა ნაცვლიშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი იყო და გაეროში წარდგენილი ანგარიშის თანაავტორია. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს თავისი ანგარიშის  პირველადი ვარიანტი გააცნო და რეკომენდაციებისა თუ შენიშვნების მომზადება სთხოვა.

„ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოს მიერ მომზადებული ანგარიში. ძირითადი შენიშვნა იყო ის, რომ მათი ანგარიში უფრო თეორიულ საკითხებს ეხებოდა. მაგალითად - საკანონმდებლო ცვლილებებს, თუ რა საკანონმდებლო ბაზა თუ მექანიზმი შექმნა სახელმწიფომ. პარალელურად არ ყოფილა სუბარი იმ კონკრეტულ უფლებადარღვევებზე, რაც წინა წლებში საქართველოში ხდებოდა.  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არ იყო საუბარი იმ უფლებადარღვევებზე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მათ რეკომენდაცია მივწერეთ, რომ გვინდოდა მეტი კონკრეტიკა. დავსვით კონკრეტული საკითხები, რომელზე პასუხების მოსმენაც გვსრუდა სახელმწიფოს ანგარიშში. გარდა ამისა, ვითხოვდით, ანგარიშში ასახულიყო სახელმწიფოს ხედვა თუ გეგმა, როგორ აპირებდა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაციის გაუმჯობებსებას; როგორ აპირებდა  მოქალაქეების უფლებების უფრო კარგად და ეფექტურად დაცვას. ასევე შევთავაზეთ, რომ თუ მათი სურვილიც იქნებოდა, ჩვენი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების განსახილველად, შეგვეძლო, სამუშაო რეჟიმშიც შევხვედროდით. ამ ყველაფერზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ გაუცია. გაითვალისწინა თუ არა ჩვენი შენიშვნები სახელმწიფომ და შეიტანა თუ არა ცვლილებები საბოლოო ანგარიშში, ეს უკვე აღარ ვიცით“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

როგორ ანგარიშს წარადგენს საქართველოს ხელისუფლება გაეროში, გაითვალისწინა თუ არა მან არასამთავრობო სექტორის შენიშვნები და რა რეკომენდაციებსა და გამოხმაურებას მიიღებს  ის გაეროს  მხრიდან, ეს 28 იანვარს, ჟენევაში „უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაზე“ გაირკვევა.

    ალტერნატიული კოალიციური ანგარიში: http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/27%20gaero%20-%20geo.pdf

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC