კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები - პოლიტიკური თამაშის პაიკები

31 იანვარი, 2011

ეხმარებოდა თუ არა სააკაშვილი პუტინს ჩეჩენი ლტოლვილების „ტარაკნებივით გაჭყლეტვაში“

სალომე აჩბა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ პუტინს ჩეჩნეთის საკითხის მოგვარებაში ეხმარებოდა, ექსპერტთა ნაწილი ერთგვარ აღიარებად მიიჩნევს და  საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების საეჭვო გაუჩინარების, დაპატიმრებისა და უსამართლო ექსტრადიციის ფაქტებს უკავშირებს.  ჯერ კიდევ 2006 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების დარღვევებზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. ანგარიშში სწორედ ლტოლვილი ჩეჩნების ბურუსით მოცული გაუჩინარების, დაპატიმრებისა და ექსტრადიციის ფაქტებია  ასახული.

„2004 წელს  ჩეჩნეთის საკითხთან გარდატეხას მიაღწია პუტინმა, რაშიც მეც დავეხმარე. ამას შევარდნაძე არ აკეთებდა არასოდეს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ დიდი შეცდომა მომივიდა, მაგრამ მიმაჩნია რომ ძალადობა და არეულობა საქრათველოს არ აწყობს და ლოგიკურად ვიქმომედე“, - განაცხადა 25 იანვარს  პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა „პირველ კავკასიურზე“  ტელეხიდის -  „ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი“ მსვლელობისას. პრეზიდენტის ამ სიტყვებმა ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თავად მისი სიტყვებიდან ვერავინ გაიგებს, კონკრეტულად რით დაეხმარა რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთის საკითხის გადაჭრაში.

კონფქლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ჩეჩენი ლტოლვილების ექსტრადიციას უკავშირდება: „საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ჩეჩნები პრეზიდენტმა სააკაშვილმა  არაერთხელ მიაბრუნა უკან - რუსეთში და ამით შექმნა ჩეჩენ ხალხში განწყობა, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ. თავის გამოსვლაში მან მაგალითად მოიყვანა პუტინის სიტყვები - ურჩ კავკასიელებს ტარაკნებივით გავჭყლეტო. გამოდის, რომ პუტინს ამ საქმეში ჩვენი პრეზიდენტიც დამხარებია - ჩეჩენი ხალხის გენოციდის მონაწილე ისიცაა. ამის შემდეგ კი ყველაზე უცნაური ისაა, რომ დღეს  ნიანგის ცრემლებს ვღვრით პარლამენტში და ჩეჩნების გენოციდის აღიარებაზე ვასუბრობთ“.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება ადამიანის უფლებათა ცენტრმაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს არც თუ უსაფუძლო ეჭვი, რომ ზოგიერთი ჩეჩენი ლტოლვილი  საქართველს შსს-მ დაიჭირა და  ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე, საიდუმლოდ გადასცა რუსეთს, რომელიც თავის მხრივ, მათ ექსტრადიციას მოითხვდა .

„ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის 25 იანვრის გამოსვლა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების  გაუჩინარების, დაპატიმრებისა და რუსეთში ექსტრადიციის ფაქტებს, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააკონკრეტოს  და საზოგადოებას მიაწოდოს  სრულყფილი ინფორმაცია, ჩეჩნეთის საკითხთან დაკავშირებით,  რით და როგორ ეხმარებოდა  ის ვლადიმერ პუტინს  და რუსეთის ხელისუფლებას, რომლის დანაშაულებრივი ქმედებებიც ჩეჩნეთის საერთაშორისო ინსტიტუტებისა თუ ორგანიზაციების მიერ მკაცრად არის დაგმობილი“,  - აღნიშნულია განცხადებაში (სრულად იხილეთ:  http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12864&lang=geo ).

„დუმილი კლავს“ - ასე ჰქვია ანგარიშს, საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების  შესახებ,  რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა  2006 წელს მოამზადა. ანგარიშში ასახულია  ჩეჩენილი ლტოლვილების გაუჩინარებისა და დაპატიმრებების კონკრეტული ფაქტები.

„2003 წელს ჩეჩენი ლტოლვილი ადამ ტალალოვი გაუჩინარდა. იგი პანკისის ხეობაში ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემას ხელმძღვანელობდა. 41 წლის ჩეჩენი ლტოლვილი სახლიდან 12 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ხელმოსაჭიდი  მტკიცებულებები მწვავე დასკვნის გამოტანისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის აზრით, აღნიშნული საქმის გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის ძალითა თუ იძულებით, ამ ადამიანმა სიცოცხლე რუსეთის ფედერაციაში, პუტინის ხელისუფლების ხელში დაასრულა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კიდევ ერთი სიანტერესო ფაქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშშია ასახული, ორი ჩეჩენის თემურ ბაიმურზაევის და ისლამ კაშიევის საქმეს ეხება. ისინი 2002 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა  დააკავეს, სქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად  შემოსვლის გამო. 2004 წელს კი სასამართლომ დაკავებულები უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.  „გათავისუფლებიდან ორ დღეში კაშიევი და ბაიმურზაევი გაუჩინარდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ლარსის საბაჟო პუნქტზე რუსეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. რაკი აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა საზოგადოება ვარაუდობდა, რომ ბაიმურზაევი და კაშიევი  გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაიჭირეს და  მათი რუსეთში ექსტრადირება საიდუმლოდ მოხდა.  საეჭვოა, რომ ჩეჩნებს, რომლებიც რუსეთში იძებნებოდნენ, ეცადათ რუსეთის საზღვრის  საბაჟოს გავლით გადაკვეთა. ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  ჩეჩენ ლტოლვილთა საზოგადოების აზრს.“- აღნიშნულია  ადამიანის უფლებათა ცენტრის 2006 წლის ანგარიშში.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა  საიდუმლო ექსტრადიციებს. ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით მან ჩეჩენ ლტოლვილთა საზოგადოების ბრალდებას ასე უპასუხა: „ეს უბრალოდ ბრალდებებია. ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო ექსტრადიციები. მე შემაშფოთა ამ ინფორმაციამ [ექსტრადიციის ბრალდებამ]. რუსები იძახიან, რომ ისინი [კაშიევი და ბაიმურზაევი] დააკავეს რუსეთის საზღვარზე, რაც მე ნამდვილად რეალურად მეჩვენება“.

ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში ექსტრადიციის ფაქტები ჯერ კიდევ ედუარ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.თავის დროზე შევარდნაძის მთავრობამ უარი განუცხადა რუსეთს ჩეჩნების გადაცემის მოთხოვნაზე. ამის გამო 2002 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო „კრიმინალების მფარველობაში“ დაადანაშაულა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ წნეხს დანებდა და რუსეთთან თანამშრომლობის პირობა დადო. როგორც ჩანს, ეს თანამშრომლობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც გაგრძელდა - 2005 წელს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ რუსეთის მიერ საქართველოდან ჩეჩნების ორგანიზებული რეპატრიაციის  80 ფაქტი აღნუსხა. იქამდე კი, კერძოდ - 2003 წელს საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილის იური ბრაჟინკოვის ვიზიტს პანკისის ხეობაში. ვიზიტის მიზანი ჩეჩენი ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების შეთავაზება იყო. „ქართული მხარე მზადაა, ყველაფერი გააკეთოს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩნების რუსეთში მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად“, - აცხადებდა  რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველოს მაშინდელი შსს-ს მინისტრის მოადგილე დავით თოდუა.  

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი -  2004 წელი, ანუ ის წელი, რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, „პირველი კავკასიურის“ ეთერში გამოსვლისას მიუთითა, ისეთი პერიოდია, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები საგრძნობლად დათბა და პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტითაც კი ეწვია მოსკოვს. სააკაშვილი მოსკოვში გამგზავრებამდე აცხადებდა, რომ მზად იყო, ყველა ღონე ეხმარა, რათა წერტილი დასმოდა იმ სამარცხვინო ურთიერთობას, საქართველოს წლების მანძილზე თავის ჩრდილოელ მეზობელთან რომ ჰქონდა. ამის პარალელურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ მოსკოვი მზად იყო, გაეუქმებინა საქართველოსთან მოქმედი სავიზო რეჟიმი, თუ თავის მხრივ, თბილისი მოსკოვთან ჩეჩნეთის საკითხთან დაკაშირებით ითანამშრომლებდა.

 კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობა შედგა რუსეთისა და საქართველოს პირველ პირებს შორის და გამოიყენეს თუ არა მათ თავიანთ  პოლიტიკურ  თამაშში  ჩეჩენი ლტოლვილები უბრალო პაიკებად, დღემდე უცნობია. თუმცა, პრეზიდენტს რაღაც წამოსცდა. მის სიტყვებს განმარტება სჭირდება და ეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრეზიდენტისგან უკვე მოითხოვა. ველით პასუხს!

ახალი ამბები