21:53, Thursday, 24.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქალაქო სასამართლომ დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული სტატუსი არ დაუბრუნა

02.02.2011

სალომე აჩბა

31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რითაც ისინი თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყეპარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდნენ.

დიღმის ტყეპარკის რეკრეაციული  ფუნქციის აღდგენასთან დაკავშირებით, სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 იანვარს დაიწყო. მოსარჩელე მხარე - ანა გაბრიაძე და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN) თბილისის საკრებულოს 2009 წლის  11 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ. ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმაში ცვლილებები შევიდა, დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა და საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთდა.

28 იანვრის სასამართლო განხილვაზე ანა გაბრიაძისა და CENN- ის ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის ერთ-ერთი სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების - დოკუმენტური ფილმის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა იყო.

„მონიტორის“  ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ დიღმის ტყეპარკის  8 ჰექტარი ტერიტორია მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ სახეებს აქვთ გადანაწილებული. 

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებულების სახით დათვა საჭიროდ არ მიიჩნია და ადვოკატის  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„1998 წელს დიღმის ტყეპარკი შპს „სანის“ საკუთრება გახდა, რითიც დაირღვა იმ დროს მოქმედი მუნიციპალიტეტის კომიტეტის 1995 წლის დადგენილება და 1997 წელს შემუშავებული გენ-გეგმა დიღმის ტყეპარკის მოწყობის შესახებ. 1999 წლიდან შპს „სანმა“ ნაწილ-ნაწილ დაიწყო ტყეპარკის ტერიტორიის გაყიდვა. 2003 წელს ტყეპარკში დაიწყო უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდა ქალაქის თვითმმართველობა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა რეკრეაციულ ზონაში უკანონო მშენებლობებს. საკრებულომ მარტივი გამოსავალი იპოვა და დიღმის ტყე პარკს რეკრეაციული სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსად შეუცვალა“, -  განაცხადა მოსარჩელეთა ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

ამგვარად, თუკი რეკრეაციული სტატუსის დროს დაუშვებელი იყო ტყეპარკის ტერიტორიაზე  შენობების აგება, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის პირობებში განაშენიაბების მაღალი კოეფიციენტის ზონად იქცა ტყეპარკის 1 ჰექტარი, რომელსაც სტატუსი შეეცვალა.

მოსარჩელე მხარის თქმით, კიდევ ერთი  მტკიცებულება, რის გამოც 2009 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ლეგიტიმური იქნება, არის ის, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება პროცედურული ნორმების დარღვევით მიიღო. კერძოდ, საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკრებულოს კომისიების დასკვნები. არადა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. გარდა ორი კომისიის დასკვნისა, მოპასუხე მხარემ - თბილისის საკრებულომ პროცესზე ვერ წარმოადგინა დანარჩენი კომისიების დასკვნები. წესით კი, სულ ცოტა, 5 კომისიის დასკვნა მაინც უნდა არსებულიყო, ვიდრე საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და დიღმის ტყეპარკს სარეკრეაციო სტატუსს მოუხსნიდა. 

მოპასუხე მხარის განცხადებით, დანარჩენი დასკვნები არა წერილობიი, არამედ ზეპირი სახით მომზადდა და სწორედ ამიტომ გახდა სასამართლოზე მათი წარმოდგენა შეუძლებელი.

საკრებულოს წარმომადგენელმა პროცესზე განაცხადა, რომ ტყეპარკში მიწები ახლანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაიყიდა.

„ტყეპარკის ტერიტორიაზე ბევრი კერძო მესაკუთრეა. მერია და საკრებულო ცდილობდა, ტყეპარკი კერძო მესაკუთრეებისგან ისე გამოეთავისუფლებინა, რომ მათი ინტერესები არ დარღვეულიყო და ტყეპარკის ის ტერიტორია მაინც შეგვენარჩუნებინა, რაც გადარჩა. დიღმის ტყე პარკს სტატუსი როცა შევუცვალეთ, ამით დავიცავით იქ მცხოვრები კერძო მესაკუთრეების ინტერსები“, - განაცხადა პროცესზე საკრებულოს წარმომადგენელმა. 

მოპასუხე მხარის თქმით, სტატუსის მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობა არ არსებობს. მისი მტკიცებით, რეკრეაციული სტატუსის გაუქმება არ ნიშნავს, რომ  ტყეპარკში არსებულ უნიკალურ ხეებსა და ნარგავებს რაიმე საფრთხე ემუქრება და გაიჩეხება. ამგავრი რამ თუკი მოხდა, ეს კანონით დასჯადი ქმედებაა.

მოპასუხე მხარემ პროცესზე სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადახედვაც მოითხოვა. „ადმინისტრაციული სარჩელი დასავებია მხოლოდ მაშინ, როცა ნორმატიული აქტი უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა ზიანი მიადგა მოსარჩელე ანა გაბრიაძესა და CENN- ს ვერ დავინახეთ“, - განაცხადა საკრებულოს წარმომადგენელმა.

ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა მას უპასუხა, რომ ადმინისტრაციული სარჩელის შეიძლება განიხილოს სასამართლომ, თუკი გასაჩივრებული ნორმატიული აქტი არღვევს არა მხოლოდ ერთი, არამედ  პირთა ფართო წრის ინტერესებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში , ირღვევა პირთა ფართო წრის ინტერესები. უსაფრთხო და ეკოლოგიურად დაცულ გარემოში ცხოვრება ყველა პირის კონსტიტუციური უფლებაა. ასე რომ, ამ საქმეში, მოსარჩელე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი პირი, ვინც ცხოვრობს თბილისში. ამასთანავე, უპირატესი ინტერესი გააჩნია მას, ვინც ცხოვრობს ტყეპარკთან ახლოს. მოსარჩელე ანა გაბრიაძეც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს - CENN-ს (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), სახელწოდებიდანაც მიხვდებოდით, რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხევით CENN-ს შეუძლია, გარემოს დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჩივროს ნებისმიერი ნორმატიული აქტი და ამით განახორციელოს ის მიზნები, რაც მას აქვს, მისივე წესდების შესაბამისად. რაც შეეხება საკითხს, რომ თითქოსდა იმ ნორმატიული აქტით, რასაც ვასაჩივრებთ, კონკრეტული ზიანი არ მიადგათ მოსარჩელეებს, საინტერესოა მოპასუხე მხარე ვის თვლის ამ საქმეში ისეთად, ვისაც შესაძლოა, მიღებული აქტის შედეგად უშუალო ზიანი მიდგომოდა?! ასეთები მხოლოდ ტყეპარკში არსებული ხეები და ნარგავები თუ იქნებოდნენ და ბუნებრივია, ისინი საკრებულოს ვერ უჩივლებდნენ“, - განაცხადა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა რომ საჭიროა კიდევ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამიტომაც სასამართლო 31 იანვარს გადაიდო და სწორედ ამ დღეს მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ანა გაბრიაძე და CENN მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC