სადაზღვევო კომპანიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ალასანიამ განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის კუთხით ამოწმებს.
ალასანია არ აკონკრეტებს, საგამოძიებო ორგანომ კომპანიების შემოწმება კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, თუ დასკვნის გამოქვეყნებამდე.
აღნიშნულ ინფორმაციას, სადაზღვევო კომპანიების ნაწილიც ადასტურებს, თუმცა კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან 2008-2010 წლებში კომპანიების მოგების მარჟამ 60%-ს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი მოგების მარჟა კი მაკონტროლებელი ორგანოს მონაცემებით, „აისი ჯგუფს“, „ალდაგი ბისიაის“ და „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ აქვს.
საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კანონიერად მართვაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.
ინტერპრესნიუსი