კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაგამჭვირვალობა - დილემა ხელისუფლებისთვის?

4 თებერვალი, 2011

მალხაზ ჭკადუა, „ინტერპრესნიუსი“

3 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მედიამფლობელობასა და ფინანსებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ექსპერტთა და რედაქტორთა საინიციატივო ჯგუფს იმედი ჰქონდა, რომ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებზე კონკრეტულ პასუხებს მიიღებდა. თუმცა მათ უმრავლესობაზე არც ლაშა ტუღუშს და ჯგუფის სხვა წევრებს პასუხი არ მიუღიათ.

ძირითადი პრეტენზია ეხებოდა მედიაგამჭვირვალობის კანონპროექტის იმ დებულებას, რომ ამ ინიციატივით, დღის წესრიგში დადგება მხოლოდ მედიამფლობელების გამჟღავნების და არა მედიასაშუალებების ფინანსური ნაკადების გამოაშკარავების აუცილებლობა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ის ძირითადი კითხვა დაუსვა, რამაც შეკრებილებს შორის პოლემიკა გამოიწვია.

„მედიასაშუალებების ფინანასური გამჭვირვალობის საკითხს თუ დავაყენებთ, მაშინ, მოდით, თითოეული ჟურნალისტის, რედაქტორის ან პროდიუსერის პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესიც გამოვიძიოთ და საერთოდ, სადამდე შეიძლება მივიდეს ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნა“, - იკითხა ჩერგოლეიშვილმა.

„ტაბულას“ რედაქტორს პასუხი მედიამკვლევარმა ზვიად ქორიძემ გასცა: „კითხვაზე - სადამდე უნდა მივიდეთ მედიაგამჭვირვალობის საკითხში, რომელიც აქ დაისვა, უნდა ვთქვა, რომ - ბოლომდე, მათ შორის - ბენეფიციარამდეც კი! ბენეფიციარი ძირითადი საქმიანობისთვის, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება სახელმწიფო-საბიუჯეტო რესურსებს იყენებდეს. და საერთოდ, სანამ ამ კითხვას დავსვამთ, ხაზი უნდა გავუსვათ მთავარ პრინციპს - რატომ გვინდა ეს გამჭვირვალობა? არა იმიტომ, რომ ამ ტელე და რადიოკომპანიებს აქვთ დიდი გავლენა საზოგადოებაზე, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყენებენ საზოგადოებრივ სიკეთეებს და ვალდებულნი არიან, ეს გააკეთონ“.

ქორიძის პასუხი ტელეკომპანია „კავკასიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა გააგრძელა. მისი თქმით, კანონმდებლობაში არსებული შავი ხვრელები საშუალებას აძლევს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებს, მედია საშუალებებით საზოგადოებაზე სრული მანიპულირება მოახდინონ: „საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, საბიუჯეტო ორგანიზაციები ტელევიზიებს მრავალი მილიონით აფინანსებენ, ოღონდაც ამას სპონსორობას აღარ არქმევენ და რაღაც მხარდაჭერად მოიხსენიებენ... მედიაში მიედინება სახელმწიფოს, ბიუჯეტის, პოლიტიკური და შავი ფულიც კი და ჩვენ ამას ვერაფერს ვუხერხებთ... ჩვენ არ გვაქვს იმის ტრადიცია, რომ მართლაც, არ შეიძლება ეს ყბადაღებული მერია რომელიმე ტელევიზიაში რომელიმე გადაცემას ან რომელიმე კონცერტის გაშუქებას აფინანსებდეს“.

იგივე აზრი გაიზიარა „ქრისტიან-დემოკრატმა“, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ. იგი მხარს უჭერს ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს: „არის ტელევიზიიის ხარჯი და შემოსავალიც. ეს ორი მაჩვენებელი რომ შევადაროთ, სხვაობა არის მნიშვნელოვანი და ეს სხვაობა ხომ უნდა დაფაროს ვიღაცამ გარკვეული თუ გაურკვეველი გზებით? ბუნებრივია, ვინც დაფარავს ამ ხარჯს, მას, სამწუხაროდ, სარედაქციო პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს. ასეთია დღემდე არსებული პრაქტიკა. ამიტომ მთავარი მიზანია, უფრო მეტი გამჭვირვალობით მივიდეთ სარედაქციო დამოუკიდებლობამდე“.

ვეფხვაძის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის იურიდიული კომიტიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა თქვა, რომ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას მოქმედი კანონმდებლობაც უზრუნველყოფს: „აქ საუბარია კონკრეტული ტელევიზიის მიერ მიღებულ ფინანსებზე, მათ გამჭვირვალეობასა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღესაც მოქმედ კანონმდებლობაში არის ნორმა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს და ადგენს, რომ სავალდებულოა, აუდიტის მასალების წარდგენა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის. ეს ნორმა არეგულირებს, შემოსავლების რა წილი მოდის სარეკლამო საქმიანობაზე და რა არის ამ შემოსავლების მიღმა“.

თუ ასეა, მაშინ რატომ არავინ არაფერი იცის, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ფინანსების შესახებ? რატომ არ წერია მათ აუდიტორულ შეფასებაში არც ერთი ციფრი და რატომ შემოიფარგლა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მხოლოდ ერთწინადადებიანი შეფასებით, რომ ამ ტელეარხების ფინანსურ დეკუმენტაციაში ყველაფერი კარგადაა?

ეს კითხვები ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა და გამომცემელმა შორენა შავერდაშვილმა დასვა. მანვე ერთი ფაქტი გაიხსენა: „მინდა შევეხო საგადასახადო ამნისტიის თემას: 36 მილიონი ისე ჩამოეწერა ტელეკომპანიებს, მათ შორის -  ნაციონალურ მაუწყებლებს, რომ ჩვენ არ ვიცით, ვის რამდენი ჩამოეწერა და ვის რა „აპატია” სახელმწიფომ. აქ უკვე აღარ არის საუბარი არავითარ გამჭვირვალობაზე, იქნებ ეს თემაც განგვეხილა, როგორც ნიმუში იმისა, რომ უკვე ელემენტარული გამჭვირვალობაც კი არ არის უზრუნველყოფილი არსებული კანონმდებლობის მიხედვით“.

დღევანდელ შეხვედრაზე ამ და სხვა კითხვებზე არც რაოდენობრივად და არც შინაარსობრივად საკმარისი პასუხები არ გაცემულა. მრგვალი მაგიდის სტუმარმა, მედიასამართლის ამერიკელმა ექსპერტმა ბარბარა სვონმა თქვა, რომ მედიაპლურალიზმი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ითვლება. გაჰყვება თუ არა ქვეყნის ხელისუფლება პლურალისტურ გზას, ეს მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი, როცა პარლამენტი მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას გააგრძელებს.

ახალი ამბები