კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის დარბევაზე განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალი, 2011
28 იანვარს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, აღნიშნული ეკლესია ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაარბიეს. 28 იანვარს ეკლესიაში მისულ მრევლს შენობის კორიდორში ფეკალური მასები დახვდა. საეკლესიო ნივთები, ჯვარი, ასევე მოსწავლეების ნახატები და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი გადმოყრილი და დაზიანებული იყო. ადგილობრივი პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ დარბევაში 11–12 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. მოზარდებმა ბაპტისტური ეკლესიის მრევლის წინაშე მშობლების თანდასწრებით ბოდიში მოიხადეს. ამავდროულად, ეს მოზარდები წინა დარბევაში მონაწილეობას უარყოფენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, 28 იანვარს მომხდარი ფაქტი და მასში მოზარდების მონაწილეობა შემაშფოთებელია.

“როდესაც შეუწყნარებლობა ამ ასაკის ბავშვებში ასე მძაფრად ვლინდება და ვანდალური ქმედებების ხასიათს იღებს, გაცილებით სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მთლიანად საზოგადოების, სასწავლო დაწესებულებებისა თუ ზოგადად სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემის გასაჭრელად ან მოსაგვარებლად. აუცილებელია, გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, გატარდეს საფუძვლიანი საგანმანათლებლო სამუშაო მოზარდებში ტოლერანტობის კულტურის გასაღრმავებლად”, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარ ფაქტებს სამართალდამცველების მხრიდან, აუცილებელია სიღრმისეულად მოხდეს ყველა ფაქტორის შესწავლა, რაც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს და უბიძგებდეს მოზარდებს ძალადობისაკენ, რადგან არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ არასრულწლოვნები ადვილად მოექცნენ ზეგავლენის ქვეშ და შესაძლოა ადგილი ქონდეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების წაქეზებასაც.

სახალხო დამცველი მოზარდებს, მათ ოჯახებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მოუწოდებს გააცნობიერონ, რამდენად დიდია შეუწყნარებლობის პროპაგანდის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში განსხვავებულისადმი ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას.
“ჩვენ მრავალკონფესიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თითოეული მოქალაქე, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, ეს არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ერთ–ერთი უმთავრესი საფუძველი. აქედან გამომდინარე, შეუწყნარებლობა და ამ ნიადაგზე განხორციელებული, სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლახავს თითოეული ჩვენგანის ღირსებას, საფრთხეს უქმნის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და დემოკრატიულ ღირებულებათა განვითარებას”, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე ეკლესიაში წინა დარბევა 2010 წლის 19 ნოემბერს მოხდა. უცნობმა პირებმა შეამტვრიეს შენობის ფანჯრები და დაარბიეს მოზარდებისათვის განკუთვნილი, საკვირაო სკოლისათვის გამოყოფილი ოთახი. სკოლაში განთავსებული ნივთები და ინვენტარი ძირს იყო გადმოყრილი და ფეხით გათელილი. ნივთების ნაწილი ეზოში იყო მიმოფანტული. იმავე დღეს ეს ფაქტი ყვარლის პოლიციის განყოფილებას ეცნობა, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. გამომძიებელთა ჯგუფმა უშუალოდ მოინახულა საეკლესიო შენობა, გადაიღო ფოტოსურათები და დაკითხა ეკლესიის ახლოს მცხოვრები მეზობლები. გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია. ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამ დარბევაში მოზარდები მონაწილეობდნენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამავე სოფელში 2002 წელს უცნობმა პირებმა გადაწვეს და გაანადგურეს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობა.

ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავე არ არის გამოვლენილი. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესის აღდგენა ახალსოფელში მხოლოდ 2005 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩების მხარდაჭერით მოხერხდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები