კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადაზღვევო აურზაური – შიდასახელისუფლო ნოკაუტი

8 თებერვალი, 2011
დარეჯან პაატაშვილი, „ინტერპრესნიუსი“

სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლის პალატის სკანდალური დასკვნის მოსმენისას, კომპანიების ქმედებებზე გაბრაზების შემდეგ, პოლიტიკური კითხვაც გაჩნდა – რა ხდება ხელისუფლებაში? ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერვე შექმნილ სქემას  ისევ ხელისუფლებამ დაარტყა, ოღონდ არა დანაშაულის აღიარებით.

სამწუხაროა, მაგრამ არავის სჯერა, რომ კონტროლის პალატამ ასეთი მასალების გამოქვეყნების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო - ელიტური კორუფციის პირობებში, როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება. თან, კონტროლის პალატის სკანდალურ დასკვნას წინ უძღოდა პრეზიდენტის სასხვათაშორისოდ ნასროლი საყვედური  სადაზღვევო კომპანიების მოგების მაღალ მარჟაზე. მოკლედ, მოსახლეობის კეთილდღეობის სახელით დამადლებულმა ფულის კეთებამ თვითკრახი განიცადა.

ოპოზიციას კი, ხელისუფლების სინდისის ქენჯნის არ სჯერა. „ამით იუსტიციის მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაარტყა“, – ირწმუნებიან ოპოზიციაში და თითქოს გული გწყდება, რომ ვიდრე ვიღაცა ვიღაცას არ დაარტყამს და არ „გაუჩალიჩებს“, მანამ ხელისუფლებას ვერაფერს გამორჩები.

ხელისუფლებას უაზროდ გადაყრილი ფული დაენანა თუ შიდასახელისუფლო კლანებს შორის დაპირისპირება დაიწყო, ეს მთელი ამ პროცესის დასასრულისას გამოჩნდება. პროცესი რომ „გზაშია“ და უხმაუროდ და მშვიდად არ ჩაივლის, ამაზე ისევ საპარლამენტო ოპოზიციაში საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ სადაზღვევო კომპანიებში ფინანსური პოლიცია მუშაობს, უახლოეს დღეებში ტელევიზიებით არაერთ აღიარებით ჩვენებასაც მოვისმენთ; ვიღაცეებს დაიჭერენ კიდეც, მერე ვიღაცა ვიღაცას თითს დაუქნევს და ერი ისევ ბედნიერი იქნება – მათი მისაღები სიკეთის გამფლანგველები დაისაჯნენ. თუმცა, მართლა დამნაშავე დაისაჯა თუ უბრალოდ „ვიღაც გაწირეს“, ამის მოკითხვას აზრი აღარ ექნება - ამასობაში არჩევნები მოვა და...

არჩევნები რომ სადაზღვევო კომპანიების სკანდალთან პირდაპირ კავშირშია, ამას ისევ ოპოზიციაში ირწმუნებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად შექმნა ჩაკეტილი სივრცე – აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია, საავადმყოფო. დააფინანსა ეს ჩაკეტილი სივრცე და ფეშქაშად უკან ისევ თანხა მიიღო, ოღონდ თანხა „ჯიბეში“ ბრუნდებოდა და არა  - ბიუჯეტში. „ამ ყველაფრით კი, ადეიშვილის მიერ მერაბიშვილის და მისი ე.წ. კლანის დაფინანსების ყველაზე მძლავრი წყარო „იკეტება“, - ისევ ირწმუნებიან ოპოზიციაში.

მერაბიშვილ-ადეიშვილის დაპირისპირების კვალი ოპოზიციამ ამ მთელ ბატალიებში მარტივად დაინახა. კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი „ზურაბ ადეიშვილის კაცია“, მის დაუკითხავად არაფერს გააკეთებს და მეტიც, ორივეს საქმის კურსში პრეზიდენტიც კი ჩაუყენებია. სადაზღვევო კომპანიებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  მინისტრის მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი კურირებს. ირაკლი გიორგობიანი კი ვანო მერაბიშვილის კადრიაო (ირაკლი გიორგობიანი პარიზში ირაკლი ოქრუაშვილისა და დათა ახალაიას სკანდალის ერთ-ერთი მოწმეა).

სადაზღვევო სკანდალში შესაძლოა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი და თსუ-ს ამჟამინდელი რექტორი, სანდრო კვიტაშვილიც აღმოჩნდეს. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ სანდრო კვიტაშვილი ხელისუფლებაში მას შემდეგ აითვალწუნეს, რაც გასული წლის დასაწყისში სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებული ტენდერი ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩაშალა და ამით სადაზღვევო კომპანიებში დამატებით დაახლოებით 30 მილიონის გადარიცხვის მცდელობა „აღკვეთა“. კვიტაშვილის ბედი, როგორც ჩანს, შიდასახელისუფლო ნოკაუტის შედეგზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ციფრებს, კონტროლის პალატის მონაცემებით, 2008-2010 წლებში კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ 10 961 514 ლარი პრემია მოიზიდა, საიდანაც მოგების მარჟამ 58,98% შეადგინა. ამავე პერიოდში „ალდაგი ბისიაის“ მიერ მოზიდული პრემია 29 733 947 ლარით, ხოლო მოგების მარჟა 65,48%-ით განისაზღვრა. „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მოზიდული პრემია - 60 056 756 ლარით, ხოლო მოგების მარჟა 57,38%-ით. ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან „აი სი ჯგუფმა“ 34 721 138 ლარის პრემია მოიზიდა, ხოლო კომპანიის მოგების მარჟა 77 32%-ით განისაზღვრა. კომპანია „იმედი ელ“-მა აღნიშნული პროგრამიდან 2008-2010 წლებში 66 658 874 ლარი მოიზიდა და მოგების მარჟა 55,79%-ით განისაზღვრა. 2008-2010 წლებში კოპანია „ირაოს“ (რომლის წილის 51%-ს, ოპოზიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ძმა უნდა ფლობდეს) მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 40 134 478 ლარით განისაზღვრა, ხოლო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევიდან მიღებული მოგების მარჟამ 51,07% შეადგინა. აღნიშნული პროგრამიდან ყველაზე ნაკლები მოგების მარჟა – 27,16%, კომპანია „ქართუმ“ მიიღო, ხოლო მოზიდული პრემიის მოცულობამ 3 303 621 ლარი შეადგინა.

სადაზღვევო კომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობის მომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს. კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ, როცა კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია.
 
„2008-2010 წლებში უმწეოთა პროგრამით დაზღვეულ 808 000 მოქალაქეს დაუფინანსდა მხოლოდ 171 000 შემთხვევა, ანუ პროგრამით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 21%-მა. სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მილიონი ლარის შემოსავალი“, - აცხადებს კონტროლის პალატა და თან - საკმაოდ სკანდალურად, რადგან შეეძლო ეს ყველაფერი „რბილად“ ეთქვა. სწორედ ამ მკვახე ტონის გამო, არავის სჯერა, რომ კონტროლის პალატა მთლიანად ხელისუფლებას დაუპირისპირდა.

საპარლამენტო ოპოზიციაში სადაზღვევო კომპანიების სკანდალის დასასრულის სცენარს ვერ პროგნოზირებენ. თუმცა ამბობენ, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება დამატებით 300 მილიონის კიდევ ერთხელ უმიზნოდ გახარჯვას იცილებს თავიდან და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ „პარტიულ სალაროს“ საფრთხეს უქმნის. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ „პარტიული სალაროსთვის“ საფრთხის შექმნა ისევ „ნაციონალური ერთიანი გუნდიდან“, დამაბნეველია. სავარაუდოდ, წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყო და ასეთი შიდასახელისუფლო ნოკაუტები, მორიგ არჩევნებამდე, კიდევ არაერთი იქნება.

ახალი ამბები