კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმე ლითონებით მდინარეების დაბინძურებისთვის „მადნეული“ მკაცრად არ ისჯება

8 თებერვალი, 2011
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„მადნეულის“ მხრიდან გარემოს დაბინძურების  ფაქტებზე არასამთავრობო სექტორთან ერთად მთავრობაც ალაპარაკდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ რჩება. გარემოს დამაბინძურებელ საწარმოს - „მადნეულს“ მთავრობა სერიოზულ სანქციებს ამ ეტაპზე არ უყენებს. ამიტომ ჯერ კიდევ გასარკვევია, ცდილობს თუ არა რეალურად ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას.

3 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს  სააქციო საზოგადოება „მადნეულთან“ დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. ვამზადებდით სტატიას საწარმოს მხრიდან გარემოს ე.წ საზოგადოებისთვის ცნობილი ბოლო დაბინძურების შესახებ (2010 წ. მაისი).

წერილზე მითითებულ თარიღს თუ ვერწმუნებით, გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი ორი თვის დაგვიანებით - 16 იანვარს გამოუგზავნია. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ კი კურიერმა იანვრის ბოლოს მოიტანა. ამ დროს ჩვენი სტატია უკვე გამოქვეყნებულ იყო humanrights.ge-ზე  ( http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12536&lang=geo ) .

გარემოს დაცვის სამინისტროს დაგვიანებული წერილიდან ვიგებთ, რომ „მადნეული“ 2010 წელს ორჯერ დაჯარიმდა. სასამართლომ იგი ორჯერვე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
 
„გაცნობებთ, რომ სს ,,მადნეულის“ მიერ გარემოზე ზემოქმედების #00174 ნებართვით დადგენილი მე-11 პირობის დარღვევის გამო, ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს მიერ 2010 წლის 8 აგვისტოს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამრთლოს და სს „მადნეული“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლით“, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილში.

გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონის თანახმად, #00174 ნებართვით დადგენილი მე-11 პირობა გულისხმობს შემდეგს: „საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია, დაიცვას სამინისტროს მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს (სარეგისტრაციო ნომერი #09-02/17-97) შეთანხმებული ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივები. აგრეთვე კვარტალში ერთხელ სამინისტროში წარმოადგინოს ინფორმაცია წყალსატევში ჩაშვებული დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობრივ და ხარისხობრივი მაჩვებებლების მონაცემების შესახებ“.

„მადნეული“ დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლით, რომელიც ადგენს: „საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი ლარით“.

გარემოს დაცვის სამინისტროს გადმოგზავნილი წერილით ასევე ვიგებთ, რომ ამავე მუხლის მიხედვით „მადნეული“ დაჯარიმდა 2010 წლის ოქტომბერში: „ასევე გარემოს დაცვის ინსპექციაში შემოსული გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ სს „მადნეულის“ მიერ დარღვეული იქნა გარემოზე ზემოქმედების  #00174 ნებართვით დადგენილი მე-11 პირობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ინპექციის ქვემო ქართლის ბიუროს მიერ 2010 წლის 15 ოქტომბერს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამრთლოს და სს „მადნეული“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლით“, – ვკითხულობთ წერილში „მადნეულის“ მეორე დაჯარიმების შესახებ.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“  ხელმძღვანელი, ნინო გუჯარაიძე გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ სამინისტროს მოწერილი წერილის ერთ დეტალს: გარემოს დაცვის სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ამ ორი დარღვევის გარდა, 2010 წლის 22 მაისს მდ. კაზრეთულაზე ჩატარებულ ლაბორატორიულ სინჯებზეც აცნობა და დასძინა, რომ ლაბორატორიული ანალიზის პასუხები სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგამოძიებო ჯგუფს გადაეგზავნა.  აღმნიშნული გამოძიების დასკვნის შედეგები კი სამინისტრომ ცენტრს არ მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტატია „მადნეულის“ მხრიდან გარემოს ბოლო დაბინძურებას - სწორედ მაისში მომხდარ ფაქტს ეხებოდა. ე. ი. სამინისტრომ წერილში პასუხი ვერ გასცა ჩვენს კითხვას - მაისში მდინარე მაშავერას დაბინძურების შესახებ.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მაისში მდინარიდან მკვდარი თევზები ამოიყარა. სამინისტრომ  მაშავერაში მძიმე ლითონების შემცველობის მონიტორინგის შედეგები ცალკეულ თვეებზე გაწერილად არ გამოაგზავნა. შესაბამისად, ჩვენ შედარების საშუალება არა გვაქვს. გადმოგზავნილ დოკუმენტში ლითონების კონცენტრაციის შემოწმების დროდ 2010 წელია მითითებული. ასევე, სამინისტრომ არ გადმოაგზავნა მდინარე კაზრეთულას მონიტორინგის შედეგები. გარემოს დამცველების ანგარიშებში კი ცალსახად მითითებულია, რომ მდინარე მაშავერა მასში მდინარე კაზრეთულას ჩადინებით ბუნძურდება. ეს უკანასკნელი კი მიედინება „მადნეულის“ მახლობლად.

„რაც შეეხება მაშავერას დაბინძურების მონაცემებს, სამწუხაროდ, როგორც იცით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არა გვაქვს ფუფუნება, რომ გადავამოწმოთ მსგავსი მონაცემები. ამდენად, ამ მხრივ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს მიერ თქვენთვის მოწოდებულ მონაცემებში ნაჩვენებია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბება, რაც თავისთავად საგანგაშოა“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ ხელმღვანელი, ნინო გუჯარაიძე.

ამ წერილზე დაყრდობით გამოდის, რომ 2010 წელს „მადნეული“ სულ ორჯერ დაჯარიმდა. საერთო ჯამში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(2)-ე მუხლის თანახმად, მას მთლიანობაში 10 000 ლარი აქვს გადახდილი. საწარმოსთვის, რომელიც მილიონებზე მუშაობს, ეს თანხა არაფერა. რეალურად, საფრთხე, რომელსაც „მადნეული“ გარემოს და ადამიანებს უქმნის გაცილებით დიდია და უფრო ძვირი ღირს.

წლების წინ ბოლნისის რაიონის ეკოლოგიურ პრობლემებზე ქართველი ექიმები ბევრს საუბრობდნენ. მაგალითად, დავით ტატიშვილის ცენტრი აცხადებდა, რომ არსებული ეკოლოგიური სურათის გამო ბოლნისში ონკოლოგიური დაავადებების კონცენტრაცია შეინიშნება. მაშინ ტატიშვილის ცენტრს მოქალაქეთა გასინჯვა თავად ბოლნისის გამგეობამ სთხოვა. გასინჯული 706 ბოლნისელი ქალბატონიდან 253-ს სარძევე ჯირკვლის ფიბროზული მასტოფატია აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციიდან ცოტა ხანში ყველა სამედიცინო დაწესებულებამ და მათ შორის ტატიშვილის ცენტრმაც ამ თემაზე საუბარი შეწყვითა. ბოლნისის მაშინდელმა საკრებულომ სამედიცინო დაწესებულებს წერილი დაუგზავდა და „რაიონის ინტერესებიდან“ გამომდინარე, მათთან შეუთანხმებლად, ბოლნისელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გაცემა აუკრძალა.

ახალი ამბები