კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ვიცით, რომ შეიძლება, ნანგრევებში მოვყვეთ და მოვკვდეთ, მაგრამ სად წავიდეთ?“ - ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში

9 თებერვალი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში რისკის ზონაში 150-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას საფრთხეს ძირითადად მეწყერი უქმნის. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა მეწყერსაშიში ადგილების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რისკის ზონაში ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია. სპეციალისტებმა ბევრი დაზარალებული გააფრთხილეს კიდეც, დაუყოვნებლივ დატოვონ საცხოვრებელი სახლი და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ. თუმცა სხვა თავშესაფრის არქონის გამო, დაზარალებულები დღემდე რისკის ზონაში რჩებიან.

სიღნაღში, ერეკლე მეორეს და გიორგი აბრამიშვილის ქუჩებზე, მეწყერსაშიშ ზონაში 80 ოჯახი ცხოვრობს. ამ ქუჩებზე თითქმის ყველა სახლი დაბზარულია, ზოგიერთი კი ისეა დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია, ბევრიც დანგრეული და მიტოვებულია. ერეკლე მეორეს ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, სტიქიური პროცესების პრევენციისათვის, 2010 წლის 30 მაისის არჩევნებამდე ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, რომელიც არაეფექტურად გაიხარჯა.

„130 000 ლარი გამოიყო, რომელიც მეწყერისგან ჩანგრეული გზის მცირე მონაკვეთის მშენებლობაზე დაიხარჯა. აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო. ხელოსნები დღე და ღამე, მზიან და წვიმიან ამინდშიც კი ამუშავეს. ღამით მანქანების შუქზე მუშაობდნენ, რომ არჩევნებამდე მოესწროთ. გზა არჩევნების წინა დღეს გაიხსნა, მესამე დღეს კი წვიმა მოვიდა და ერთი ნაწილი ისევ დაინგრა, რადგან უხარისხოდ იყო შესრულებული. მალევე შეაკეთეს, მაგრამ კიდევ ინგრევა. აგერ, ჩემმა მეზობელმა 4 წელია, დატოვა სახლი და ქირით ცხოვრობს წნორში. სახლი ისე ჩამოინგრა, ავეჯის გატანასაც ვერ ახერხებს. აქ ყველა სახლი ამ მდგომარეობაშია, მაგრამ ყურადღებას აღარავინ გვაქცევს“, - აღნიშნავს ლეილა შაიშმელაშვილი.

„ღამით ხმაური გვაღვიძებს. სახლს ბზარები ემატება და ხმა ისმის. წვიმის დროს შიგნით ვერ შევდივართ. მიწა რომ დალბება, სახლი ზანზარებს. ყურადღებას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გვისმენს“, - ამბობს აბრამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნინო იარალოვი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, 2010 წელს რა თანხაც იყო გამოყოფილი, მიზნობრივად დაიხარჯა. მისივე თქმით, 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, სიღნაღში, ერეკლე მეორეს და გიორგი აბრამიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და იქ მცხოვრები ოჯახების გასახლებასთან დაკავშირებით თანხები გათვალისწინებული არ არის. „დროებითი საცხოვრებელი ფართის გამონახვის შემთხვევაში, გამგეობა, 5 ოჯახისთვის, რომლებიც ყველაზე მძიმე პირობებში არიან, ქირავნობის თანხის გადახდის ვალდებულებას იღებს, მაგრამ ისინი ქირით არ გადიან. მეწყერსაშიშ ზონაში პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ სოლიდური თანხებია საჭირო. საკითხი გუბერნატორის ადმინისტრაციაში და რეგიონული განვითარების სამინისტროშია დაყენებული. ველოდებით პასუხს. ყველა სტრუქტურა, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ეხება, საქმის კურსშია“, - განაცხადა სიღნაღის გამგებელმა.

მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს 20 ოჯახი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიც. საცხოვრებელ სახლებს საძირკველი ეცლება, წვიმის დროს კი შესაძლოა, დაინგრეს.

„ძალიან მძიმე პირობებში ვართ, განსაკუთრებით 5 ოჯახი. სახლის კედლები დაბზარულია და საძირკველიც ეცლება. ჩემს სახლს სამზარეულო უკვე ჩამოენგრა. გვეშინია, ძლიერი წვიმის დროს სახლი ხევში არ გადავარდეს. 2010 წელს ადგილობრივ გამგეობასაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, ბიუჯეტში თქვენი კომპენსაციისთვის თანხები გათვალისწინებული არ გვაქვსო. გამგებელმა მდგომარეობის შესასწავლად გეოლოგებიც გამოგზავნა. მათი თქმით, ეს სახლები საცხოვრებლად აღარ გამოდგება და დროულად უნდა მოხდეს ჩვენი აქედან განსახლება. საკუთარი სახსრებით კი ახალი სახლის შეძენას ვერ შევძლებთ“, - ამბობს ერთ - ერთი დაზარალებული ნაზი ქიტიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით დაზარალებული სხვა სახლს მოძებნის, გამგეობა მას დროებით ქირას გადაუხდის.

შოთა უტიაშვილი: „ქირას მხოლოდ იმ ოჯახებს გადავუხდით, რომლებიც ყველაზე მძიმე პირობებში არიან“.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 18 მაისის 23-16/145 წერილისა და თანდართული ვიზუალური საინჟინრო - გეოდინამიკური დასკვნის საფუძველზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, გაფრთხილებთ, რომ დაუყოვნებლივ დატოვოთ თქვენი საცხოვრებელი სახლი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილზე“.

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მცხოვრებმა თამარ რევაზიშვილმა ეს წერილი რაიონის გამგეობიდან 8 თვის წინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი საცხოვრებელი სახლი კიდევ დაზიანდა და სიცოცხლისათვის უფრო სახიფათო გახდა, რევაზიშვილების ოჯახი დღემდე ამ სახლში ცხოვრობს.

მაია რევაზიშვილი: „ვიცით, რომ შეიძლება, ნანგრევებში მოვყვეთ და მოვკვდეთ, მაგრამ სად წავიდეთ? წასასვლელი არსად გვაქვს. კედლებზე ბზარები კი აღარ არის, შუაზეა გადახსნილი და როდის გადავარდება, არ ვიცით. გამგეობას დახმარება არაერთხელ ვთხოვეთ, მაგრამ გვითხრეს, ბიუჯეტიდან სახლის შესაძენად საკმარისი თანხის გამოყოფის საშუალება არ გვაქვსო, მხოლოდ ქირის თანხის გადახდას გვთავაზობენ, ისიც დროებით“.

რევაზიშვილების გარდა გამაფრთხილებელი წერილები მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სოფელ უჯარმაში მცხოვრებმა სხვა ოჯახებმაც მიიღეს, მაგრამ ისინიც ამ დრომდე მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.

უჯარმაში სულ 160 ოჯახი ცხოვრობს. ასზე მეტი სახლი კი დაზიანებულია.

ირაკლი ჭინჭარაული, უჯარმის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: „სახლები ძირითადად 90-იან წლებში დაზიანდა. „მიწისძვრის ეპიცენტრი მაშინ სოფელ უჯარმაში იყო. მიწისძვრის გამო ყველა სახლი დაზიანდა, თან აქ რბილი ნიადაგია და ბზარების გაჩენას ამანაც შეუწყო ხელი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში რომელი ოჯახებიც არიან, მათ ალბათ გაიყვანენ“.

ახალი ამბები