კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ძველი“ და „ახალი“ დევნილების ახალი პრობლემები

9 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

დევნილი ოჯახების სიტუაციური ანალიზი დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციის „სინერგიას“ მიერ 4 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა იყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მათივე რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდნენ.

სამეგრელო

სამეგრელოში მცხოვრები დევნილები ერთმანეთს უპირისირდებიან. ამის მიზეზი კი თბილისიდან ჩასახლებილი ე.წ. „ახალი დევნილების“ მიმართ მთავრობის მხრიდან შედარებით მეტი ყურადღებაა. მიუხედავად ამისა, „ახალ დევნილებს“ მაინც უჭირთ სამეგრელოში, კერძოდ ფოცხოში ცხოვრება, რადგან ისინი ნაკლებად ადაპტირებულნი არიან და „ძველი დევნილებისგან“ განსხვავებით, არა აქვთ დასამუშავებელი მიწა, ვერ მისდევენ მესაქონლეობას. თუმცა ორივე კატეგორიის დევნილებს საერთო პრობლემაც ბევრი აქვთ. ძირითადად, ესაა სოფელში სურსათის სიძვირე. მაგალითად, პურს ფოცხოში დევნილები 1 ლარადაც ყიდულობენ, როცა სხვაგან 65-80 თეთრია.

ფოცხოში ჩასახლებულ ყველა დევნილ ოჯახს შეშა გვიან დაურიგეს. მოგვიანებით ჩატარებულმა მონიტორინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოფელში საკვების პრობლემაა და მაცხოვრებლებს სურსათი ესაჭიროებათ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სოფელში არ იყო ელექტროენერგია. „ახალი დევნილების“ ჩასახლების შემდეგ კი შუქი ყველა ოჯაში შეიყვანეს. „ახალი დევნილებისთვის“ დაგეგმილია 3 სახლის რეაბილიტირება. სოფელში ამჟამად არ არის ბაღი და ამბულატორია. სკოლა ცხრაწლიანია.
 
ფოცხოში ამჟამად 240 ოჯახი (530 ადამიანი) ცხოვრობს. მათგან 19 თბილისიდან 2010 წლის აგვისტოში გადასახლებული დევნილი ოჯახია.

იმერეთი

იმერეთში 1856 ოჯახი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით. 240 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი. ფართის დაკანონებას კიდევ 20 ოჯახი ელოდება.

რთული სიტუაციაა ქუთაისის სამ ობიექტში, რომლებიც მთავრობის განცხადებით, რეაბილიტირებას არ ექვემდებარება. დევნილებს კი ამ საცხოვრებელი ფართების დატოვება არ სურთ. ერთ-ერთია ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა, რომელსაც დევნილები იმ მიზეზით არ ტოვებენ, რომ არ სურთ ცენტრიდან ქალაქის რომელიმე გარეუბანში გადასვლა. მეორე ასეთი ობიექტია სასტუმრო „თბილისი“, საიდანაც უკვე გავიდა და ფართით დაკმაყოფილდა 38 ოჯახი. დანარჩენილ ნაწილს კი კოტეჯი უნდა, ნაწილს - დარჩენა.

წყალტუბოში სპეციალურად იქ ჩასახლებული დევნილებისათვის 10 კორპუსი შენდება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით, იქ 21 კოლექტიური ცენტრი აშენდება. თუმცა, როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანხები ჯერ მხოლოდ 10 კორუსის ასაშენებლადაა გამოყოფილი. მათგან 5 უკვე აშენებულია.

კორპუსებში დევნილების სრულად გადასახლება ვერ ხერხდება. უცნობია ისიც, რა პრინციპით შეირჩევა 350 გადასასახლებელი დევნილი ოჯახი. როგორც გამგეობაში განმარტავენ, 700 დევნილს საცხოვრებელი ფართის მიღება ფოთში უნდა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ფოთში გადასვლას არც ერთი არ გეგმავს.

ამჟამად წყალტუბოში 22 კოლექტიურ ცენტრში 6 391 დევნილი ცხოვრობს.

შეხვედრაზე თბილისიდან იანვარში მომხდარი გამოსახლების დეტალებზე აფხაზეთიდან დევნილმა, „დევნილ დედათა საინიციატივო ჯგუფის“ წევრმა, ირმა გელანტიამ ისაუბრა: „13 დეკემბერს მივიღეთ უთარიღო, უბეჭდო გაფრთხილების ფურცელი, იანვარში კი პოლიცია მოვიდა და გამოგვასახლა. ვითხოვდით ჩვენთვის მაისამდე მაინც მოეცათ იქ ცხოვების საშუალება, რაზეც უარი მივიღეთ. შედეგად დაზარალდნენ ბავშვები. ისინი ვეღარ დადიან ბაღებსა და სკოლებში“.

ზუბალაშვილის ქუჩიდან გამოსახლებულმა გელანტიების ოჯამა ვერც კომპენსაცია მიიღო და ვერც ალტერნატიული ფართის შეთავაზება. როგორც მათ განუმარტეს,  ბინა თბილისში ეკუთვნით. შესაბამისად, ფართი თბილისში მოგვიანებით გადაეცემათ. მანამდე ოჯახს ქირით სხვაგან გასვლა შესთავაზეს. ქირის გადახდა გელანტიებს ამჟამად საკუთარი ხარჯებით უწევს.

შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხსაც შეეხო, რამდენად უკანონო იყო დევნილების მხირდან სახელმწიფოს კუთვნილ ფართებში ცხოვრება. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო მათ უხდიდა ელექტროენერგიის გადასახადს, არჩევნებისთვის აწვდიდა ბიულეტინებს და მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე მართავდა პიარ-კამპანიებს, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ აქ დევნილები კანონიერად ცხოვრობდნენ.

ახალი ამბები