კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაია „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“ სასამართლოში უჩივის

10 თებერვალი, 2011
ლანა ბერიძე, მედია.გე

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, გახმაურებული სატელევიზიო ფილმ „ენვერის“ სატელევიზიო ჩვენების გამო, ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“ სასამართლოში უჩივის.

მაისაია  სასჯელს რუსთავის #2 კოლონიაში იხდის. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ  საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ აცნობა, მაისაია ტელეკომპანიებს ცილისწამებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, საჩივარი სასამართლოში მომავალ კვირას შევა.

საქართველოს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა  შარშან  სპეცოპერაცია „ენვერი" ჩაატარეს და საქართველოში  მოქმედი რუსეთის ჯაშუშური ქსელის წევრები დააპატიმრეს. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ამ ოპერაციას სატელევიზიო ფილმი - „ენვერი"  მიეძღვნა, რომლის პრემიერა  გასული წლის 5 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გაიმართა. „ენვერის" ფრაგმენტები  მოგვიანებით „მაესტრომ" გადასცა.

მაისაია ამ ფილმში მასსა და სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირებს შორის პარალელის გავლებას აპროტესტებს.

„ჩემი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ დადასტურდა. საქართველოს შსს-ს მიერ შეთითხნილი სცენარის მიხედვით ჯერ - აშშ-ის, შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაში მადანაშაულებდნენ, მაგრამ ჩემი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი რეალური მტკიცებულებები ამ დრომდე არ არსებობს“, - აღნიშნავს მაისაია თავის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ გადასცა.

მაისაია  2010 წლის იანვარში გაასამართლეს. მას ბრალად ჯაშუშობა ედება - საქართველოს სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველი ცნობების, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გადაცემა. ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით მათთვის საქართველოს სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა  დირექტორმა  ბაჩო კიკაბიძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მათ ეთერში ფილმი „ენვერი“ არ გასულა. უბრალოდ,  გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამ ფილმს ეხებოდა და მხოლოდ რამდენიმე კადრი იყო ნაჩვენები.

„მე ვერ ვხდები, რატომ უჩივიან  „მაესტროს“? თუ ფილმი არ მოსწონთ,  ფილმის ავტორებს უჩივლონ.  ჩვენ კი მხოლოდ სიუჟეტი გავაკეთეთ ამ ფილმზე და იქიდან ამოღებული რამდენიმე კადრი ვაჩვენეთ ეთერში“, -  თქვა  ბაჩო კიკაბიძემ.

„ენვერის“ ავტორმა, ჟურნალისტმა გიორგი გვიშიანმა,  Media.Ge-ს განუცხადა, რომ მთელი ფილმი გამოძიების მასალებს ეყრდნობა და ჟურნალისტს არაფერი შეუთხზავს: „ამ ფილმში ყველაფერი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით იყო გადაღებული. „რუსთავი 2“-იც არაფერ შუაშია“.

ორიგინალი: http://www.media.ge/ka/node/40202

ახალი ამბები