კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი მაგალითი: ერთს ეკუთვნის, მეორეს - არა!

10 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

კალანდაძეების ოჯახი მცხეთის რაიონში უკვე რამდენიმე თვეა დავობს. ოჯახი სოფელ ძეგვში იმ ხევის ნაწილის საკუთრების ლეგალიზებას მოითხოვს, რომლის ერთი ნაწილიც მის უშუალო მეზობელს რამდენიმე თვის წინ დაუკანონეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა „შერჩევითი სამართლის“ კლასიკური მაგალითია.

„ჩვენს ეზოსთან ჩამომავალ მშრალ ღვარცოფულ ხევს დღესდღეობით ფუნქცია აქვს დაკარგული. ფუნქცია კი იმ მარტივი მიზეზის გამო დაეკარგა, რომ მომიჯნავე მეზობელმა, ავთო ჭოლოკავამ წლების განმავლობაში ამოავსო და გააუქმა ხევის ის ნაწილი, რომელიც მას ესაზღვრება. ეს ისე გააკეთა, რომ წყალს არ მისცა ალტერნატიული გასასვლელი“, - ამბობს ლაშა კალანდაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოხდა მეზობლისთვის ხევის პირად საკუთრებაში გადაცემა. როგორც საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გვითხრეს, მცხეთის გამგეობას დაკანონებულ ტერიტორიაზე ხევის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა, ხევის ნაწილი საკუთრებაში ჭოლოკავასთვისაც არ დაეკანონებინათ.

„უშუალოდ კალანდაძეების მეზობელთან, ჭოლოკავასთან როცა მივედით, მის ეზოში თვალით არ ჩანდა, რომ იქ ხევი იყო. ეს იმიტომ, რომ ხევი ახლა ამოვსებულია და გაუქმებულია. მაშინ ამ საკითხზე არავინ დავობდა, მაგრამ თუ იქ დავა გაგრძელდა და თუ მიგვითითებენ, ჩვენ იძულებული გავხდებით, ის გადაწყვეტილებაც გავაუქმოთ“, - აღნიშნავს კომისიის თავმჯდომარე გივი ბაქრაძე.

ჩნდება კითხვა: ჭოლოკავასთვის ხევის დაკანონება გამგეობის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი ხომ არ არის? როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი განმარტავს, გამგეობამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია და კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული აქტი მიიღო, რითაც ჭოლოკავას თვითნებურად დაკავებული ხევის ტერიტორია დაუკანონა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, გამგეობას, შეუძლია, თვითონვე, თავისი ნებით ცნოს ბათილად ეს ადმინისტრაციული აქტი.

მცხეთის გამგეობაში კალანდაძისთვის ტერიტორიის დაკანონებას არარეალურად მიიჩნევენ. მიზეზად 12 ადამიანის ხელმოწერას ასახელებენ, რომლებიც ხევის საერთო საკუთრებაზე საუბრობენ და კალანდაძისთვის მის დაკანონებას ეწინააღმდეგებიან.

მცხეთის რაიონული გამგეობის იურისტი ნათია ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ კალანდაძეს თვითნებურად დაკავებული ხევი დაუკანონდეს. „2007 წლამდე არ ფიქსირდება ამ ხევით სარგებლობა და მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს არის საერთო სარგებლობის ხევი, სადავ შეიძლება კანალიზაციის წყალი ჩადის. ანუ ამ ნაკვეთის დაკანონების შემდეგ შეიძლება პრობლემა სწორედ ამ 12 ადამიანს წარმოეშვას  და შეიძლება მათი უფლებებიც დაირღვეს“, - აცხადებს იურისტი.

გამგეობაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ხევი კალანდაძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკანონდებოდა, თუ 2007 წლამდე მასზე შენობა-ნაგებობა ექნებოდა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მოქმედი კანონის მიხედვით კი დაკანონება ამჟამად არ მოხერხდება. კანონის თანახმად, დაკავებული მიწა შეიძლება დაუკანონდეს პირს, რომელიც თვითნებურად ფლობს ამ მიწის ნაკვეთს და ამასთან, არაა აუცილებელი, ამ მიწის ნაკვეთზე იდგეს შენობა-ნაგებობა. ამისათვის აუცილებელია, მხარემ დაადასტუროს, რომ გარკვეული წლების განმავლობაში, ანუ ამ კანონის მიღებამდე, ფლობდა და სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით.

როგორც ამ შემთხვევიდანაც ჩანს, საქართველოში მცხოვრები ორი ადამიანისთვის კანონი ხშირად სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამას ადასტრებს იურისტი ნინო ანდრიაშვილიც: „გამგეობამ ორი ერთიდაიგივე შემთხვევა განიხილა სხვადასხვაგვარად. ერთ მხარეს უკანონებს ნაკვეთს და მეორე მხარეს ეუბნება უარს. ეს არის ე. წ. შერჩევითი სამართალი. გამოსაძიებელია, რატომ ხდება ასე და ხომ არ არის აქ რამე კორუფციული მიზეზი? ფაქტია, რომ არსებობს ხევი, რომლის ერთ ნაწილს ფლობს ჭოლოკავა და მეორეს კი გაბისკირია-კალანდაძის ოჯახი. ამ შემთხვევაში გამგეობა არღვევს თანასწორობის პრინციპს და ეუბნება უარს გაბისკირია კალანდაძეს ხევის ერთი ნაწილის დაკანონებაზე, როცა ჭოლოკავას მეორე ნაწილი უკვე დაუკანონა“.

ახალი ამბები