კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსტატუსოდ, უკომპენსაციოდ და უსახლკაროდ დარჩენილი ახალგორელი დევნილი

10 თებერვალი, 2011
სალომე აჩბა

სერგო ჯაბაური ოკუპირებულ ახალგორში ცხოვრობდა. ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ახალგორიდან თბილისში ჩამოვიდა და სამკურნალოდ არამიანცის საავადმყოფოს მიაკითხა. მკურნალობის კურსი სადაცაა დასრულდება. ჯაბაურს საავადმყოფოდან 11 თებერვალს გაწერენ და... პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდება. 

პრობლემა ასეთია: მიუხედვად იმისა, რომ სერგო ჯაბაური, ფაქტობრივად, ახალგორში ცხოვრობდა და იქ სახლიც აქვს, რეგისტრირებული თბილისში, ნათესავის ბინაშია. ვიდრე დედაქალაქში მკურნალობდა, ახალგორის დე ფაქტო ადმინიტრაციამ ეთნიკურად ქართველი ახალგორელებისადმი პოლიტიკა შეცვალა - ახლა ახალგორში შესვლა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც იქ არის რეგისტრირებული.

ამგვარად, მკურნალობის დასრულების შემდეგ სერგო ჯაბაური უსახლკაროდ რჩება. იგი ვერც ახალგორში დაბრუნდება და თბილისშიც წასასვლელი არსად აქვს.

„სამკურნალოდ ჩამოვედი და დამაწვინეს არამიანცის საავდმყოფოში.  ხვალ უნდა გამწერონ და წასასვლელი არსად მაქვს. ახალგორში ვერ ვბრუნდები, რადგან თბილისში ნათესავის ბინაში ვარ მიწერილი.  იქაურებმა მითხრეს - ამოეწერეთ  თბილისიდან და ახალგორში ჩაეწერეთო, ან მიბრძანდით აქედანო.  თბილისში ხან ერთ ნათესავთან ვცხოვრობ ხან მეორესთან, უსახლკარო ვარ.  დღემდე ველოდები კომპენსაციას და არ მაძლევენ“, - აცხადებს ჯაბაური.

სერგო ჯაბაურის მკურნალი ექიმის ნინო აბაშიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და საავადმყოფოში მკურნალობას აღარ საჭიროებს : „მისი დაავადება ქრონიკულია , ამ ეტაპზე კი საავადმყოფოში მისი დარჩენა საჭირო აღარ არის. აღარ ვიცით, რა ვქნათ. გვეუბნება, რომ  წასასვლელი არსად აქვს. არადა, ხვალ უნდა გავწეროთ“, - აცხადებს ჯაბაურის მკურნალი ექიმი ნინო აბაშიძე.

ახალგორის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯაბაური კომპენსაციის მიმღებთა სიაშია. თუმცა, თანხის მიღების პროცედურა დროში იწელება. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი შორენა ლათათია  დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა  და ჯაბაურის საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვა სთხოვა. თუმცა სამინისტროში განუცხადეს რომ ეს ადამიანი დევნილი არ არის და შესაბამისად, სამინისტრო მას ვერაფრით დაეხმარება.

შორენა ლათათია, ადამიანის უფლებათა ცენტრი: „ჯაბაური ჩაწერილია კომპენსაციის მიმღებთა სიაში. ახალგორის გამგეობა ადასტურებს, რომ მას ეკუთვნის კომპენსაცია და უნდა მისცენ.  საერთოდ, ეს პროცესი დროში იწელება ხოლმე. ჯაბაურს კი წასასვლელი არსად აქვს. სამინისტროს ვთხოვე, რომ დაჩქარებული წესით განეხილათ მისი საკითხი. თუმცა, მითხრეს, რომ ეს ადამიანი არაა დევნილი. არც სტატუსთან დაკაშირებით განცხადებით მიუმართავს სამინისტროსთვის. შესაბამისად, სამინისტრო მას ვერაფრით დაეხმარება. აქამდე სამინისტროს პოლიტიკა იყო ასეთი: სტატუსს პირს მისცემდნენ მას შემდეგ, რაც მასზე კომპენსაციას გასცემდნენ. გამგეობა კი, თავის მხრივ, იმ ადამიანთა სიებს აწვდიდა, ვისაც ეკუთვნის კომპენსაციები.  სამინისტრო ინდივიდუალურად განიხილავდა კომპენსაციის მიმღებთა სიებს, ანიჭებდა კომპენსაციას და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდა პირებს დევნილის სტატუსს. ახლა კი სამინისტროში განმიცხადეს, რომ პირს ჯერ მხოლოდ სტატუსს ვაძლევთ, შემდეგ კი კომპენსაციებსო. ეს კი სამინსტროს ახალი და უცხო პოლიტიკაა, რაც აქამდე არ მსმენია.

სამინისტროში აცხადებენ,  რომ სერგო ჯაბაურს მათთვის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს და სწორედ ამიტომ არა აქვს დევნილის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრს ჯაბაურმა წარმოუდგინა განცხადების ასლი, რითაც მან  სამინისტროს მიმართა სტატუსის მინიჭების თაობაზე. განცხადებას თან ერთვის დადასტურება იმისა, რომ სამინისტრომ განცხადება  მიიღო. სერგო ჯაბაურის განცხადება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტრომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა, რაც ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიანიჭებენ თუ არა სერგო ჯაბაურს  სტატუსს და მისცემენ თუ არა კუთვნილ კომპენსაციას, სავარაუდოდ 14 თებერვალს, სასამართლო პროცესის შემდეგ გაირკვევა. იქამდე კი ჯაბაურს წასასვლელი არსად აქვს. მას საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ - პირდაპირ ქუჩაში.

ახალი ამბები