კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდოელის მოსალოდნელი სიკვდილი

11 თებერვალი, 2011

სალომე აჩბა

რუსეთის მოქალაქის, მაგომედ გამზატოვის სიკვდილი ბევრ კითხვას ბადებს. იგი 5 თებერვალს იპოვეს გარდაცვლილი. როგორც გაირკვა, გამზატოვი მოწამლულია. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მისი სიკვდილი რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უკავშირდება, ანუ იგი მოწამლეს.

მაგომედ გამზატოვი ეთნიკური უმცირესობის - დიდოელების წარმომადგენელი იყო. 2010 წლის ბოლოს იგი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებისა წარმომადგენლებს, აგრეთვე - საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა. მან ყველასათვის მოულოდნელი და სკანდალური იდეა გაახმოვანა - დაღესტნის კუთხე, დიდოეთი რუსეთის ფედერაციას უნდა გამოეყოს და საქართველოს შეუერთდეს, რადგან რუსეთის შემადგენლობაში დიდოელ ხალხს განადგურება ემუქრებაო.

გამზატოვის საქართველოში ვიზიტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ეროვნულმა ტელევიზიებმა მაშინვე აიტაცეს. სტუმარს თან ჰქონდა ჩამოტანილი მიმართვა 14 000 ხელმოწერით. ამ დოკუმენტით იგი საქართველოსგან დიდოელი ხალხის უფლებების დაცვასა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში დახმარებას ითხოვდა.

მაგომედ გამზატოვის საქართველოში ჩამოსვლასა და აქაურ განცხადებებს რუსეთში მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა, ცხადია, იცოდა, რომ გამზატოვი წლების განმავლობაში იბრძოდა დიდოელთა უფლებებისთვის. მან როგორც რუსეთის ფედერალურ, ისე დაღესტნის რესპუბლიკის ხელისუფლების წინაშე არაერთხელ დააყენა დიდოელთა სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურული პირობებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხი. თუმცა, ამ თემით რუსეთში არავინ დაინტერესებულა – მისი მოთხოვნები ყოველთვის უგულვებელყოფილი იყო.

გამზატოვის ბოლო იმედი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ხმის მიწვდენა იყო.  ვიზიტის ფარგლებში იგი  შეხვდა პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს და სხვა ქართველ დეპუტატებს. პარლამენტში მას დიდოელი ხალხისთვის დედაენისა და გრამატიკის სახელმძღვანელოს გამოცემასა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროში არსებული სხვა პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდნენ.

თუკი იქამდე დიდოელი მოქალაქის თხოვნასა თუ მოთხოვნებს, რუსეთში ყურადღებას არავინ აქცევდა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამზატოვის განცხადებებმა რუსულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

„გამზატოვი  არ არის წუნტის რაიონის მაცხოვრებელი და მას მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. რაიონის მაცხოვრებლებმა არ იცოდნენ, რომ მათი სახელით გამზატოვმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა“, -  განაცხადა დაღესტნის რესპუბლიკის მინისტრმა ნაციონალურ საკითხებში ბეკმურაზ ბეკმურზაევმა „კავკასკი უზელთან“ ინტერვიუში.

როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გვაცნობა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამზატოვი კვლავ შეეცადა დაღესტნის იმ სოფლებში ჩასვლას, სადაც ადრე ხელმოწერები მოაგროვა. თუმცა, გამგებლებმა იგი სოფლებში აღარ შეუშვეს.

გამზატოვის საქართველოში ვიზიტს ქართული მედიაც აქტიურად აშუქებდა. ამ მოვლენას ზედმეტად პოლიტიკური ელფერი მიეცა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ჭრილში. ამ მხრივ, დიდოელის გარდაცვალებაზე საქართველოს ხელისუფლებასაც ერთგვარი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება. იმთავითვე მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას საფრთხე ელოდა. ამის მიუხედავად, გამზატოვის დაცვა შესაძლო თავდასხმებისგან არავის უფიქრია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ მხარეს არ შეეძლო დიდოელი მოქალაქისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა: „საქართველოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება. ჩვენ გამოვეხმაურეთ გამზატოვის სავსებით კანონიერ მოთხოვნას, დიდოელთა სოციალური, ეკონიმიკური თუ კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ძალიან კარგი იქნებოდა, საქართველოს ჰქონდეს იმდენი შესაძლებლობა, რომ აღმოიფხვრას ის მასობრივი უფლებადარღვევები, რაც რუსეთში ხდება, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება“.

„მაგომედ გამზატოვს, რასაკვირველია, თავადვე უნდა სცოდნოდა და მზად უნდა ყოფილიყო იმ შედეგებისთვის, რაც სავარაუდოდ მის ვიზიტს მოჰყვებოდა.  საინტერესოა, რომ რუსეთში დაბრუნებული გამზატოვი თავს იმით იმართლებდა, რომ მას საქართველოში პოლიტიკური ვიზიტი არ ჰქონია. ამას იმითაც ასაბუთებდა, რომ პოლიტიკოსების გარდა თბილისში შეხვდა საზოგადო მოღვაწეებსა და მეცნიერებს, რომლებიც მას საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი მის საქათველოში ჩამოსვლას ზედმეტად პოლიტიკური ელფერი მისცა, რაც რეალურად, როგორც თავად გამზატოვმაც არაერთხელ აღნიშნა, ასე არ იყო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე humanrights.ge-სთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილმა უკვე მიმართა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას მაგომედ გამზატოვის საქმის გაცნობისა და გამოძიების მონიტორინგის თხოვნით.

ნუგზარ წიკლაური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: „აუცილებელია, გამზატოვის სკვდილთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ყველა საიდუმლოს აეხადოს ფარდა. ეს კი მხოლოდ მიუკერძოებელი, ობიექტური სააერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი. არავისთვისაა ახალი, რომ რუსეთი არის ქვეყანაა, სადაც ადამიანები თავიანთი უფლებების, ენისა თუ კულტურის გადარჩენისთვის, თავიანთი შვილების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო, შესაძლოა, სიკვდილითაც დაისაჯონ. სწორედ ამ გარემოების გამო, საქართველოს პარლამენტის წევრთა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, მიემართა ისეთი საერთაშორისო ორგანზაციებისთვის, როგორიცაა: „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და „ჰუმან რაითს ვოთჩი“. ქართველი დეპუტატები უფლებადამცველებს სთხოვენ, ჩაერთონ გამზატოვის საქმეში და დააკვირდნენ გამოძიების პროცესს“.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები გამზატოვის სიკვდილის გამოძიების საქმეში. საზოგადოებისთვის არც ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი. თუმცა, რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანოს ექსპერტიზამ, ცოტას თუ ეეჭვება დიდოელის ბურუსით მოცული სიკვდილის კავშირი  მის ბოლოდროინდელ საქმიანობასთან.

ახალი ამბები