კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პოლიციის უფროსის დასჯას ითხოვს

11 თებერვალი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თელავის პოლიციის უფროსის, შოთა ბეჟანიშვილის დასჯას ითხოვს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, 2010 წლის 6 აპრილს, პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით თელავში არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს, რადგან მისგან ველოსიპედის ქურდობის აღიარებასაც ითხოვდნენ.

არასრულწლოვანის თქმით, პოლიციის უფროსი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუკი აღნიშნულ ფაქტს გაახმაურებდა: „დაკითხვისას ოთახში მხოლოდ გამომძიებელი და ჩემი მასწავლებელი იყვნენ. სანამ მასწავლებელი მოვიდოდა, გამომძიებელმა სახეში გამარტყა და მომთხოვა, დანაშაული მეღიარებინა. შემდეგ პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პოლიციელმა მცემა. რაოდენობა არ მახსოვს. თავში, ფეხებში, მთელ სხეულზე მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ - დანაშაული აღიარე, თორემ მოგკლავთო; არსად არაფერი წამოგცდეს ცემის ფაქტზე, თორემ უარესი მოგივაო. ამიტომ ცემის შესახებ თავიდან ვერაფერს ვამბობდი. ციხეში მიყვანის შემდეგ კი გავბედე და ვთქვი, რომ მცემეს“.

ბრალდებულის დედის თქმით, მისი შვილი თელავის პოლიციის გამომძიებელმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ცემა.

„ჩვენთვის აღნიშნული ფაქტი 2010 წლის 16 აპრილს გახდა ცნობილი, როცა პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან პატიმარს მალხაზ მ-ს, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. არასრულწლოვნის განმარტებით, იგი 2010 წლის 6 აპრილს თელავში დააკავა პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის გამო. იგი აღნიშნავდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე სთხოვდნენ ველოსიპედის ქურდობის აღიარებას. მალხაზ მ-ს თქმით, პოლიციის უფროსი მას დაემუქრა სოცოცხლის მოსპობით, თუკი იგი აღნიშნულ ფაქტს გაახმაურებდა. 2010 წლის 16 აპრილს არასრულწლოვანს აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველმა საქმე რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, პროკურატურიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2010 წლის 16 აპრილს, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„2010 წლის 6 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან კვლავ გამოვითხოვეთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე. მიღებული პასუხის თანახმად, დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს, კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორისა და ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის თანამშრომლები, ასევე, მალხაზ მ-სთან ერთად დაკავებული პირები და მათი მშობლები. ამავე პასუხის თანახმად, 2010 წლის 09 აპრილს N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან გაცემული მალხაზ მ-ს ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

კახეთის საოლქო პროკურორის, თამაზ ცაბუტაშვილის განცხადებით, მალხაზ მ-ს საქმე ამ დროისთვისაც გამოძიებაშია.

„რაღაცები გვაქვს დასაზუსტებელი და ამ პროცესში ვართ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯერჯერობით არავინ არ არის მიცემული“, - აღნიშნა პროკურორმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, სხვადასხვა მასალებისა და ცალკეული ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევებში, ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს და ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმეებს.

ახალი ამბები