07:41, Friday, 19.12.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კავკასია, ცენტრალური აზია: შეხედეთ, ვინ ქმნის ამინდს ამერიკის ლობისტურ ინდუსტრიაში

15.02.2011

ჯოშუა კუცერა, Eurasianet.org

აშშ-ს მთავრობის დოკუმენტების თანახმად, ვაშინგტონში ლობისტებისთვის გადახდილი ფულით, საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას შორის ლიდერობს.

2010 წელს საქართველოს 4 ლობისტურ კომპანიასთან ჰქონდა კონტრაქტი. მათი საერთო ღირებულება სულ ცოტა $1.5  მილიონს უდრიდა და ამ კომპანიებიდან ზოგიერთი  ვაშინგტონში ყველაზე გავლენიან ფირმებს განეკუთვნება. აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვაშინგტონში მათ წარმომადგენლად მხოლოდ თითო-თითო ფირმას ამუშავებენ და  ბევრად ნაკლებს ხარჯავენ.  აზერბაიჯანს ამჟამად კონტრაქტი აქვს კომპანიასთან Patton Boggs და მას ყოველთვიურად $35 000 უხდის, ხოლო ყაზახეთი კომპანიას BGR Public Relations LLC თვეში $25 000 უხდის. სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს ცალ-ცალკე კონტრაქტი აქვთ Mark Saylor-ის კომპანიასთან და მას  საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მომსახურებისთვის წლიურად  $120 000 უხდიან.

2009 წელს უცხოურმა მთავრობებმა ვაშინგტონში რეპრეზენტაციისთვის დაახლოებით  $60 მილიონი დახარჯეს. ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების ProPublica-სა და Sunlight Foundation-ის მონაცემები, ისინი ავლენენ მსგავს დანახარჯებს (2010 წლის მონაცამები ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არაა).

თუ იმას ვივარაუდებთ, რომ 2010 წლის მონაცემები თავსებადია, მაშინ გამოდის, რომ საქართველო  ვაშინგტონის ლობისტური კუნთის  ერთ-ერთ მთავარ უცხოელ დამფინანსებელად ყალიბდება.  2009 წელს  Sunlight Foundation-მა რანჟირება გაუკეთა მთავარ მხარჯველებს და მეათე ადგილზე გასულმა ტაივანმა დაახლოებით $1.55 მილიონი დახარჯა, თურქეთი მე-8 ადგილზე აღმოჩნდა და მისი ხარჯი 2009 წელს $1.68-ს უტოლდებოდა.

Sunlight Foundation-ის წამყვანი  თანამშრომლის თქმით, ლობირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბიციური და განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც შედარებით გამოუცდელი დიპლომატიური კორპუსი ჰყავთ.  ამ ქვეყნებს სჭირდებათ ურთიერთობები კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვის დეპარტამენტთან და ალბათ ღირს გავლენიანი ამერიკელებისთვის ფულის გადახდა იმისთვის, რომ ყველა შეხვედრა და შესაბამისი რიტუალი მათ მაგივრად ჩაატარონ – ამბობს ალისონი.

„იმის ნაცვლად, რომ   გამოაგზავნოს ვიღაც საწყალი ქართველები, რომლებიც აქ კონტაქტების სწრაფად დამყარებას ეცდებიან, ისინი ქირაობენ სააგენტოებზე მომუშავე ადამიანებს, ან მათ ვისაც ამ სააგენტოებთან, ან  პოლიტიკურ მოთამაშეებთან კავშირები აქვთ, რათა ვაშინგტონში გავლენა  იქონიონ“, – ამბობს ალისონი.

„ეს ქვეყნები იმ ვაშინგტონელი გავლენიანი ფიგურებისგან, რომლებსაც ლობისტური კომპანიების მართვისკენ აქვთ მიდრეკილება, მოგებას ნახულობენ და მათგანაც, ვინც შეიძლება ბევრად უფრო გავლენიანი იყოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მათივე ქვეყნიდან“,  – ამბობს ალისონი, - „ვიღაც ქართველთან ლაპარაკი რაში მარგებს? მაგრამ თუ იმას ველაპარაკები, რომელიც  ჩემი სააგენტოს სათავეში იდგა, ან ვინც მომავალ ადმინისტრაციაში ჩემი სააგენტოს ხელმძღვანელს წაიყვანს, მას ალბათ, უფრო მოვუსმენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ამჟამად არ ჰყავს ლობისტები ვაშინგტონში, არსებობს რამდენიმე ძლევამოსილი სომხურ-ამერიკული ორგანიზაცია, რომლებიც სომხების ინტერესებისთვის ლობირებენ.  აი, სწორედ ამ მიზეზით აქტიურობს აზერბაიჯანი ლობისტურ სექტორში“ – ამბობს გორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის  სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. „აზერბაიჯანს კარგად ორგანიზებული და კაპიტოლიუმის ბორცვზე ყველასთვის ცნობილი მტერი ჰყავს“, – განაცხადა მან.

საქართველო ძალიანაა შეერთებულ შტატებთან მის ალიანსზე დამოკიდებული და ესაა მისი ხარჯების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი – დასძენს ველტი. „(კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან) საქართველო, ალბათ, ყველაზე მეტადაა ვაშინგტონის ცხოვრებაში ჩართული და ამიტომ ესმის, როგორ უნდა აკეთოს საქმე“, – განაცხადა მან – „ის ასევე დარწმუნებულია, რომ ბევრად უფრო ძლიერი ისეთი მტერი ჰყავს, რომელსაც ვაშინგტონზე ხელი მიუწვდება, თუ ობამას ადმინისტრაციის აშშ-რუსეთის ურთიერთობათა გადატვირთვის პრიორიტეტს გავითვალისწინებთ“.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით (რომელსაც ევალება ლობისტური აქტივობების განსაჯაროება), 2010 წელს საქართველოს Orion Strategies-თან $420 000-იანი, Gephardt Group-თან $426 800-იანი, Podesta Group-თან $300 000-იანი და Ithaca Group-თან $270 000-იანი კონტრაქტები ჰქონდა. Podesta-სთან კონტრაქტი მხოლოდ ექვსთვიანი იყო, მაგრამ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს სპიკერის, ნათია ზამბახიძის  თქმით, ჯგუფი საელჩოსთვის მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა.

საქართველოს ლობისტები ორივე მთავარ ამერიკულ პარტიაში გავლენიანები არიან. The Gephardt Group-ს რიჩარდ გეპჰარდტი ხელმძღვანელობს, კონგრესის ყოფილი წევრი დემოკრატიული პარტიიდან და კონგრესის დემოკრატების ლიდერი 1989-2003 წ.წ. Podesta-ს ტონი პოდესტა უდგას სათავეში, დემოკრატიული პარტიის მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ხოლო მისი ძმა ჯონი, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის უფროსი იყო. Orion-ს რენდი შუნემანი ხელმძღვანელობს, ის კი 2008 წელს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს  ჯონ მაკკეინის საგარეო პოლიტიკური მრჩეველი იყო.

„მთავრობა და საელჩო ყოველდღიურად მუშაობენ შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად. შეერთებული შტატები ჩვენი შეუცვლელი მოკავშირეა  დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის მშენებლობის პროცესში“, -  განაცხადა ზამბახიძემ.

„აშშ-ს მედიასთან ურთიერთობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ საქმიან  და ზოგადად ამერიკულ საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი რეფორმების შესახებ და გავაცნოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“, – დასძინა ზამბახიძემ – „ურთიერთობის გაღრმავებისას აქ აშშ-ში ჩვენ ბევრი ადამიანის, მათ შორის ჩვენი კონსულტანტების ცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებთ“.

საქართველომ თავისი ლობისტური აქტივობა ამ ბოლო დროს მაშინ გააფართოვა, როდესაც აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა დანახარჯები შეამცირეს. 2008 და 2009 წ.წ. აზერბაიჯანმა სხვადასხვა ლობისტურ ფირმაში  მთლიანად $1.3 მილიონი გადაიხადა, საქართველომ – $1.4 მილიონი და ყაზახეთმა – $1.7 მილიონი. სხვა არც ერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ დაუქირავებია ვაშინგტონური ლობისტური ფირმები.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საელჩოებმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს. არც ერთ კომპანიას, რომელსაც EurasiaNet.org-ი დაუკავშირდა, მონაცემებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანმა 2009 წლისა და 2010 წლის დიდი ნაწილი ლობისტების გარეშე გაატარა და მხოლოდ  დეკემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს Patton Boggs-თან. იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილი კონტრაქტი ცოტას გვაცნობებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ბაქოს კონკრეტულად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანიის საქმიანობა „მოიცავს აზერბაიჯანისთვის, აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებში კონსულტირებასა და დახმარებას“.

წინა ლობისტური აქტივობისას აზერბაიჯანი როგორც სჩანს, ძირითადად შეერთებულ შტატებში საკუთარი იმიჯით ინტერესდებოდა. 2007 წელს, Livingston Group-ის მეშვეობით  აშშ-ს კონგრესის ჩინოვნიკებთან 91 შეხვედრა ჩატარდა. ეს შეხვედრები ეხებოდა რეზოლუციას ფარად ალიევისა და რაფიდ ალიევის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ციხეში შეთქმულების მოწყობის ბრალდებით მოხვდნენ და ამ საქმემ საერთაშორისო უფლებადამცველების ყურადღება მიიპყრო. (დოკუმენტი კენჭისყრაზე არასდროს დამდგარა).

2009 წელს ლობისტები აზერბაიჯანისთვის მუშაობდნენ იმისთვისაც, რომ კონგრესის წევრებს აღენიშნათ მთიანი-ყარაბახის ომის დროს, ხოჯალიში მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა მოსახსენიებელი დღე. ძალისხმევამ როგორ სჩანს მცირე შედეგი გამოიღო: კონგრესის ერთმა წევრმა მაინც ედ უითფილდმა, რესპუბლიკელმა კენტუკიდან, კონგრესის დოკუმენტში ოფიციალურად აღიარა ხოჯალის მოვლენები მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე ის ამ საკითხთან დაკავშირებით Livingston Group-ის ლობისტებს შეხვდა.

სამთავრობო დოკუმენტების თანახმად, ყაზახეთის ამჟამინდელი კონტრაქტი BGR Public Relations-თან მხოლოდ მედიაში გაშუქებას ეხება, რადგან ყველა ცნობილი კონტრაქტი დაიდო ამერიკული მედიის რეპორტიორებთან და რედაქტორებთან,  მაგრამ წარსულში ყაზახეთს ჰყოლია დაქირავებული ლობისტები პოლიტიკურ ფიგურებზე გავლენის მოსახდენად. მათ შორის იყო კონტრაქტი Policy Impact Communications-თან, რათა მას უცხოური დახმარების კანონპროექტიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნების ამოღება ეცადა.

საქართველოს ლობისტური ინტერესები, როგორც სჩანს, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ისეთ შეხვედრებს შეიცავს, რომლებიც ორიენტირებულია სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. მაგრამ მედიაში გაშუქების მოპოვებაც საქართველოს ლობისტებისთვის მაღალი პრიორიტეტია: მაგალითად, Podesta Group-ის წარმომადგენლებმა 2010 წელს ბევრჯერ სცადეს საინფორმაციო არხებს, დაწყებულს CNN-დან   Al Jazeera-მდე  გადაეცათ ინტერვიუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.  გარდა ამისა, როგორც სჩანს, Podesta ცდილობს მიაწოდოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის პროფილის შექმნის იდეა ჟურნალის People and Marie Claire-ის რედაქტორებს.


ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Sequoia
2011-11-09 16:58
Shiver me timrbes, them's some great information.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC