კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ქრებიან და ჩნდებიან ადამიანები - 17-საათიანი უკანონო პატიმრობა აჭარის შს მთავარ სამმართველოში

17 თებერვალი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

თამარ დოლიძე პოლიციის თანამშრომლებმა სახლიდან 27 იანვარს ღამის 3 საათზე გაიყვანეს. ის შინ, ისევ პოლიციის თანამშრომლებმა დააბრუნეს, თუმცა - 17 საათის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში დოლიძის ახლობლებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, სად წაიყვანეს და რატომ. საქმის ირგვლივ დაწყებული გამოძიება კი გამომძიებელმა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, უკვე შეწყვიტა.

ბათუმელი თამარ დოლიძე აჭარის მთავარი სამმართველოს შენობაში, დაახლოებით 17 საათის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ გამოკეტილი.

თამარ დოლიძე: „ღამის 3 საათზე დამიკაკუნეს. კარი გავხსენი, რადგან მითხრეს, რომ მთავარი სამმართველოდან იყვნენ. შემოვიდნენ და მითხრეს - უნდა გამოგვყვეთ 15 წუთითო. რა თქმა უნდა, საბუთები მაჩვენეს, ვინც იყვნენ. მე ვუთხარი, რომ მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი. მიბრძანეს, რომ ვინმე შემეწუხებინა და დამეტოვებინა. არაფერი სანერვიულო არა გაქვთო. ჩემი ახლობლების შესახებ აინტერესებდათ და მეკითხებოდნენ. არანაირი ზეწოლა და არაფერი ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა“.

თამარ დოლიძის მაზლს, ბეჟან კახაძეს ორ მოქალაქესთან ერთად ტაქსის გატაცება ედებათ ბრალად. ისინი რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ თამარ დოლიძის სამმართველოში დიდი ხნით გამოკეტვა დაკავებულებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად მოიფიქრეს. 

დოლიძეს ოჯახი 17 საათის განმავლობაში ეძებდა. საქმეში ჩართულ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ადვოკატსაც აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოდან არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს შენობაში იყო.

საქმეში ჩართული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი ჩარკვიანიც, რომელიც აცხადებს: „ოჯახი დილიდანვე დამიკავშირდა. ჩვენ დაახლოებით თორმეტის ნახევარზე ვიყავით აჭარის მთავარ სამმართველოში, სადაც გვითხრეს, რომ მათთან ქალბატონი თამარ დოლიძე არ იმყოფებოდა. ასევე შევამოწმეთ ჟურნალები, სადაც არაფერი არ იყო აღრიცხული. ამის შემდეგ ოჯახმა პოლიციას აცნობა, რომ თამარ დოლიძე დაიკარგა. ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ვაგრძელებთ“.

გასულ წელს თამარ დოლიძის მსგავსად, პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვანი ნიკა ბუაძე ჰყავდათ მთავარი სამმართველოს შენობაში უკანონოდ გამოკეტილი. მოგვიანებით იგი გაასამართლეს და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, ნიკა ბუაძემ პოლიციის თანამშრომელს, მალხაზ გაბაიძეს სხეულის დაზიანება მიაყენა. ბუაძის საქმე უკვე ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

თამარ დოლიძისა და ნიკა ბუაძის ადვოკატიც ნანა ანდღულაძეა.

ნანა ანდღულაძე, ადვოკატი: „შუაღამისას არავის არა აქვს უფლება, მიაკითხოს და წაიყვანოს პიროვნება, თუ ის არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ძებნილი. მით უმეტეს - დაატოვებინოს არასრულწლოვანი შვილები და უგზო-უკვლოდ გააქროს საათობით. პოლიციის მხრიდან ეს იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თანაც, შენობაში ისე შეიყვანეს, რეგისტრაციის ჟურნალშიც კი არ გაატარეს, რაც ასევე დანაშაულია“.

ადვოკატი იხსენებს, როგორ დაუკავშირდა აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ჯაშს, რომელმაც უარყო მათთან მოქალაქე თამარ დოლიძის ყოფნა. უარყოფითი პასუხი მიიღეს სამმართველოს სამორიგეოდანაც. ამის შემდეგ კი უკვე მიმართეს პოლიციას, რათა დაწყებულიყო თამარ დოლიძის ძებნა, როგორც გაუჩინარებული პიროვნებისა.

„მთავარმა სამმართველომ პოლიციაც კი მოატყუა. იცოდნენ, რომ იქ ჰყავდათ პიროვნება და პოლიციის რაიონულ განყოფილებას, სადაც თამარი ცხოვრობს, დააწყებინეს მისი ძებნა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხეს მეზობელი - ნინო, რომელთანაც იყო დატოვებული ბავშვები. ნინომ დაადასტურა, რომ თამარ დოლიძე პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, საქმის გამომძიებელი, ფრიდონ ბოლქვაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ჩვენს წარმოებაში იყო თამარ დოლიძის საქმე. მოკვლეული მასალებით არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა არ იკვეთება“.

თამარ დოლიძე 28 იანვარს ისევ პოლიციის თანამშრომლებმა, პოლიციის მანქანითვე ჩამოსვეს მის საცხოვრებელ სახლთან. რაიონულმა პოლიციამ კი გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა შეწყვიტა.

ახალი ამბები