კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს

18 თებერვალი, 2011
შეფასება


ნინო ცაგარეიშვილი, humanrightshouse.org

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების თავისსავე მიზანს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. კანონპროექტი ასევე არღვევს პირადი ცხოვრების უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის ბალანსს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

I მუხლის თანახმად, კანონპროექტის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველყოფა. მისი ერთ-ერთი ინიციატორის, ლაშა თორდიას განცხადებით: „დღეისათვის  საქართველოს კანონმდებლობაში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული დებულებების მოქმედება  მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე ვრცელდებოდა. კანონპროექტით შემოთავაზებულ ერთ–ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მისი მოქმედების გავრცელება კერძო სექტორზე. ასევე სიახლეა ახალი ინსტიტუტის – მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შექმნა, რომლის მიზანი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაცია და ზედამხედველობა მის შესრულებაზე“.

ამგვარად, კანონი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მიერ. დამუშავებული მონაცემები გადაეგზავნება მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც დამუშავების კანონიერების ზედამხედველის როლში გვევლინება. ტერმინი „დამუშავება“ გულისხმობს პერსონალურ მონაცემზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის მონაცემთა გამჟღავნებას მისი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია, ცხადია, დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საჭიროებაა. თუმცა, ამ მიზნის უზრუნველყოფის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს.

კერძოდ, კანონპროექტის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა (ე.წ. სენსიტიური მონაცემები) დამუშავებას მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით“.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი შემდეგნაირად არის განმარტებული: „პერსონალური მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან. ასევე -ბიომეტრული მონაცემი, რითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მახასიათებელი ნიშნებით პირის იდენტიფიკაცია“.

აღნიშნული დებულება შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. კონსტიტუცია ზუსტად აკონკრეტებს იმ საჯარო ინტერესთა ჩამონათვალს, რომელთა დაცვის საფუძველზეც შესაძლებელია სენსიტიური ინფორმაციის გავრცელება. კერძოდ, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი სახის ინფორმაცია შესაძლებელია გაიცეს: „როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნის თანახმად, ტერმინი „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი“ გაუმართლებლად ფართო მნიშვნელობის მატარებელია და აუცილებელია, კანონპროექტში ზუსტად აისახოს ის ლეგიტიმური მიზნები, რის შესაბამისადაც მოხდება მითითებული მონაცემების დამუშავება.

„კანონპროექტის მეორე მუხლის მიხედვით, მისი მოქმედება არ ვრცელდება „მონაცემთა დამუშავებაზე საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის - ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნებისათვის“, რაც მეტად ავიწროებს და ძნელად წარმოსადგენს ხდის საჯარო ინტერესების ჩამონათვალს, რომელთა დასაცავად, შესაძლოა, შეიზღუდოს სუბიექტის უფლება და დამუშავდეს მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“, - აღნიშულია საიას დასკვნაში.

ლაშა თორდიამ „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი“ ნეტგაზეთთან ინტერვიუში შემდეგნაირად განმარტა: „საბავშვო ბაღს, ან რომელიმე ჯანდაცვის ობიექტს რომ ჰქონდეს ინფორმაცია, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის თუ არა ადამიანი დაინფიცირებული შიდსის ვირუსით, ან საბავშვო ბაღს რომ ჰქონდეს ინფორმაცია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ“. „განსაკუთრებით სენსიტიური თემების შემთხვევაში, ამ მონაცემების დაცვაზეა საუბარი. ეს მონაცემები უნდა იყოს კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებული და არ შეიძლება, არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ვინმემ ეს ინფორმაცია“, - დასძინა მან.

თუმცა, კანონპროექტი ქმნის შესაძლებლობას, ბუნდოვანი საჯაროს ინტერესის დაცვის მიზნით გაიცეს სენსიტიური ინფორმაცია, ანუ  - მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენების დიდ რისკს.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს კანონი შექმნის დამატებით მექანიზმებს ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის განსახორციელებლად. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეების პოლიტიკური და მსოფლმხედველობითი შეხედულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ასევე პირის ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. ეს კი არაერთხელ გამხდარა საქართველოში სხვაგვარად მოაზროვნეებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ანგარიშსწორების საფუძველი. არანაირი გარანტია არ არსებობს მსგავსი მონაცემების არაკეთილსინდიერი გამოყენებისგან დაცვისათვის“.

კიდევ ერთ კონსტიტუციასთან შეუსაბამო დებულებას წარმოადგენს კანონპროექტის მეხუთე მუხლის „გ“ პუნქტი, რომლის თანახმადაც, პირადი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს, თუ „მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამმუშავებლის მიერ, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად“. თუ მე-6 მუხლი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას გაუმართლებლად ფართო მნიშვნელობით, აქ პრობლემა კონკრეტული ხასიათისაა. „მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად“ არ შეიძლება პირადი მონაცემის დამუშავების საფუძველს წარმოადგენდეს.

„მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რითაც გათვალისწინებულია ის საფუძვლები, რა საფუძვლებითაც შეიძლება მოხდეს პირადი ინფორმაციის დამუშავება. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტის შემუშავებული ვერსია რეალურად ცვლის ამ საკითხის კონსტიტუციურ რეგულირებას და აწესებს განსხვავებულ რეგულაციას, რაც არის დაუშვებელი“, - აცხადებს სოფო ვერძეული, საიას იურისტი.

კანონპროექტი ასევე არღვევს ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის. კანონპროექტის მე-3 მუხლის „გ“ და „დ’’ პუნქტების თანახმად, მისი მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დამუშავებასა“ და „მონაცემთა დამუშავებაზე საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულების გამოძიების მიზნებისათვის“.

საკუთარ დასკვნას აქვეყნებს ორგანიზაცია „მე-19 მუხლი - გლობალური კამპანია გამოხატვის თავისუფლებისათვის“, რომელშიც აღნიშნულია: „ორივე გამონაკლისი კლასობრივ გამონაკლისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის მოქმედება არ გავრცელდება ისეთი ინფორმაციების მიმართ, რომელიც აღნიშნულ კატეგორიებს მიეკუთვნება. აქ არ არის გათვალისწინებული შესაძლო ზიანისა და საჯარო ინტერესის უპირატესობის ტესტი. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულების გამოძიების მიზნებისათვის კანონპროექტის მოქმედების შეზღუდვას, ეს პოლიციისა და სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან სერიოზული დარღვევების რისკს ქმნის. ეს კი საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რადგანაც არ ითვალისწინებს შესაძლო ზიანისა და საჯარო ინტერესის უპირატესობის ტესტს“.


ახალი ამბები