კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

21 თებერვალი, 2011

2011 წლის 8 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვით და ეკოლოგიურ ფუნქციებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეითავსებს, ხოლო ბუნებრივი რესურსებისა (ტყე, წყალი, მიწა) და ლიცენზირების ფუნქციებს _ ენერგეტიკის სამინისტრო. დაცული ტერიტორიების (ნაკრძალები, ეროვნული პარკები და ა.შ.) დეპარტამენტი კი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.

საქართველოს მთავრობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არავის არაფერს ეკითხება: არც გარემოს დაცვის სამინისტროს, არც – ამ დარგის სპეციალისტებს. არადა, ორჰუსის კონვენციის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ არჩევნის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

გლობალური დათბობის ფონზე, დღეს მთელი მსოფლიო აძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხარჯავს უამრავ ფულს, რომ ეკოლოგიური პრობლემები გადაიჭრას. საქართველოს ხელისუფლება კი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციით, ფაქტიურად, უპატრონოდ ტოვებს საქართველოს გარემოს და იხსნის პასუხისმგებლობას ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაზე.

და ყოველივე კეთდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 8 დეკემბერს მექსიკაში გამართულ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საერთაშორისო თანამეგობრობას პირობა მისცა, რომ საქართველო ეკოლოგიური პრიორიტეტების ქვეყანა იქნებოდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა ეწინააღმდეგება მთელ რიგ კანონებს, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს.

•  მაგალითად, 1995 წელს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გარემო და უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.

•  1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების 57-ე მუხლის თანახმად, „საქართველო ვალდებულია, გააძლიეროს გარემოსდაცვითი ღონისძიებები და სტრუქტურები“.

ბოლო პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტროში უამრავი ნეგატიური მოვლენა მოხდა: კორუფციული გარიგებები, ხმაურიანი დაჭერები, სამინისტროს იმიჯის შელახვა და ა.შ. როგორც ჩანს, ეს უწყება თუკი ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ ვერ მართა, როგორც საჭიროა, ამიტომ ის უნდა დაიშალოს. ეს, ჩვენი აზრით, დანაშაულია, რადგან ამდენი ხნის მანძილზე სამინისტრო ყალიბდებოდა ერთიან ორგანიზმად და მისი ფუნქციების სხვადასხვა უწყებებში გადანაწილებით რეალურად მძიმე შედეგებს მივიღებთ.

საქართველოს ხელისუფლებას გარემოს მიმართ მომხმარებლური პოზიცია გააჩნია. სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ კი ვფიქრობთ, რეალური საფრთხის წინაშე დგას მთლიანი ეკოსისტემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

 1.  შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია;

2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აღუდგეს ყველა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა 2003 წლის მდგომარეობით და გაიზარდოს მისი უფლებები და დაფინანსება, რათა სამინისტრომ რეალური პრობლემები გადაწყვიტოს.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანა“

კავკასიის ეკოლოგია

საქართველოს აგრობიზნეს-კონსულტანტთა კავშირი

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

ინტეგრაცია და პროგრესი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია „ბიო-რიტმი“

მწვანე ხედვა

ხალხის ხმა

ახალი ამბები