კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის მშვიდობის პროცესს საქართველოში

21 თებერვალი, 2011

გიორგი მარგიანი, humanrightshouse.org

„სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ - ამ დოკუმენტის საშუალებით მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორცილებისათვის. ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სტრატეგია კრიტიკულად მიიღეს. მათი განცხადებით, ახალი შეზღუდვები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა აწესებს მათ საქმიანობაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გაანადგურებს იმ მცირე ნდობასაც კი, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯერ კიდევ არსებობს.

„ახალი წესები გაართულებს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას კონფლიქტის რეგიონებში“, - აცხადებს გიორგი კუპატაძე, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ რედაქტორი, - „ამ შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორი ვერ დარჩება ფორმალურად ნეიტრალური - იმ შემთხვევაშიც კი თუ სამინისტროს დამოკიდებულება იქნება ობიექტური და ნეიტრალური. საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ და დამტკიცებულ პროექტს უარყოფითად მიიღებს სოხუმი და ცხინვალი. ახალი შეზღუდვები გაანადგურებს იმ მცირე ნდობასაც კი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არის განვითარებული“.

ოგე ბორჩგრევინკი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი სტრატეგიას ასე აფასებს: „მართალია, ვაცნობიერებ საქართველოს ხელისუფლების საჭიროებას, გარკვეული კონტროლი განახორციელოს დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ტერიტორიებზე, მაგრამ ეს რეგულაცია ფორმულირებულია ბუნდოვნად, აწესებს „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ ნებისმიერი საქმიანობის გაკონტროლებისა და მათზე შეტყობინების მიღებისათვის ზედმეტად ბიუროკრატიულ წესებს. შესაძლოა, ამან დაბრკოლება შეუქმნას ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკების გადაადგილების თავისუფლებას“.

კიდევ ერთი კრიტიკული მომენტია ის, რომ სტრატეგიის განვითარება არ მომხდარა გამჭვირვალე გზით. ისე, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელთან არ გამართულა კონსულტაცია, დოკუმენტი ძალაში შევიდა 15 ოქტომბერს, 2010 წელს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა საკანონმდებლო ზომებს მიმართა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი გამიზნული იყო გარკვეული საქმიანოებების შესაზღუდად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. კანონი შესწორდა იმ მტკიცებების გაცხადების შემდეგ, რომ მან დაარღვია რამდენიმე კონსტიტუციური უფლება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით განმტკიცებული უფლებები. ამგვარად, 2010 წლის თებერვალში ის შესწორდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობამ ასევე შეიმუშავა სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტები -  „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის განვითარებას. ის ასევე აქტიურად უჭერს მხარს იდეას, რომ საერთაშორისო აქტორები, ისევე როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ნდობის განვითარებასა და მშვიდობის ხელშეწყობაში საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები. აღნიშნული წესების პრეამბულა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აღიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისათვის. თუმცა, აღნიშნული წესების მე-2 მუხლის მიხედვით, „ნებისმიერი საქმიანობის წარმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდება საქართველოს მთავრობასა და ჩართულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე“.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები იმ მცირერიცხოვან ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეზე მუშაობენ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გაეროს მისია დასრულდა გასულ წელს. ახალი წესების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვათა პროექტები უნდა შეთანხმდეს საქართველოს ხელისუფლებასთან ამოქმედებამდე. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც არ ეკისრება რეინტეგრაციის სამინისტროსთან აღნიშნულზე შეთანხმება არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც თავისუფალი მოქმედების უფლება აქვს მინიჭებული.

აღნიშნული რეგულაცია ითხოვს წინასწარ შეტყობინებასა და თანხმობას რეინტეგრაციის სამინისტროსაგან ისეთი საქმიანობებისათვის, როგორიცაა - „გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება“ და „აკრძალული საქმიანობა“. ჰუმანიტარული საქმიანობა ნათლად არის განმარტებული მარეგულირებელი ორგანოს მიერ: „ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლის უფლებას“. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს აკრძალული საქმიანობის განსაზღვრება. მარეგულირებელი ორგანო მიუთითებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე“ და აცხადებს, რომ აკრძალულ საქმიანობას წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული კანონი  ზღუდავს ეკონომიკურ, სატრანსპორტო საქმიანობას, ეროვნული რესურსების გამოყენებასა და საქმიანობათა დაფინანსებას ოკუპირებულ ტერიტორიებში. აღნიშნული საქმიანობები კი არ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ასე რომ, გაურკვეველია, სინამდვილეში რას გულისხმობს „გამონაკლისი საქმიანობა“. შეტყობინების პროცესი ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს პროექტის აღწერილობასა და საქართველოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის ამონაწერს;

შემდეგ ხდება პროექტის შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით, სანამ მთავრობა გასცემს თანხმობას. მთავარი მოთხოვნაა, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და საერთაშორისო სამართალს. ასევე, მისი მიზნები უნდა იყოს სამშვიდობო ხასიათის და ემსახურებოდეს ნდობის განვითარებას ამ ტერიტორიებზე.

საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს ექნება 21 სამუშაო დღე პროექტის განხორციელებაზე უარისათვის. ამის შემდეგ ორგანიზაციებს ექნებათ უარის სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ისინი ვალდებულნი არიან, პროგრესის შესახებ ანგარიში წარუდგინონ რეინტეგრაციის სამინისტროს ყოველ ექვს თვეში პროექტის დასაწყისიდან.

მეორე მოთხოვნა: მათ უნდა გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფოსთვის მისაღები ენა. ეს ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ურთიერთობებში პრობლემებს გამოიწვევს. სამხრეთ ოსეთი, მაგალითად, ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი“ საქართველოში.

კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი თითქმის ყველა ორგანიზაცია შეეწინააღმდეგა ახალ წესებს. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) განაცხადა, რომ ის მცირედი ნდობა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა განავითარეს, დაიმსხვრევა, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი ჯგუფები იფიქრებენ, რომ მათი პარტნიორები თბილისში ხელისუფლებას აბარებენ ანგარიშს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება მან აკონტროლოს.

„მე არ ვიცი, რა არის აღნიშნული წესების შემუშავების მთავარი მიზანი, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება ვერ მიაღწევს მშვიდობისა და ნდობის განვითარების მიზნებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში. რჩება რისკი, რომ მთავრობა გადაჭარბებულად გამოიყენებს აღნიშნული წესების დებულებებს და შეაფერხებს უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას, რადგანაც წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმები ბუნდოვანი და ზოგადია“, - აცხადებს თამარ ხიდაშელი, ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.

„კონფლიქტის გადაწყვეტა ჩართულობის გზით არის სწორი და რელევანტური მიდგომა, მაგრამ აღნიშნული რეგულაცია აფერხებს ასეთი თანამშრომლობის ნამდვილ შესაძლებლობას კონფლიქტურ მხარეებს შორის“, - აცხადებს  გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.

კომენტარისას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დავით რეხვიაშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებრივ ინტერესებსა და მათ პროტესტს ნებისმიერი მაკონტროლებელი მექანიზმის დადგენის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ სიტუაცია არის განსაკუთრებული და მთავრობა ახორციელებს თავის ვალდებულებას, გააკონტროლოს ნებისმიერი საფრთხე, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობებიდან. ასე რომ, სახელმწიფო ინტერესი ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური ინტერესები“.

საია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს; ნათელი არ არის, რა საქმიანობებზეა საჭირო თანმხობა საქართველოს მთავრობისგან. „რეგულაციის კრიტერიუმებით განსაზღვრული გამონაკლისი საქმიანობები თითქმის არასოდეს წარიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ჩვენ არ ვხედავთ ამ წესებში ისეთი საქმიანობების აკრძალვას, როგორიცაა დაპირისპირებულ მხარეთა შეხვედრა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის წარმოდგენა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოებში და სხვა დაკავშირებული საქმიანობები. ასე რომ, ჩვენ არ ვგრძნობთ ვალდებულებას, მთავრობას ვთხოვოთ თანხმობის გაცემა ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში გვთავაზობს სხვა მიდგომას: „წესები ადგენენ საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ვალდებულებას, მთავრობას შეატყობინონ ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც განახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთავრობას აქვს უპირატესი ინტერესი, იცნობდეს სხვადასხვა ინსტიტუტების მიზნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგ: ეწინააღმდეგება თუ არა ისინი მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? ამ მიზეზით ვადგენთ ჩვენ მექანიზმებს, რომელთა მიზანია, აღკვეთონ ყველა ისეთი საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“.

ორიგინალი: http://humanrightshouse.org/Articles/15513.html

ახალი ამბები