კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იარაღის შესყიდვის თემა ვიკილიქსის „ქართული დოსიედან“

22 თებერვალი, 2011

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის საიდუმლო წერილი, რომელიც იარაღით ვაჭრობას ეხება, „ვიკილიქსის“ პარტნიორ გამოცემა „რუსსკი რეპორტიორში“ გამოქვეყნდა.

როგორც ტეფტის წერილშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ ბომბდამშენებისა და სხვა სახის იარაღის შეძენა საქართველოსთვის ამჟამად გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, მოთხოვნა აქტუალობას ინარჩუნებს.

შესყიდვების დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილის ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტეფტი წერს, რომ საქართველოს კონტრაქტი აქვს უკრაინულ კომპანია „ბელ ტრეიდინგთან“, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

„ბელ ტრეიდინგი“ თავისთან იტოვებს კონტრაქტის მთელ ღირებულებას, იმის მიუხედავად, განახორციელებს თუ არა იარაღის მიწოდებას. ბერძენიშვილის თქმით, კონტრაქტის ცვლილებების საფუძველი შეიძლება გახდეს არაკონდიცირებული პროდუქცია, მაგრამ ლიცენზიაზე უარი – არა. კომპანიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანი ურთიერთობა 2006 წლიდან აკავშირებთ და თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულ კომპანიასთან ბევრი კონტრაქტი გააფორმა.

ბერძენიშვილი უკმაყოფილოა კომპანიის მუშაობით და აქტიურად ეძებს შესაძლებლობას, გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა იმ თანხის დაკარგვის გარეშე, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე გადაიხადა“, - ნათქვამია ტეფტის წერილში.

ელჩი აღნიშნავს, რომ ბერძენიშვილი შეშფოთებულია „ბელ ტრეიდინგთან“ კონტრაქტების გაფორმებით, რადგან კონტრაქტები არ სრულდება.

„მაგალითისთვის მან მიუთითა არასაკმარისი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულების არასაკმარისი მექანიზმები და დიდი საკომისიო თანხა, რომელსაც „ბელ ტრეიდინგი“ კონტრაქტის პირობების შესრულების სანაცვლოდ იღებს. ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ კომპანია კონტრაქტის პირობების შესრულებას განზრახ აჭიანურებს. ამიტომ, ბერძენიშვილი აღარ აპირებს „ბელ ტრეიდინგის“ მომსახურებით სარგებლობას, მაგრამ სურს, შეასრულოს მიმდინარე კონტრაქტები, რათა გადახდილი თანხა არ დაიკარგოს“, - წერს ტეფტი.

ამერიკული მხარის კითხვაზე, იცის თუ არა სხვა კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან მსგავს გარიგებებში არიან ჩართული და "ბელ ტრეიდინგთან" ერთად აწვდიან თბილისს იარაღს, ტეფტი პასუხობს, რომ მსგავსი კომპანიების შესახებ არაფერი სმენია.

ჯონ ტეფტის ამ საიდუმლო მიმოწერას საიდუმლოების გრიფი 2019 წლის 18 აგვისტოს უნდა მოხსნოდა.

ინტეპრესნიუსი

ახალი ამბები