კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ჯდება აჭარის მინისტრებისა და სხვა საჯარო მოხელეების შენახვა

23 თებერვალი, 2011
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა, გაერკვია, რა თანხები დაიხარჯა 2010 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე საჯარო სტრუქტურაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომით ანაზღაურებაში, მივლინებებსა და მატერიალურ წახალისებაში.

ჩვენ ყველა საჯარო სამსახურს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ. თუმცა, რამდენიმემ  (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ბათუმის მერია), რატომღაც პრემიების და ხელფასების ყოველთვიური მონაცემები, მოთხოვნის შესაბამისად, არ მოგვაწოდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები კი ყველამ დაარღვია. 17 იანვრით დათარიღებული მიმართვებზე პასუხი (სრულყოფილად და ნაწილობრივ) მხოლოდ თებერვლის რიცხვებით თარიღდება. უფრო მეტიც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რამდენჯერმე შევახსენეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის თაობაზე, „გამზადებული“ ინფორმაციის მისაღებად მისულებს კი, სამინისტროში საათზე მეტი ლოდინი მოგვიწია.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, პრემია ყოველ კვარტალურად გაიცემა. კანონით პრემიის ოდენობა დადგენილი არ არის. ის არის წამახალისებელი, სიმბოლური ჯილდო და არსად წერია, რომ ხელფასის ასპროცენტიანი ოდენობით უნდა გაიცეს, ან კიდევ მეტით. თუმცა, აჭარის საჯარო მოხელეთა შემთხვევაში, არის შემთხვევები, როცა ხელფასის ორასპროცენტიანი პრემია აქვთ მიღებული. დავინტერესდით, რა განსაკუთრებული სამუშაოსთვის დაიმსახურა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დავით გაბაიძემ ორასპროცენტიანი პრემია (3 900) დეკემბერში. ამ კითხვით ადამიანის უფლებათა ცენტრმა თვითონ გაბაიძეს მიმართა და მისგან მოკლე პასუხი მიიღო: „შეგიძლიათ პრემიის გაცემის კომისიაში იკითხოთ, მე არ ვიცი“.  

ზოგადად, პრემია იმ პირებზე გაიცემა, ვინც განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა. ეს არის წამახალისებელი ჯილდო ნაყოფიერი მუშაობისთვის. თანხა კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. საჯარო მოხელის კეთილდღეობას საზოგადოება აფინანსებს. სწორედ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რაში ვუხდით მას ფულს. თუმცა, მოსახლეობა ამ ინფორმაციას ვერ ფლობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბათუმის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. 30 მოქალაქეს ერთიდაიგივე კითხვა დავუსვით აჭარის მინისტრების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებისა და პრემიების ოდენობის შესახებ. გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ არც ერთმა არ იცოდა, ამ საჯარო მოხელეების მაქსიმალური ხელფასი 1 500 ლარზე მეტი რომ იქნებოდა. რაც შეეხება პრემიას, მოქალაქეებმა ივარაუდეს, რომ ხელფასზე ნაკლები იქნებოდა. ერთ-ერთმა პენსიონერმა გაკვირვებულმა იკითხა: „რაში ერგებათ პრემია? რას აკეთებენ ჩვენთვის? წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მაგრამ ისეთ პენსიას მაძლევენ, პურის ფულად არაა საკმარისი“.

ბათუმის საკრებულო

გასულ წელს, ბათუმის საკრებულომ პრემიის სახით გასცა 178 995 ლარი 42 პიროვნებაზე. მათგან 77 220 ლარი მიიღეს ძველი მოწვევის საკრებულოს ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა. მათ შორის კი ყველაზე დაბალი _ 1 600 ლარი ლეიბორისტმა დავით რობაქიძეს შეხვდა. ხოლო, ყველაზე მაღალი კომისიის თავმჯდომარეებმა: ქართლოს მახარაძემ და ნუგზარ ჩხეიძემ _ 5 290 ლარი მიიღეს.

ხოლო, ძველი და ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, პრემიის სახით მიღებული აქვს 10 630 ლარი; მის მოადგილე ჯუმბერ კახიძეს კი - 10 430 ლარი. საინტერესოა, რომ ბათუმის საკრებულოში არსებულ საპრემიო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ კახიძე ხელმძღვანელობს. 

რაც შეეხება ხელფასებს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას, ის 2010 წლის იანვარ-თებერვალში 2 500 ლარი იყო, ხოლო მარტიდან - 2 750 ლარი. თავმჯდომარის მოადგილის, ჯუმბერ კახიძის ხელფასი ჯერ 1 540 ლარი იყო, ხოლო მარტიდან 2 150 ლარამდეა გაზრდილი.

მივლინებებში დახარჯული თანხის ოდენობა 31 663 ლარია. ეს თანხა მოიცავს თბილისსა და ქუთაისში მგზავრობის გარდა, 6-ჯერ უკრაინაში ვიზიტი, 2-ჯერ თურქეთში და საკრებულოს თავმჯდომარის ერთად 4 კაციანი ჯგუფის ვიზიტი იტალიაში.

ქალაქ ბათუმის მერია

ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, გელა მახარაძემ მიუხედავად მოთხოვნილი ინფორმაციისა, ინდივიდუალურად ბათუმის მერისა და მოადგილეების ნაცვლად, ერთიანი სია მოგვაწოდა. მოწოდებული ნუსხის მიხედვით, ბათუმის მერიამ, 2010 წელს, მატერიალური წახალისებისთვის 796 080 ლარი გასცა. თუმცა, მერიის მიერ მოწოდებული რიცხვები როცა დავაჯამეთ, 1 190 987 ლარი შეადგინა.

ხოლო ხელფასებისათვის გაცემული თანხის ოდენობამ 2 567 096 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში ბათუმის მერიის მიერ გაცემული ხელფასებისა და პრემიების ჯამი 3 758 083 ლარია.

ბათუმის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯმა სულ 69 861 ლარი შეადგინა. 2010 წლის განმავლობაში მერიის თანამშრომლებმა 202-ჯერ ისარგებლეს მივლინებით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, რატომღაც არ მოგვაწოდეს თითოეული მივლინებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.

ბათუმის მერის და მოადგილეების ხელფასებისთვის იანვარში დაიხარჯა 6 290 ლარი. ყოველ თვეში ხელფასების ზრდის შედეგად, წლის ბოლოს, დეკემბერში, მათი ხელფასებისთვის გადახდილმა თანხამ 12 881 ლარი შეადგინა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამ სამინისტრომ გასულ წელს მატერიალური წახალისება 60 თანამშრომელზე გასცა და თანხამ 225 507 ლარი შეადგინა. მათგან მინისტრმა, ლევან ანთაძემ - 12 033 ლარი, ხოლო პირველმა მოადგილემ, ჯამბულ სურმანიძემ 11 378 ლარი მიიღო. მინისტრისა და პირველი მოადგილის პრემიები ივნისსა და დეკემბერში ხელფასის ოდენობაზე მეტია.

მინისტრ ლევან ანთაძეს პირველი მოადგილის გარდა, სამი მოადილე ჰყავს. თითოეულ მათგანზე გაცემულმა პრემიამ 8 478 ლარი შეადგინა. ხოლო მათი ხელფასი 1 950 ლარია. პრემია წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიცემა. ამ შემთხვევაში კი, მათი ას პროცენტიანი ხელფასის ოდენობაზე  678 ლარით მეტი აქვთ მიღებული. 

რაც შეეხება მინისტრის ხელფასის ოდენობა, ის 2 720 ლარია, და მინისტრს ასპროცენტიან ხელფასზე მეტი _ 1 153 ლარით მეტი აქვს მიღებული. ხოლო პირველი მოადგილის ხელფასი _ 2 130, აქედან გამომდინარე მისი პრემია 2 858 ლარით მეტი, ვიდრე თავის ხელფასი ოთხჯერ აღებული.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, გასულ წელს მივლინებაში 16 954 ლარი შეადგინა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გასულ წელს, აღნიშნული სამინისტროს 35 თანამშრომელმა მიიღო პრემია 167 954 ლარის ოდენობით. სამინისტროში მთლიანობაში ამდენივე თანამშრომელია. გაცემული პრემიის თანხიდან, მინისტრმა ემზარ ძირკვაძემ 17 175 ლარი მიიღო. I მოადგილემ სოსო თურმანიძემ _ 13 610 ლარი.

2010 წლის მონაცემებით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, პირველი მოადგილის გარდა, სამი მოადგილე, სამი თანაშემწე და ორი მრჩეველი ჰყავს. თითოეული მინისტრის მოადგილის ხელფასი - 1 950 ლარი, თანაშემწეებისა და მრჩევლებისა კი 885 ლარია. მათზე გაცემული პრემიის ოდენობა სხვადასხვაა. ყველაზე მცირე 1 870 ლარია, ხოლო ყველაზე მაღალი - 12 837 ლარი მინისტრის მოადგილე თათია ხუბულავას აქვს მიღებული.

სამინისტროს თანამშრომელთა შრომითი სარგო, ყოველთვიურად 35 070 ლარს შეადგენს. მათგან მინისტრისა, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ხელფასები, მსგავსად სხვა სამინისტროების მსგავსია. მინისტრი - 2 720 ლარი, პირველი მოადგილე - 2 130 ლარი, მოადგილეები - 1 950 ლარი.

სამინისტრომ თანამშრომლებმა მივლინებისთვის 16 304 ლარი დახარჯეს. მივლელინები აჭარის რაიონების გარდა, ბელორუსიაში, გერმანიაში, უკრაინა, პოლონეთი, ლიტვაში იმყოფებოდნენ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აღნიშნულმა სამინისტრომ 2010 წელს თავის 58 თანამშრომელზე გასცა პრემია - 172 515 ლარის ოდენობით. მათ შორის არის თანამშრომლები, რომელთა პრემია ხელფასის ოდენობის 150, 170 და 200%-ც კი არის. მაგალითად: მინისტრის მოადგილე თემურ გაბაიძემ, დეკემბრის თვეში ხელფასის _ 1 950 ლარის 200% ოდენობით მიიღო პრემია, ანუ 3 900 ლარი. სხვათაშორის, დეკემბრის თვის პრემიები მინისტრისა და მისი მოადგილეების ჩათვლით, ხელფასის 100%-ზე მერია.

საერთო ჯამში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მინისტრზე გასცა 12 784 ლარი გასცა. მინისტრის პირველ მოადგილეზე, ირაკლი ბარამიძესა და შემდეგ ლამზირა ბოლქვაძეზე _ 8 733 ლარია გაცემული. მინისტრს, პირველი მოადგილის გარდა, სამი მოადგილე და სამი თანაშემწე ჰყავს. მათი ხელფასის ოდენობაც სხვა სამინისტროს მსგავსად _ 885-885 ლარია.

აღნიშნულმა სამინისტრომ მივლინებაში დახარჯა 18 968 ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აღნიშნულმა სამინისტრომ სრულყოფილად მხოლოდ მივლინებების 282 ბრძანების ქსერო-ასლი მოგვაწოდა. თუმცა, არც ეს ინფორმაცია არის სრულყოფილი, რადგან უცნობია, თუ რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მივლინებაში.

სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რა ოდენობისაა მინისტრის და მისი მოადგილეების ხელფასი, რა ოდენობის პრემია მიიღეს კვარტალურად. მათგან მიღებული ინფორმაციით, მხოლოდ ის დგინდება, რომ მთელი წლის განმავლობაში მინისტრის, ვაჟა ბოლქვაძის ხელფასი და პრემია ჯამში, 50 403 ლარია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოგვაწოდა საკრებულოს #37 დადგენილება (2010 წლის 3 აგვისტო), რომლის მიხედვითაც გამგებლის თანამდებობრივ სარგოდ 2 360 ლარია განსაზღვრული, ხოლო გამგებლის მოადგილისთვის - 900 ლარი.

აღნიშნულ გამგეობას, 187 თანამშრომელზე აქვს გაცემული 1 117 065 ლარი. ჩვენთვის უცნობი დარჩა თუ რა ოდენობის მატერიალური დანამატი იქნა გაცემული მათზე, რადგან მიუხედავად ინფორმაციის მოთხოვნისა, ის ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. ასევე, უცნობია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მივლინებებში დახარჯული თანხის ოდენობა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საკრებულოს 25 თანამშრომელზე, გასულ წელს პრემიის სახით გაიცა 50 152 ლარი. მათგან, საკრებულოს ძველ (როინ მალაყმაძე) და ახალ (მალხაზ ფარტენაძე) თავმჯდომარეებზე, ერთობლივად გაიცა 10 148 ლარი. 

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ოდენობა კი, 2 360 ლარია, თავმჯდომარის მოადგილის - 1 100 ლარი. სამსახურეობრივი მივლინებისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს გასულ წელს, 5 380 ლარი აქვს დახარჯული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გამგეობის 184 თანამშრომელზე პრემიის სახით გასულ წელს გაიცა 279 506 ლარი, მათგან მხოლოდ გამგებლებისთვის გაცემულია 12 080 ლარი. ხოლო, ხელფასის ოდენობა 2010 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით - 2 500 ლარი, აპრილში კი, გამგებელ ვასილ თავართქილაძეს - 3 026 ლარი აქვს მიღებული. სექტემბრიდან კი გამგებლის ხელფასი 2 360 ლარამდე შემცირდა.

მივლინებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 8 015 ლარი დახარჯა. ეს თანხა თბილისში, ქუთაისში და საზღვარგარეთ, მხოლოდ 4 დღიანი ვიზიტით მყოფ გამგებლის მოადგილის, მამია ხარაზის მივლინებებშია დახარჯული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საკრებულოს 23 თანამშრომელზე, პრემიის სახით 59 700 ლარია გაცემული. საკრებულოს თავმჯდომარეებს (ყოფილს - სულხან ტაკიძესა და ამჟამინდელს - ნიკო ბერაძეს) ერთობლივად 11 800 ლარი აქვთ მიღებული.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, მთელი წლის განმავლობაში 2 360 ლარია, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა. ხოლო მოადგილის ხელფასი - 1 100 ლარი. მივლინებისთვის კი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს 2 738 ლარი დახარჯა.

ახალი ამბები