კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამშობლოდან გაგვაგდეს და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, შვილებს შოკოლადი გავუგზავნოთ.“ ქართველი ემიგრანტები ერეკლე კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას უჩივიან

23 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში ამანათებს ვეღარ აგზავნიან. ამ პრობლემას ისინი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ერეკლე კოდუას და მის დედას, ლაურა ღაჭავას უკავშირებენ.

როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა (მის ვინაობას ამ ეტაპზე არ ვამჟღავნებთ) ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნა, საბერძნეთიდან უკვე სამი თვეა, ამანათებს ვეღარ აგზავნიან. მიზეზად კი საქართველოს საბაჟოს მიერ ამანათების მიღებაზე უარის თქმას ასახელებენ. ემიგრანტები აცხადებენ, რომ თუ პრობლემა თებერვლის ბოლომდე არ გამოსწორდება, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

„დაახლოებით 3 000 ქართველი ქალბატონი იმყოფება ახლა ჩემს უკან. უკვე სამი თვეა, საქართველოს და საბერძნეთის ოფისები ამანათის გაგზავნის უფლებას არ გვაძლევენ. ეს ის ოფისებია, რომლებიც საქართველოს და საბერძნეთის საგადასახადო სამსახურებს წლების განმავლობაში უხდიდა თანხას. როგორც გავიგეთ, ერეკლე კოდუას დედის, ლაურა ღაჭავას და მასთან მოდავე სხვა ადამიანის ინტერესებს შეეწირა ჩვენი ინტერესები. ლაურა ღაჭავა თუ არის დედა, ჩვენ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის დედინაცვლები ვართ?! რატომ არ გვაძლევენ საშუალებას, შვილებს ამანათები გავუგზავნოთ?!“ - აღელვებული გვიყვება ქალბატონი, რომელიც საბერძნეთიდან ტელეფონით დაგვიკავშირდა.

- ამანათებს საერთოდ ვერ აგზავნით თუ გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს?

- უკვე სამი თვეა, აღარ გვაგზავნინებენ. საახალწლოდ გვითხრეს, რომ პატარა ამანათების გაგზავნის საშუალება მოგვეცემოდა, მაგრამ ვერ მივხვდით „პატარა ამანათს“ რას ეძახიან?! შვილის დაბადების დღისთვის საქართველოში ერთი კილო შოკოლადი და ერთი პატარა სათამაშო ვერ უნდა გავაგზავნო?! მონატრებული დედები და ბებიები იმყოფებიან უსაბუთოდ აქ. მაგათი დიდი წვლილია, რომ ამ ოჯახებიდან ხალხი აქაა გადმოხვეწილი. სამშობლოდან გაგვაგდეს და ახლა იმის საშუალებასაც არ გვაძლევენ, შვილებს შოკოლადი გავუგზავნოთ!

დღეს დავუკავშირდი კიდევ კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილეს და ძალიან ცივად და ირონიულად, მეუბნება: იცით რა, ქალბატონო? მიბრძანდით საბერძნეთის ფოსტაში, გადაიხადეთ ფული და ძალიან მშვიდობიანად ჩამოვა ამანათი, ძალიან მალე სახლში მიუტანენო. კიდევ ვიმეორებ - საბერძნეთს არა აქვს პრობლემა, რასაც გინდა იმას გამოაგზავნი აქედან, მაგრამ მერე მანდ საქართველოს საბაჟო და უშუალოდ ერეკლე კოდუა არიან ჩარეულები. ვერ გავიგეთ კარგად რა ხდება.

- პატარა ამანათებში რა იგულისხმება?

- ერთი კილოც კი არ შეიძლება, მხოლოდ რაღაც საბუთი შეიძლება გამოაგზავნო საბერძნეთიდან.

- ოფიციალური პასუხი რა არის, რატომ არ იგზავნება ამანათებიო? მიზეზად რას გეუბნებიან?

- არ ვიცი, ოფიციალურია თუ არა, მაგრამ აქ ასე გვპასუხობენ, რომ სოდ-ი არ რთავს ნებას, საბაჟოა გაფრთხილებული, რომ არ მიიღონ ამანათები. აი, ეს არის პასუხი.

- სოდი რატომ არ რთავს ნებას?

- არ ვიცი, რა ინტერესები აქვთ, მაგრამ ახლა ნახავენ ჩვენ რა ძალა გვაქვს! მე მგონი, კიდევ ვითვლებით საქართველოს მოქალაქეებად, მიუხედავად იმისა, რომ მაგათ შეგვიქმნეს პრობლემები და მაგათ გამოა, აქ რომ ვართ.

3000 და 5000 ადამიანიც მოგროვდება, მე მარტო ისინი ვიცი, ვინც ათენშია, ვისაც ვცნობთ და ერთმანეთს ვეხმიანებით და კიდევ კუნძულებზე ცხოვრობენ, რაიონებში ცხოვრობენ. ასე რომ, 5 000-ზე მეტი ადამიანი იქნება. საპროტესტო აქციას მოვაწყობთ.

- როდის გააგზავნეთ ბოლოს ამანათი?

- თითქმის თვენახევრის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, სად არის. საქართველოში დაიკარგა. საბერძნეთიდან არ წავიდაო - ასე ამბობენ მანდ, მაგრამ საბერძნეთიდან წასულია. სადღაც გაურკვეველ მისამართზეა ის ამანათი მისული.

- თუ დაუკავშირდით საქართველოში ამანათების მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს?

- საქართველოს მთავრობას ვერ ვუკავშირდებით. ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვუკავშირდებით, ვერც ფინანსთა სამინისტროს. ხოლო საგადასახადო სამსახურს თავის საიტზე საერთოდ არ უდევს ტელეფონის ნომერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - თუ თვის ბოლომდე არ მოაგვარებენ ამ პრობლემას და არ გაიგზავნება ამანათები აქედან, მარტო ის 3 000  და 1 500 საქართველოს მოქალაქე კი არა, ვინც ახლა ჩემთან ერთად არის, ყველანი წავალთ დემონსტრაციულად საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან. ამას მოჰყვება ძალიან დიდი სკანდალი.

- მაინც რას გეუბნებიან, როდის გამოსწორდება პრობლემაო?

- ორ კვირაშიო, ერთ თვეშიო - გვპირდებოდნენ. ამასობაში, 3 თვე გავიდა. საბოლოოდ, მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ თვის ბოლომდე თუ არ მოგვცემენ ამანათების გაგზავნის უფლებას, აუცილებლად უსიამოვნო პრობლემა შეექმნებათ არა მარტო ჩვენგან, სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებისგანაც. მე მგონი, მათთანაც შეზღუდულია ამანათების გაგზავნა.

ემიგრანტი ქალბატონის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საფოსტო გზავნილების სერვის-ცენტრს დავუკავშირდით. როგორც ოფისში გვითხრეს, საბერძნეთიდან ამანათების გამოგზავნაზე პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ. მათ ვერც საბერძნეთიდან ბოლოს მიღებული ამანათის თარიღის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. თუმცა, საქართველოს საბაჟოს მხრიდან ამანათების მიღებაზე უარს უარყოფენ და გზავნილებზე პრობლემებს საქართველოში მოქმედი საბერძნეთის ფოსტის დახურვით ხსნიან: „ნოემბერში ჩვენთვის უცნობი მიზეზით საქართველოში გაუქმდა საბერძნეთის ფოსტა, რომელსაც ამანათები სახმელეთო გზით შემოჰქონდა. ამჟამად ამანათები გერმანიის და სხვა ქვეყნების გავლით საჰაერო გზით შემოდის“.

ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ვერ დაადგინა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამანათების პრობლემასთან კოდუას და მის დედას, ლაურა ღაჭავას. ემიგრანტებს შორის არსებული მძაფრი უკმაყოფილების გათვალისწინებით, მიწანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება დეტალების დაზუსტებამდე.

ახალი ამბები