კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი მეოთხედ სცემეს

24 თებერვალი, 2011
სოფო გეწაძე

ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 20 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, ცემის ყველა ფაქტი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სილვერმანის თქმით,  მისი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ორგანიზებულია.

ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და აქვს ძველი ქართული პასპორტი. როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობითაა დაკავებული და ძირითადად, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ვაჭრობის ფაქტებს იძიებს. რამდენიმე წლის წინ იგი ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის, humanrights.ge-ს ინგლისური ვერსიის რედაქტორი იყო. მისი ავტორობით ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიები მართლაც სიმწვავით და კრიტიკული პათოსით გამოირჩევა. წარმოშობით რაკი ამერიკელია, ჯეფრი სილვერმენი დახმარებას აშშ-ის საელჩოს სთხოვს და საყვედურსაც გამოთქვამს, რომ აქამდე საელჩო ვერაფრით დაეხმარა.

„20 თებერვალს ღამის პირველ საათზე სასტიკად მცემეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იყო“, - აცხადებს ჯეფრი სილვერმენი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, - „პირველად როცა მცემეს, 47 ნაკერი მქონდა თვალთან. ამერიკის საელჩო მაშინაც არ დამეხმარა. არადა, საქართველოში ამერიკელს არავინ სცემს, თუ ეს ვიღაცას არ უნდა და ამის მოთხოვნა არ არის. ერთხელ წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაჟა-ფშაველაზე, ე. წ. „მოდულის“ შენობაში. ხელებზე ბორკილები დამადეს, მცემეს და მითხრეს, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი ამის შესახებ, მომკლავდნენ. მე იქიდან ამერიკის საელჩოში მივედი და ნაიარევები ვაჩვენე. მათ კი მითხრეს, რომ ვერაფერს ხედავდნენ. მესამედ 2007 წელს იყო. ჩემი პრობლემები საქართველოში 2002-03 წლიდან დაიწყო, როცა პანკისის ხეობაზე გამოძიება დავიწყე.

2007 წლის 7 ნოემბერსაც მცემეს „იმედის“ ტელევიზიის წინ. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებები და სამართალი. დიქტატურაა ირგვლივ და ამას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. თუ არ შეიცვლება რამე, აქაც იგივე მოხდება, რაც ხდება ტუნისსა და ეგვიპტეში“.

- იქნებ დეტალები გვითხრათ, რა მოხდა 22 თებერვალს.

- რაც შეეხება ბოლო ფაქტს, 21 თებერვალს საღამოს ახვლედიანის (ყოფილი - პეროვსკაიას) ქუჩაზე ვიყავი მეგობართან ერთად. მცემეს გარეთ გამოსვლისას, დაახლოებით 01:00 საათზე. გავიღვიძე საავადმყოფოში. შემდეგ რაც გავიხსენე, იყო ის, რომ ვეგდე ქუჩაში. სხვა დეტალები არ მახსოვს. ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, შემთხვევითობას მივაწერდი, მაგრამ ეს უკვე მეოთხეჯერ ხდება ბოლო 7-8 წლის განმავლობაში და  დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას. 

- საავადმყოფოში ვინმემ გინახულათ?

- არა, საავადმყოფოში არავინ მოსულა. მერე სახლიდან დავუკავშირდი ამერიკის საელჩოს და ვთხოვე, პოლიციასთან ერთად მოსულიყო და მივცემდი ინფორმაციას. პოლიცია მოვიდა და საქმე აღძრა. საელჩოდან არავინ მოსულა.

- საერთოდ, ამერიკის საელჩოსგან რა პასუხი მიიღეთ?

- ყოველთვის, როცა ამერიკის საელჩოს ვურეკავს, არასდროს მეხმარებიან. მათ 2004 წელს გააუქმეს ჩემი ამერიკული პასპორტი. თუ რატომ, ეს ცალკე ისტორიაა და ახლა ამას აღარ მოვყვები.

- ბატონო ჯეფრი, რა მიზეზით გდევნიან, ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ?

- ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთი ის, რომ ახლახან ვიძიებდი ნარკოტიკებით ვაჭრობას საქართველოში, რომელსაც ჩემი აზრით, მთლიანად შსს და ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. ტელეკომპანია „მაესტროშიც“ იყო რეპორტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მე გამოვიკვლიე, როგორ აფინანსებს ამერიკის მთავრობა ნარკოტიკებით ვაჭრობას და ამაზე ინტერნეტშიც განვათავსე სტატია.

უფრო ადრე მე ვიძიებდი სამეგრელოში, ხურჩაში მომხდარ ინციდენტს და ამაზე სტატიაც დავწერე. ახლა ამ ინციდენტზე არავინ ლაპარაკობს. ხურჩის ინციდენტი - ავტობუსის აფეთქება და სროლები - სინამდვილეში ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ და მხარს უჭერდა პოტომაკის ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ს „ბინძური საქმეებისა“ და დაზვერვის ოპერაციების კონტრაქტორია. თანაც იმ დროს იქ ადგილობრივ არჩევნებს აყალბებდნენ  და ხალხს სცემდნენ. მოკლედ, მთავრობაზე მსგავს ინფორმაციებს ხშირად ვაქვეყნებ, ვწერ იმას, რისი მოსმენაც მთავრობას არ სურს.

- ახლა რას აპირებთ?

- ახლა რას გავაკეთებ არ ვიცი. ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება პოლიტიკური სტატუსის ძიება, რომ გარკვეული მტკიცებულებები წარვუდგინო სასამართლოს. მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველო ჩართულია იარაღით ვაჭრობის საკითხში.

 არ გამოვრიცხავ, ლტოლვილის სტატუსი მოვითხოვო და ევროპულ სასამართლოს ვთხოვო დამხარება.

ვთხოვ ადამიანის უფლებათა ცენტრს, დაუკავშირდეს აშშ-ს საელჩოს, მოვიდნენ ჩემთან პოლიციასთან ერთად.

ახალი ამბები