კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია

25 თებერვალი, 2011
სალომე აჩბა

25 თებერვალს დილიდან თბილისში გადაადგილება ჭირს. სამარშუტო ტაქსების უმრავლესობა არ მუშაობს, ავტობუსები და მეტროპოლიტენი კი მგზავრებით გადაიტენა. სატრანსპორტო კოლაფსი სამარშრუტო ტაქსების 500-მდე მძღოლის გაფიცვამ გამოიწვია.

ისინი მუშაობაზე უარს აცხადებენ და მიზეზად  მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერს ასახელებენ. შუადღისთვის მძღოლების საპროტესტო აქცია „ვარდების მოედანზე“ ტარდება, 17:00 საათისთვის კი თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ გადანაცვლებას და აქციის იქ გაგრძელებას აპირებენ.

ტენდერი, რომლის შედეგებსაც მძღოლები აპროტესტებდნენ, თბილისის მერიამ რამდენიმე კვრის წინ ჩაატარა. ტენდერში წინა დღეს დარეგისტრირებულმა  სატრანსპორტო გადამზიდავმა კომპანიებმა გაიმარჯვეს ( „თბილქარი“, „თბილლაინი“, „ფაბლიკქარი“ და „კაპიტალ გრუპი“).

როგორც საპროტესტო აქციაზე მძღოლები აცხადებენ, მათ სამარშრუტო ხაზების მფლობელებისაგან შეიტყვეს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიები არ აპირებენ უცხოეთიდან თანამედროვე სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანას, როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული. ისინი არსებულ მიკროავტობუსების მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმებას და მიკროავტობუსებზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ცდილობენ. კერძოდ, აპირებენ 1 მარტიდან თითოეულ სატრანსპორტო ერთეულიდან 20-დან 40 ლარამდე დღეში გადასახადის დაწესებას. ეს ავტომატურად მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს. ტენდერის ჩატარებამდე გადასახადი დღეში 7-დან 10 ლარს შეადგენდა. მძღოლები ტენდერის შედეგების გაუქმებასა და ხელახალი ტენდერის ჩატარებას მოითხოვენ.

საკრებულოს წევრი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ტენდერის შედეგები კორუფციულია და ის უნდა გაუქმდეს,  საქმე  კი პროკურატურას გადაეცეს. მისივე თქმით, ამ მოთხოვნას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.

„საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ უნდა დაიწყოს ტენდერის პირობების ხელახალი მოსმენა, იმ მძღოლების და ხაზის მფლობელების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც დღეს თბილისში მოძრაობენ. ძალაში უნდა დარჩეს არსებული ტარიფები. თუკი რამე პრეტენზიებია სამარშრუტო ტაქსების ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს ყველას არ შეიძლება შეეხოს. ჩვენ მზად ვართ, ჩატარდეს თითოეული სამარშრუტო ტაქსის ტექნიკური დათვალიერება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გააუქმა“, - განაცხადა კუკავამ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და საკრებულოს წევრის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, სამარშრუტო ბიზნესი თბილისში ერთადერთი თავისუფალი ბიზნესი იყო, ახლა კი ისიც  ოთხმა მონოპოლისტმა კომპანიამ ჩაიგდო ხელში: „თბილისში ერთადერთი თავისუფალი ბიზნესი იყო, რითაც 10 000 ოჯახი თავს ირჩენდა და ეს ხელში ჩაიგდო 4-მა მონოპოლისტმა კომპანიამ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 4 კომპანია არის მხოლოდ ქაღალდზე, რეალურად კი მხოლოდ ერთია და უკვე გაერთიანდნენ კიდეც. რაც შეეხება მძღოლებს, მათთან დღეს შეიძლება მოსალაპარაკებლად მივიდნენ მერიის წარმომადგენლები სხვადასხვა დაპირებებით, მაგრამ მათ რეალურად ოქტომბრიდან სამსახური დაკარგული აქვთ“.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მძღოლების გაფიცვას მალევე გამოეხმაურა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისათვის ყოველდღიური გადასახადის გაზრდას უარყო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით, მძღოლებს სწორი ინფორმაცია არა აქვთ. „გარკვეული პირები მძღოლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ მათ ყოველდღიური გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჯოხაძე აცხადებს, რომ მძღოლების ინტერესები მომავალშიც დაცული იქნება და მათ არც ერთი ზედმეტი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მძღოლებს არანაირი ფიქსირებული და ზეგანაკვეთური გადასახადი არ ექნებათ“, - განაცხადა აკაკი ჯოხაძემ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, სამარშუტო ტაქსის მძღოლები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ გაფიცვას, სავარაუდოდ, ორშაბათამდე გააგრძელებენ. შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსიდან გამოსავალი თბილისის მერიამ, დამატებითი ავტობუსების გამოყოფით იპოვა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვამდე დედაქალაქში დამატებითი ავტობუსები იმოძრავებენ, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

ახალი ამბები