კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოწირულობის სახით 14 113 411 ლარი - „ნაციონალურ მოძრაობას“

28 თებერვალი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის  ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი თანხა - 14 113 411 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც სხვა პარტიების დაფინანსება 100 000 ლარს არ აღემატებოდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2010 წლის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში დასახელებულები არიან ის იურიდიული და ფიზიკური პირები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის, შემოწირულობის სახით, თანხა ჩაურიცხეს.

 შპს „პატარძეული“, შპს „ბუნებრივი აირი“, შპს „აისი“, შპს „რუჯი“, შპს „არქსტუდია თელავი“, შპს „კონკორდი“, შპს საგზაო სამშენებლო ორგანიზაცია „სერპანტინი“, შპს „გზამშენი - 2005“; შპს „აიდინ ბოიქ“; შპს „თელავი ჯგუფი“; შპს „ნოთა“; შპს „ვესტერნ რეკორდი“; შპს „აგროსფერო გურჯაანი“; შპს „ღვინის კომპანია ეითი“; ღვინის კომპანია „შუმი“; შპს „სერვისი“; „საგარეჯოს აგრარული ბაზარი“; შპს „იორი 2001“; შპს „ნასადგომარი“; „კოკა - კოლა კახეთი“; შპს „იორი 1“; შპს „კავკასავტომაგისტრალი“; „ფირმა გოლდი“; შპს „პოსეიდონი“; შპს „იმედი“; შპს „ბაკა +“; შპს „ქიზიყი 2008“; შპს „მექანიზატორი 2005“; შპს „ქართული აგური“, - ეს კახეთში მომუშავე კომპანიებია, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ თანხა ჩაურიცხეს.

 შპს „პატარძეული“ საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულშია განთავსებული. კომპანია კვერცხს აწარმოებს. შპს „პატარძეულს“ ოთარ მუჩიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლის 24 თებერვალს 13 500 ლარი, ხოლო 25 თებერვალს კიდევ 6 500, საერთო ჯამში 20 000 ლარი ჩაურიცხა. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას ცდილობს და კომპანია მის კურსს ამიტომაც უჭერს მხარს.

შპს „ბუნებრივ აირს“ კახეთის რეგიონში რამდენიმე ავტოგაზგასამართი სადგური აქვს. კომპანიის მეპატრონე შოთა დემინაშვილია. 2004 წელს დემინაშვილი ფინანსური დარღვევების ბრალდებით დააკავეს, თუმცა თანხის გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. მას შემდეგ დემინაშვილს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ახლო ურთიერთობები აქვს. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შპს „ბუნებრივმა აირმა“ ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი გადაურიცხა. ამავე პერიოდში, აღნიშნული კომპანიის დაფინანსებით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც არის განთავსებული. ოფიციალური ცნობით, სარემონტო სამუშაოებზე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული არ არის. ჩვენი ინფორმაციით, გამგეობის შენობის გარემონტება, ს/ს „კახეთის ავტოგაზის“ მეპატრონეს შოთა დემინაშვილს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან დაავალეს.

„გამგეობის შენობა ჩემმა მეგობარმა გაარემონტა. აქ რომ მოვიდა და ნახა, რა მითხუნულ-მოთხუნული იყო აქაურობა, მითხრა, მე მოვაწესრიგებო. კაბინეტსაც მოგიწყობო, მაგრამ ვუთხარი, სამუშაო ოთახის გარემონტება არ მინდა მეთქი. არავითარი დემინაშვილი, ჩემმა მეგობარმა გაარემონტა, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა. გამგეობის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შოთა დემინაშვილი თავად ხელმძღვანელობდა.

ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობის სანაცვლოდ, შპს „ბუნებრივი აირის“ კუთვნილი მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგური რამდენიმე თვეა უკანონოდ დგას გურჯაანში, რკინიგზის სადგურთან მდებარე სკვერში. არაერთი საჩივრის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.

შპს „რუჯი“ ყვარელში, მარქსის N 20-შია რეგისტრირებული. კომპანიამ 2010 წლის 26 თებერვალს ნაციონალურ მოძრაობას 30 ათასი ლარი ჩაურიცხა. შპს „რუჯი“ იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელმაც „მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით, 2009 – 2010 წლებში 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შეღავათიანი სესხი მიიღო. კომპანიას აღნიშნული თანხით ჭარბი ღვინო უნდა აეთვისებინა, თუმცა „რუჯის“ ღვინო ადგილობრივი ქარხნებისგან არ შეუძენია.

შპს საგზაო სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“ თელავში, ფალიაშვილის 27-შია რეგისტრირებული. კომპანიამ 2010 წლის 17 მარტს, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა. 2010 წელს „სერპანტინს“ კახეთის რეგიონში არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. „სერპანტინის“ საკუთრებაშია თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მდებარე ქვის სამსხვრევი საამქროები და ასფალტის ქარხანაც. რუისპირის მაცხოვრებლებმა კომპანია „სერპანტინის“ წინააღმდეგ გარემოს დაცვის სამინისტროში არაერთი განცხადება შეიტანეს. ადგილობრივები კომპანიას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ. სოფელ რუისპირში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ბოსტნეული მტვრით ისეა ხოლმე დაფარული, მოსახლეობა მას ვერ იყენებს. საამქროების მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ქრონიკული ხველებით არიან დაავადებულები და როგორც თავად ამბობენ, სუნთქვაც უჭირთ. გარემოს დაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.

ბიზნესმენმა გურამ ბერიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ 10 000 ლარი შეწირა. შპს „აისმა“ (გურჯაანის ნაყინი) სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. გურამ ბერიკაშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, წინა და ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს წევრია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

100 000 ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“ შპს კომპანია „კონკორდმა“. კომპანია თელავში, ალაზნის გამზირზე, N4-შია რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

1000 ლარი გადაურიცხა ნაციონალურ მოძრაობას შპს „გზამშენი 2005“-მა; შპს „აიდინ ბოიქმა“ 2 000 ლარი; 11 000 ლარი შპს „არქსტუდია თელავმა“; შპს „თელავი ჯგუფმა“, შპს „ნოთამ“, შპს „ვესტერნ რეკორდმა“, შპს „ნასადგომარმა“, შპს „ფირმა გოლდმა“ და შპს „იმედმა“ – ათას - ათასი ლარი; შპს „აგროსფერო - გურჯაანმა“ 5 000 ლარი; შპს-მ „კომპანია ეითი“ 2 000 ლარი; საგარეჯოს აგრარულმა ბაზარმა 100 ლარი და ა.შ.

სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ თანხები არჩევნების შემდეგაც შეწირეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საბოლოო ანგარიშის თანახმად, საგარეჯოში მდებარე შპს „კავკასავტომაგისტრალმა“ 2010 წლის 31 მაისს სახელისუფლო პარტიას 80 000 ლარი გადაურიცხა.

შპს „კავკასავტომაგისტრალი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მრავალჯერ გამარჯვებული ორგანიზაციაა. კომპანია გზის სარეაბილიტაციო, გაზიფიცირების, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს და ძირითადად კახეთის რეგიონში მუშაობს. 

„კავკასავტომაგისტრალმა“ 2009 წელს 14 500 000 ლარი მიიღო კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 99 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში არჩევნების მეორე დღეს - 31 მაისს თანხები ჩარიცხეს: შპს „ლოჭინმა“ - 80 ათასი ლარი; შპს „ბელ-ბაუმ“ - 50 ათასი ლარი; შპს „ავტობანმა“ – 60 ათასი ლარი, შპს „იბოლიამ“ – 50 ათასი ლარი; შპს „კამამ“ - 100 თასი ლარი; სს „თბილისმა“ – 60 ათასი ლარი; შპს „გზამშენი-4“-მა – 70 ათასი ლარი; შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის სამსახურმა“ - 50 ათასი ლარი.

ახალი ამბები