კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჭიროა მეტი ღიაობა, ჩვენ კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ

28 თებერვალი, 2011
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

საქართველოში დღეს ორი კონფლიქტია - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, რომელიც გადაიზარდა ქართულ-რუსულ კონფლიქტში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შედეგად, რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევით განახორციელა. მრავალი ქვეყნის ლიდერის მოთხოვნის მიუხედავად, იგი ურცხვად აგრძელებს ამ პოლიტიკას.

რუსეთი არ ასრულებს ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ ხელი მოაწერინა ჯერ მედვედევს, მერე სააკაშვილს. ჩანს, რომ რუსეთი არ აპირებს პოზიციის შეცვლას და პირიქით - კიდევ უფრო უფრო ამყარებს პოზიციებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩემთვის გასაგებია რუსეთის ქმედებები და სხვა მოლოდინი არც უნდა გქვონდეს, რადგანაც იგი აგრესორი და ოკუპანტია. ჩემთვის უფრო გაუგებარი და აუხსნელია ქართულ მხარის ქმედებები.  საქართველოს ხელისუფლების მთელი ყურადღება რუსეთის მიერ საქრთველოს ოკუპაციაზეა გადატანილი. ცდილობენ, როგორმე ყველას დაანახონ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. პროპაგანდა მხოლოდ ამ კუთხით  მუშაობს. ამის ფონზე კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყოფილია, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია. ოკუპაციასთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რუსეთი ჯიუტად განარძობს ან დუმილს, ან რიტორიკას, რომ მისი ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამართლიანია. როგორც ჩანს, იგი არ აპირებს ამ პოზიციებიდან გადახვევას.

რუსეთმა სამშვიდობო პროცესიდან პრაქტიკულად გამორიცხა ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოპერირებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებებს. როგორც იცით, გაერო აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში და მისი წყალობით 2008 წლამდე კონფლიქტის ზონა გარკვეულ კონტროლს ექვემდებარებოდა. ქართულ-ოსური მიმართულებით კი ოპერირებდა ეუთო. ვინაიდან რუსეთი არის ორივე ამ ორგანიზაციის მათვარი წევრი, მან შეძლო დაებლოკა ამ ორგანიზაციების მოქმედება საქათველოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში. გაგვიმართლა, რომ აგვისტოს ომის დროს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იყო. იგი იმ მცირე სახელმწიფოთაგანია, რომელსაც შეეძლო და შეუძლია, გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს რუსეთზე.  გულახდილად გითხრათ, მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი თბილისის ოკუპაცია იყო, მაგრამ  არ გამოვრიცხავ, რომ იგი სპეკულირებდა ამ თემით. საბოლოოდ ევროპამ და განსაკუთრებით საფრანგეთმა მოახერხა რუსეთზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა და მედვედევს ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.

უნდა ითქვას, რომ ის, რაზეც ჯერ მედვედევმა, შემდეგ კი სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ორი სრულიად სხვადასხვა დოკუმენტია - არსებობს სარკოზი-მედვედევის და სარკოზი-სააკაშვილის დოკუმენტი. განსხვავებულია ბოლო, მეექვსე პუნქტი, რაზეც მედვედევმა მოაწერა ხელი. ერთ-ერთი პუნქტი  საერთაშორისო საზოგადოების ფონზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  უსაფრთხოებისა და სტატუსის განსაზღვა იყო. ჩემთვის დღემდე გამოუცნობია, რატომ და როგორ ამოიღეს ქართული მხარის მოთხოვნით, შეთანხმებიდან სიტყვა „სტატუსი“ და დატოვეს მხოლოდ „საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხო პირობების შექმნა“. არადა, ალბათ, ყველას ახსოვს - წინა წლებში, მუდმივად მიმდინარეობდა ქართული პროპაგანდა, რომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა კონფლიქტური რეგიონების სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. ამ ფონზე კი შეთანხმებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამოვარდა - კონფლიქტური რეგიონების სტატუსის განსაზღვრა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობისა და მონიტორინგის ფონზე. ეს კი რუსეთმა დაიხვია თითზე და მუდმივად აცხადებდა, რომ აი, საქართველო არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საუბარს და ამიტომ იძულებული ვარ, ვაღიარო ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რათა ამით უზრუნველვყო მათი უსაფრთხოება. ერთი სიტყვით, რუსეთის მხარემ თითიდან გამოწოვილი და ხელოვნური საფუძველი იპოვა, ეღიარებინა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. აღიარების შემდეგ ქართულ მახრეს უფრო გაუჭირდება უახლოეს მომავალში კონფლიქტების მოგვარება.

აღიარება და დამოუკიდებლობა

მე მიმაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არის რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა. ეს მას წინ დაუხვდება და ძვირად დაუჯდება. ეჭვი მაქვს, ადრე თუ გვიან, რუსეთს ამ აღიარების უკან წაღება მოუწევს. წარმოუდგენელია, მაგალითად,  სამხერთ ოსეთი წარმოიდგინო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამის წარმოდგენა თავად რუსეთის ხელისუფლებასაც გაუჭირდება და ამ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება დიდ უხერხულობას შეუქმნის სართაშორისო საზოგადოების წინაშე. რასაკვირველია, მე არ ვგულისხმობ რუსეთის ამჟამინდელ  ხელისუფლებას - მედვედევსა და პუტინს. მე ვგულისხმობ მომავალ ხელსიუფლებას და იმ მომავალს, როცა დაიწყება რუსეთს-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაცია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა და კიდევ რამდენიმე სხელმწიფომ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ქართული მხარე უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ამ კონფლიქტების მოგვარების შედარებით ნაკლები რესურსი. ქართულ მხარეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ არ მივსულიყავით ამ მდგომარეობამდე. თუმცა, უნდა ითქვას,  რომ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ახლანდელი ვითარება, გაჩნდა ახალი პერსპექტივებიც, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. რუსეთის აღიარებით მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაქსიმალურად ჩართვა რუსულ რეალობაში. რუსეთს არავითარ  შემთხვევაში ხელს არ უნდა აძლევდეს ამ ტერიტორების მიერთება, რადგანაც ბუნებრივია, ეს გამოიწვევს დიდ საერთაშორისო სკანდალს, რაც რუსეთმაც კარგად იცის. ამ ეტაპზე რუსეთი თავს იმით იმართლებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იგი იცავს იქ მცხოვრებ ადამიანებს ქართველებისგან. ამიტომ ამ ტერიტორიების მიერთება აბსოლუტურად ალოგიკური ნაბიჯი იქნება. რუსეთმა რომ დაარღვიოს საერთაშორისო საზღვრები,  ძალიან ბევრ პრეცედენტს შეუქმნის სხვა ბევრ სახელმწიფოსაც, რომელსაც  რუსეთთან აქვს პრეტენზიები საზღვრებთან მიმართებაში. ამიტომ, მგონია, რომ რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ახალი საზღვრების დადგენა.

აფხაზებიცა და ოსებიც ხვდებიან, რომ აღიარებამ მოიტანა მათი დამოუკიდებლობის დაკარგვა. ერთმა აფხაზმა ერთხელ პირად საუბარში ძალიან საინტერესო რამ მითხრა: ადრე გვქონდა დამოუკიდებლობა და არ გვქონდა აღიარება, ახლა გვაქვს აღიარება და აღარ გვაქვს დამოუკიდებლობაო.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას პერსპექტივები

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აფხაზებისთვის პრობლემაა, ჩვენ კი გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს - აფხაზები აფხაზეთში უმცირესობაში არიან და ფაქტობრივად, არანაირი შანსი არა აქვთ, რომ უმრავლესობა გახდნენ. თუ ამ კონფლიქტს სხვა კონფლიქტებს შევადარებთ, მაგალითად - კოსოვოს, კვიპროსს ან  ყარაბაღს, ვნახავთ, რომ იქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. სეპარატისტები არიან, აფხაზეთში კი განსხვავებული სიტუაციაა. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა არის ქართველების, სომხებისა და რუსების ჯამი. მათი საერთო რიცხვი აფხაზების რაოდენობას აღემატება. უმრავლესობაში მყოფი ხალხი კი არ ფიქრობს, არ ზრუნავს, არ იბრძვის და არ ოცნებობს აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. ეს ის ხალხია, რომელიც შესაძლოა, არ იბრძვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ არც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამ ფაქტს აფხაზებიც აცნობიერებენ და იციან, რომ თავიანთი ორი მეზობლის - საქართველოსა და რუსეთის კონტექსტის გათვალისწინებით, პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი შანსი მათი დამოუკდებლობისა.

პარალელურად უმცირესობაში მყოფ ეთნიკურ აფხაზებშიც მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი და ეს იქიდანაც ჩანს, რომ აფხაზების ახალმა თაობამ პრაქტიკულად არ იცის აფხაზური ენა.  მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზურ ენაზე ჩამოკიდება მათთვის არ იქნება ხელსაყრელი, სასარგებლო და პერსპექტიული

აფხაზეთის უკან არ დგას არც ერთი ეთნოკულტურული სახელმწიფო, როგორიც არის, მაგალითად, ალბანეთი - კოსოვოს უკან, სომხეთი - ყარაბაღის უკან და აშ.  აფხაზური ნაციონალიზმი იქ იხარშება სადაც 65 000 კაცი ცხოვრობს.

ეს ის გამოწვევებია, რამაც უნდა დაგვაფიქროს, რამდენად პერსპექტიულია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. უნდა დაგვაფიქროს იმაზეც, რომ მხოლოდ ამ რეგიონების უსამართლო აღიარებაზე, რუსეთის ოკუპაციაზე ვსაუბრობთ და პრაქტიკულად სხვას არაფერს ვაკეთებთ. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ენერგია უნდა მივმართოთ სხვა მიმართულებითაც.

რაც შეეხება სამხერთ ოსეთს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს მხოლოდ 12 000 ოსი. მე ახლა იმის კი არ  მეშინია, რომ ოსეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვოს, არამედ იმისა, რომ იგი რუსეთის სამხედრო ბანაკად იქცევა. 2001 წლისთვის ოსური მხარე მზად იყო, სერიოზული ნაბიჯები გადმოედგა კონფლიქტის დარეგულირებისკენ. თამამად უნდა ითქვას, რომ 2001 წლიდან 2004 წლამდე არც ერთ კონფლიქტს დედამიწის ზურგზე არ ჰქონია ისეთი დადებითი დინამიკა, როგორიც ქართულ-ოსურ კონფლიქტს. ოსები იმისთვისაც კი მზად იყვნენ, რომ ფედერაციული მოწყობის კონტექსტში საქართველოს შემადგენლობში შემოსულიყვნენ. სამწუხაროდ, 2004 წელს ოქრუაშვილისა და სააკაშვილის ქმედებებმა სამხრეთ ოსეთში გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. დღეს იქ ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამხრეთ ოსეთში, პრაქტიკულად, აღარ არიან ოსები და არსებობს ამ ტერიტორიის სამხედრო ბანაკად ქცევის სერიოზული საშიშროება.

რას ვაკეთებთ ამ დროს

რატომ ვერ იმუშავებს სახელმწიფო სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და რატომ შეუშლის ხელს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოკრატიზაციის პროცესების წარმართვას?

დღეს ქართული მხარის მხრიდან აუცილებელია მაქსიმალური გახსნილობა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავიწყოთ ახალი პოლიტიკა აფხაზებისა და ოსების მიმართ. უნდა დავანებოთ თავი ოკუპირების თემის პროპაგანდას. ჩვენ მივიღეთ სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. უნდა ითქვას, ცუდი სტრატეგია ნამდვილად არ არის, მაგრამ ცუდადაა შეფუთული. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია არ იმუშავებს. პრობლემას ქმნის სიტყვა „ოკუპირებული“, რომელიც სტრატეგიაში არაერთხელაა ნახსენები. ამით ჩვენ აფხაზებს და ოსებს ვაგრძნობინებთ, რომ ისინი ოკუპირებულნი არიან რუსების მიერ, ჩვენ კი მათი გადამრჩენელი ძალა ვართ. ეს ტერიტორიები რომ ოკუპირებულია, ფაქტია და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ სტრატეგიის სათაურშივე როცა ნახსენებია სიტყვა „ოკუპირებული“, რა თქმა უნდა, ამის შეთავაზავება აფხაზებისა და ოსებისთვის წამგებიანია. ჩვენ გვაქვს აგრეთვე კანონიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. აქ ნახსენებია სიტყვა „ოკუპირებული“ და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან სწორადაც - ამით სახელმწიფო კანონის დონეზე აძლევს თავის განმარტებას სტატუსის შესახებ და ვფიქრობ, ეს სრულიაად საკმარისია. მე არ მიმაჩნია მართებული იყო ამ სიტყვის ჩაწერა ყველგან.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ სახელმწიფო სტრატეგიის მეორე პრობლემაა მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბარი. საქართველოს პასუხისმგებლობა კი საერთოდ არცაა ნახსენები. თუკი სტრატეგიაში შენ წერ რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ და არ ახსენებ საქართველოს პასუხისმგებლობას, ეს არადიპლომატიურია. ეს არის გარკვეული მესიჯი აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთისთვის, რითაც მათ ვაჩვენებთ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ  მზად ჩვენი პასუხისმგებლობის ასაღებად. მე ვფიქრობ, სტრატეგიაში უნდა ყოფილიყო საუბარი როგორც რუსეთის, ისე საქართველოს პასუხისმგებლობაზე. თუკი საქართველოს პასუხისმგებლობაზე არაფერი დაიწერებოდა, მაშინ დოკუმენტიდან რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა ამოგვეღო.

ყველაზე სერიოზული პრობლემა კი ისაა, რომ სტრატეგიაში არსადაა აფხაზური და ოსური მხარეები ნახსენები, როგორც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარე. მეორე მახარედ იქ რუსეთი მოიხსენიება. მე კი მიმაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ სტრატეგიის, არამედ ზოგადად, ქართული პოლიტიკის დიდი შეცდომაა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ რუსული გავლენის შემცირებას საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე. ჩვენ არ აღვიქვამთ აფხაზებს და ოსებს კონფლიქტის მხარეებად, აღარ ვესაუბრებით მათ. ამით ვიუცხოებთ ამ ხალხებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აფხაზეთიც დ ოსეთიც კონფლიქტის მხარეებად უნდა ვაღიაროთ. ამით ამ კონფლიქტებზე რუსეთის ფაქტორის გავლენა შესუსტდება.

ცალკე სასაუბრო თემაა 2010 წელს მიღებული „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები“ . ამით  საქართველომ მოუსპო საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლებლობა, დახმარებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას. ეს იყო გზა, რითაც აფხაზებს და ოსებს შეეძლოთ დასავლურ დემოკრატიულ საამყრაოსთან ჩაბმა. ახალი გადაწყვეტილებით, ყველა ის უცხოური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში კონფლიქტებზე მუშაობს, ვალდებულია, პროექტის შინაარსი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეათანხმოს. მინისტრი პროექტს განიხილავს და მისი განხორცილებეის ნებართვას გასცემს. ამ გზით პროექტები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში უნდა განხროციელდეს, გაივლის „ქართულ ფილტრს“. აფხაზებსა და ოსებს კი ის არასამთვარობო ორგანიზაციები, რომლებიც იქამდე შუამავლებად ესახებოდათ, უკვე ქართულ მხარედ მოევლინებათ.

კონფლიქტის მოგვარების გზები

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აფხაზებსა და ოსებს, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებული ქვეყანაა. უნდა განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა აფხაზებმა და ოსებმა ნახონ, რომ აქ არის დამოუკიდებელი სასამართლო, დაცულია ადამიანის უფლებები და აშ. რაც რუსეთში კიდევ დიდხანს არ იქნება.

ერთი მნიშვნელოვანი ასქეტი, რაც ქართულ მხარეს ავიწყდება, ისაა, რომ აფხაზები და ოსები თავს რუსებისგან თავიანთი პასპორტებით იცავენ. ამ ფონზე საჭიროა დავფიქრდეთ, რას გვაძლევს ჩვენ მაგალითად, აფხაზური პასპორტების მიმართ  ზერელე დამოკიდებულება. ახლა ენგურსგადმოღმა ბევრი აფხაზი გადმოდის სამკურნალოდ თუ სასწავლებლად. აქ კი მათ პრობლემემბი ექმნებათ, რადგანაც არა აქვთ ქართული პასპორტები. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია იქიდან გადმოსულ აფხაზებს, რომლებსაც აფხაზური პასპორტი აქვთ, ენგურსგადმოღმაც მოვემსახუროთ თავიანთი პასპორტებით. ამით ჩვენ ამ ადამიანებს ჩავრთავთ შიდა ქართულ პროცესებში. იცით, რომ აფხზაზებს, ვინც აფხაზეთიდან გადმოვლენ და გაივლიან აქ გარკვეულ პროცედურებს და მიიღებენ საქარათველოს მოქალაქეობას, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ  სამედიცინო დახმარება უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მე ამას მივესალმები და ვფიქრობ, ეს პოლიტიკა ძალიან სწორია... მაგრამ, როცა აფხაზები ჩამოდიან და იგებენ, რომ ამ სამედიცინო დახმარების სანაცვლოდ მათ აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან, უკან იხევენ. ბევრისთვის ეს შეურაცხმყოფელია. ბევრი იღებს ქართულ პასპორტს, მაგრამ აფხაზეთში მიბრუნებისთანვე ურნაში უძახებს მას და აცხადებს, რომ იძულებული იყო მიეღო საქართველოს მოქალაქეობა სამედიცინო მომსახურების სანაცვლოდ, რაკი სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ჩვენ თუ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და აფხაზებს შევატყობინებთ, რომ მათ აქ აფხაზური პასორტით შეუძლიათ მკურნალობა, მეტი აფხაზი ჩამოვა. იგივე სიტუაციაა განათლების მიღებასთან დაკავშირებითაც - ბევრ აფხაზს აქვს სურვილი საქართველოს ქალაქებში მიიღოს განათლება, მაგრამ  ამისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება უწევთ, რაც რასაკვირველია აფახეთში მიბრუნების შემთხვევაში პრობლემებს უქმნით.

რაც შეეხება მანქანის აფხაზურ ნომრებს, 2008 წლის ომამდე აფხაზურნომრიან მანქანებს თავისუფლად შეეძლოთ აფხაზეთიდან გადმოსვლა და საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე მოძრაობა. ომის შემდეგ კი ეს მხოლოდ ზუგდიდშია შესაძლებელი, ისიც - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს სპეციალური ნებართავ აქვს. საქართველომ მკაფიოდ უნდა განუმარტოს აფხაზებს და მისცეს მათ აფხაზური ნომრებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. ამით უფრო მეტად მოხდება მათი ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია.

მთავარი არის მეტი ღიაობა ჩვენი მხრდან. ჩვენ კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ,  ქართულმა მხარემ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო და ისე ჩაკეტა საზღვრები, რომ მაგალითად, ახალგორის ტერიტორიაზე ქართული გაზეთების შეტანაც აკრძალულია. თუკი კონფლიქტის მოგვარება გვსურს, დროა, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ მიდგომა - „რაც უფრო მეტს უთმობ, მით უფრო დამოუკიდებელია“. პირიქით, ჩვენ უნდა  გავიაზროთ - „რაც უფრო მეტს უთმობ, მით უფრო ჩართულია შენში“.

რატომ იქცევა ხელისუფლება ასე და რატომ არ დგამს კონფლიქტის მოგვარებისკენ ნაბიჯებს? ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ხელისუფლებას სჭირდება ხელისუფლებაში ყოფნა და მას არ უნდა იმ ხალხის გაძლიერება, ვინც მის გუნდში არ არის. თუმცა, ეს ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის წინამდებარე მოსაზრებები
Humanrights.ge-მ 14 თებერვალს ჩაწერა - ბიოლის  ფონდში  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიშის („აგვისტოს ნანგრევებში“) პრეზენტაციაზე.

ახალი ამბები