კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი

1 მარტი, 2011
ინტერპრესნიუსი

პირველი მარტიდან საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო მიმოსვლას სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. გამარტივებული მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობლად გაუმარტივებს ურთიერთობას ევროპის ქვეყნებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ ფაქტს. ევროკავშირის მხრიდან ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადია, რადგან იგი თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერსებულ პირს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სტუდენტები და ბიზნესმენები.

საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე. ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მარტივდება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ვიზების მიღების პროცედურა 22 კატეგორიის პირთათვის. მათ შორის, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან 12 კატეგორიის პირები.

გარდა ამისა, 13 კატეგორიის პირთათვის ინდივიდუალურად განისაზღვრა ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტის სახეობა. 11 კატეგორიის პირთათვის გათვალისწინებულია ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ, მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა. გარკვეული კატეგორიის პირებზე პირდაპირ შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.

რას გულისხმობს რეადმისიის ხელშეკრულება

საქართველო-ევროკავშირის შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმთან ერთად, 1 მარტიდან რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებაც შევა ძალაში. „ინტერპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, ვასილ ჭყოიძის განმარტებით, რეადმისია თან დაერთო ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო შეთანხმებას და გულისხმობს ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ აიღო.

კერძოდ, ხელშეკრულების მთავარი მისიაა, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული არალეგალების დაბრუნება;  შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ პირებისთვის დროებითი თავშესაფარი და სხვა ხარჯები, ვიდრე მოხდება მათი იდენტიფიკაცია.

„ხელშეკრულება, ასევე, ითვალისწინებს მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვას, აღრიცხვას, თანამედროვე სტანდარტებით საზღვრების მართვას, ევროკავშირის მონაცემთა ბაზებში ჩვენი მონაცემთა ბაზების ინტეგრირებას, თუ ვინ დარეგისტრირდა, როგორც მიგრანტი ან ემიგრანტი და ამ ყველაფრის ერთობლივად, მაღალ დონეზე კონტროლს“, - განაცხადა მან.

ამასთან, ვასილ ჭყოიძე რეადმისიას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამით ემიგრაციის პრობლემა მოიხსნება.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს უფრო მეტი მოტივაცია ექნება, არ დაარღვიოს სავიზო რეჟიმი, არ გახდეს არალეგალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაბრუნდეს საქართველოში, რათა ხელმეორედ, ისევ გამარტივებული რეჟიმით შეძლოს ვიზის მიღება.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფებიან ემიგრაციაში, ურჩევს, დაბრუნდნენ სამშობლოში, გაიარონ კონსულტაცია შესაბამის საელჩოებში, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათაც შეძლონ ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესით მიღება.

ახალი ამბები