კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიფრაშვილების თავგადასავალი

9 მარტი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში სიფრაშვილების 7-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი, რის გამოც სკოლაში იშვიათად დადიან, ხშირად კი რამდენიმე დღით მშივრები არიან. სახლი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს ფონდმა „იავნანამ“ გადასცა, ავარიულია.

შენობის კედლები დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის, ოთახებში იატაკი აყრილია. სიფრაშვილების მთელი ქონება 4 დანგრეული საწოლი, 1 მაგიდა, 2 მორყეული სკამი და შავ-თეთრი ტელევიზორია.

„2 წლის წინ, სახლი რომ გადმოგვცეს, მაშინვე დაზიანებული იყო. ჩვენ „იავნანას“ წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ ამ სახლში ცხოვრება საშიში იყო და იცით, რა გვითხრეს? თუ არ მოგწონთ, სადაც აქამდე იყავით, ისევ იქ გადადით და სახლი დაცალეთო. თეონას ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონით, გვარი არ მახსოვს. ხშირად ვურეკავდი, სახლი თავზე გვენგრევა და ყურადღება მოგვაქციეთ-მეთქი, მაგრამ არავინ დაინტერესდა“, - გვითხრა მრავალშვილიანმა დედამ მაია სიფრაშვილმა.

შვიდშვილიანი ოჯახი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ 220 ლარი თვიდან თვემდე მარტო პური რომ იყიდონ, იმაშიც კი არ ჰყოფნით.

„პური არც ახლა გვაქვს. კარტოფილი მეზობელმა მომცა და იმას ვხარშავ. მეზობელმა მომცა ცოტა ყურძნის წვენიც და თათარა გავაკეთე. დღეს მოხარშული კარტოფილი და თათარა უნდა ვჭამოთ. სარეცხის ფხვნილი 3 თვეა, არ მიყიდია და მეზობლებმა რა ტანსაცმელიც გვაჩუქეს, დასარეცხი ყრია. ანაგაში ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს. ფეხსაცმელი არც ერთ ბავშვს არა აქვს. არც საწოლი გვაქვს და არც ლოგინი. სიცივისგან ლამის გავიყინოთ“, - ამბობს მაია სიფრაშვილი.

ავთანდილ სიფრაშვილი, ბავშვების მამა: „შეშას ვერ ვყიდულობთ და ტოტებს ტყიდან ყოველდღე ზურგით ვეზიდები. ბევრის მოტანა არ შემიძლია და რაც მომაქვს, რამდენიმე საათი გვყოფნის. ნაგავზე მუყაოს ყუთებს, მანქანის საბურავებს ვაგროვებთ და იმას ვწვავთ. ბავშვები სულ გამურულები არიან, რეზინი რომ იწვის შავი კვამლი აქვს და ოთახში სუნთქვაც კი გვიჭირს“.

მძიმე პირობების მიუხედავად, მშობლები ბავშვების გაშვილობილების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის წინააღმდეგები არიან. „სცივათ, ფეხშველები დადიან... ღარიბი ვარ, მაგრამ ბავშვებს არავის მივცემ, არც ინტერნატში ჩავაბარებ. როცა რა მექნება, იმას ვაჭმევ. სამუშაო თუ იქნება, ვიმუშავებ და ბავშვებს პურს მაინც ვუყიდი“, - აღნიშნავს მაია სიფრაშვილი.

ადგილობრივი ხელისუფლება მრავალშვილიან ოჯახს შეშით, საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარა, რაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავურეკეთ.

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ უარყო, რომ „იავნანამ“ სიფრაშვილების ოჯახს დაზიანებული სახლი გადასცა.

„სიფრაშვილების ოჯახის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონის განყოფილებამ მოგვაწოდა. წერილში აღწერილი იყო ოჯახის მდგომარეობა და ის, რომ ბავშვები იზრდებოდნენ ბოდბის სკოლა-პანსიონში, რადგან მათი საცხოვრებელი მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. ყველასათვის ცნობილია, რომ ფონდ „იავნანას“ მთავარი პროგრამა ბავშვთა სახლებიდან მშობლებისთვის შვილების დაბრუნებას უკავშირდება და მაშინვე დავიწყეთ ამ ოჯახისთვის სახლის შეძენაზე ზრუნვა. ჩვენი ფონდის თანამშრომლებთან ერთად, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი სოციალური მუშაკი და თავად ეს ოჯახი. რამდენიმე სახლს  შორის, რომელიც იმ დროს იყიდებოდა, სიფრაშვილების ოჯახმა მოიწონა სწორედ ეს სახლი. მხოლოდ ამის გამო შეაჩერა „იავნანამ“ არჩევანი ამ შენობაზე.

მას შემდეგ, რაც ოჯახს ბინას შევუძენთ ხოლმე, ჩვენ ვცდილობთ მათ გაძლიერებას. სიფრაშვილების ოჯახს, „იავნანას“ რეკომენდაციით, 1 წლის მანძილზე მიეწოდებოდა გაეროს სასურსათო პროგრამის დახმარება (ყოველთვიურად 2 კგ. შაქარი, 5 ლიტრი ზეთი, 50 კგ. პურის ფქვილი).

სამწუხაროა, რომ სიფრაშვილების ოჯახმა ვერ შეძლო შემდგომი განვითარება. 2010 წლის ზაფხულში ჩვენ რამდენჯერმე დაგვიკავშირდნენ მეზობლები და გვითხრეს, რომ ბავშვები საშინელ სიბინძურეში იზრდებოდნენ და ძალიან მძიმედ იდგა ამ ოჯახში პირადი ჰიგიენის საკითხები. ისიც დასძინეს, რომ ზაფხულში წყალი მაინც არ ჭირდა და გვთხოვეს, ბავშვები კვლავ ბავშვთა სახლში დაგვებრუნებინა.

ფონდი „იავნანა“ სიფრაშვილების ოჯახის ამბავს არ ახმაურებდა, რადგან ადამიანებმა გაჭირვებულის დახმარების სურვილი არ დაკარგონ“, - აღნიშნა თეონა ჯორბენაძემ.

სიფრაშვილების ოჯახის შესახებ ფოტორეპორტაჟი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. 2011 წლის 3 მარტს კი სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მშობლები სოციალურ დახმარებას არამიზნობრივად ხარჯავდნენ და ბავშვებს მშივრებს ტოვებდნენ.

4 მარტს სიფრაშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების და კახეთის საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლები ეწვივნენ. შვიდი შვილის დედის მაია სიფრაშვილის თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მისთვის ბავშვების ჩამორთმევას. ანაგაში მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშინებული დედა, ავადმყოფობის მიუხედავად, საავადმყოფოში გადაყვანაზეც უარს ამბობდა.

„ვირუსი მაქვს და საწოლში ამიტომ ვწევარ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან როგორც კი შემოვიდნენ, მითხრეს, ასეთ პირობებში როცა ხართ, ხომ გითხარით, რომ ბავშვებს წავიყვანთო. ამ პირობებში ბავშვების გაჩერება არ შეიძლებაო. პოლიციით დამემუქრნენ, თუ ნებას არ მოგვცემ, ბავშვებს პოლიციის ძალით წავიყვანთო. სასწრაფო გამოიძახეს, რომ ჩასხან ბავშვები, ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანონ და მერე ბავშვთა სახლში. ღარიბი რომ ვარ, ბავშვები უნდა წამართვან? სანამ ბავშვებს წაიყვანენ, ჯერ მე უნდა მომკლან. ჩემს შვილებს არავის დავუთმობ“, - აღნიშნა მაია სიფრაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების უფროსმა ზურაბ ზურაბაშვილმა შვიდი შვილის დედის ბრალდება უარყო. „ბავშვებს არ ვართმევთ. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.

ნატალია ნადიკაშვილი, სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმი: „სასწრაფო დახმარების ბრიგადა ზურაბ ზურაბაშვილმა გამოიძახა. მიზეზი იყო ის, რომ მაია სიფრაშვილს ჰქონდა მაღალი სიცხე. მასთან ერთად გავსინჯეთ 7 ბავშვი და აქედან ოთხს აქვს ვირუსი. ქალბატონ მაიასაც აქვს გართულებული ვირუსი. მისი გადმოცემით, უკვე მეოთხე დღეა რაც ცუდად არის, იტარებს თვითმკურნალობას. ადგილზე მოსვლის დროს დამხვდა ოჯახის ექიმი. მისი რეკომენდაციით, პაციენტი და მისი შვილებიც მოსათავსებლები არიან სტაციონარში. ადგილზე აღმოვუჩინეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. საჭიროა დიაგნოსტიკური კვლევა და მკურნალობა საავადმყოფოში, თუმცა დედა სტაციონარში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ამბობს, რომ ეშინია“.

შორენა ზაზაძე, მაია სიფრაშვილის და: „რომ მოვიდნენ სააგენტოდან, ასე უთხრეს, რომ საავადმყოფოში წაგიყვანთ, ცუდად ხართო. გარეთ რომ გადიოდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ბავშვებს რომ გამოვაჯანმრთელებთ, მერე ბავშვთა სახლში გადავიყვანთო. ჩემი ყურით გავიგე. მაშინვე ვუთხარი, რომ ბავშვებს ვერ წაიყვანთ, არ გაგატანთ მეთქი. მერე გავიდნენ, პოლიცია მოვიდა და მალევე თქვენც მოხვედით“.

თეა დარჩაშვილი, სიფრაშვილების მეზობელი: „გაჭირვების გამო არ უნდა წაართვან ბავშვები. უზომოდ უჭირთ, ეხმარებიან მეზობლებიც, უცხო ადამიანებიც მოდიან და ეხმარებიან ტანსაცმლით, საჭმლით. იმის გამო რომ უჭირს, დედას შვილები უნდა წაართვან? როგორ შეიძლება. არასოდეს არ მინახავს მე ეს ბავშვები ნაცემები“.

ანაგაში ჟურნალისტებისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლების მისვლის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა უარყვეს, რომ ისინი პოლიციის ძალით გეგმავდნენ ბავშვების გაყვანას. არადა, პოლიცია  სიფრაშვილების სახლთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული.

მოგვიანებით, მაია სიფრაშვილი ბავშვებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. იმავე საღამოს ცენტრალური ტელეკომპანიების ეთერში გავიდა სიუჟეტები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოჯახში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ბავშვები დაავადდნენ, მწვავე ვირუსული ინფექციის ფონზე ფილტვების ანთება დაუდგინდათ და სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სინამდვილეში, ოჯახის ყველა წევრი 5 მარტს საავადმყოფოდან გაწერეს. „ავად მხოლოდ დედა და ერთი ბავშვი იყვნენ. დანარჩენებს არც ვირუსი ჰქონდათ და არც ტემპერატურა. სამმა ექიმმა გავსინჯეთ და დავასკვენით, რომ ისინი საავადმყოფოში არ უნდა ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა წნორის საავადმყოფოს ექიმმა ნანა თამაზაშვილმა.

სიფრაშვილების ოჯახის თაობაზე განცხადება გაავრცელა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“. უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სიფრაშვილების მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ გამოყენებული ფორმები და ქმედებები გააპროტესტა.

„სოფელ ანაგაში სიფრაშვილების საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შვიდი შვილის დედას ბავშვების ჩამორთმევით დაემუქრნენ. მუქარას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ხმამაღლა ტიროდნენ, რადგან დედასთან დაშორება არ უნდათ. მართალია, სიფრაშვილები მძიმე პირობებში ცხოვრობენ, თუმცა მშობლის უფლების შეზღუდვა და მოზარდების ბავშვთა სახლში გადაყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს და იგი უნდა გამოიყენებოდეს აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. სააგენტოსთვის აღნიშნული ოჯახის მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე წლების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა ჩვენი წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ახსნა - განმარტებებიდან ირკვევა, რომ სოციალურ მუშაკებს მშობლებთან არასდროს უმუშავიათ პირობების გაუმჯობესებისთვის. პოლიციის ძალით ოჯახის დაწიოკება და მუქარა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, არღვევს ადამიანის უფლებებს და აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

ამ დროისთვის სიფრაშვილების ოჯახთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვები ბიოლოგიურ მშობლებთან დარჩნენ.

ახალი ამბები