კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მონიტორის“ მეორე საჩივარი „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წინააღმდეგ

10 მარტი, 2011

გელა მთივლიშვილი

სტუდია „მონიტორმა“ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მეორე საჩივარი წარადგინა. „მონიტორი“ ტელევიზიებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების განმეორებით დარღვევაში ადანაშაულებს და კომისიისგან მათ დაჯარიმებას ითხოვს.

სტუდია „მონიტორის“ ჯგუფი „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მონიტორინგს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. „ჯამში 50-მდე ჩანაწერი დაგროვდა - საინფორმაციო გამოშვებები, მხატვრული ფილმები და სხვა პროგრამები. ორივე ტელეკომპანია სისტემატურად არღვევდა საინფორმაციო გამოშვებებში რეკლამის განთავსებისათვის დადგენილი დროის ლიმიტებს“, - ამბობს „მონიტორის“ ჟურნალისტი გია მგელაძე.

მისივე თქმით, კანონმდებლობის მოთხოვნების იგნორირება გამოვლინდა საბავშვო გადაცემებისა და მხატვრული ფილმების გაშვების დროსაც. „უმეტეს შემთხვევაში ეთერში გაშვებული რეკლამის დრო 2-ჯერ ან მეტჯერ აღემატებოდა კანონით დაშვებული დროის ლიმიტს. მაგალითად, საბავშვო გადაცემები შეიძლება შეწყდეს 15 წუთში ერთხელ და არაუმეტეს 45 წამით. „საბავშვო ამბების“ 2010 წლის 14 ნოემბრის გადაცემის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენდა 33 წუთსა და 25 წამს. აქედან საბავშვო ინფორმაციის მიწოდების დრო იყო 23 წუთი და 45 წამი. დანარჩენი დრო (9 წუთი და 80 წამი) - სარეკლამო, სპონსორული და საანონსო ჭრა იყო“, - აღნიშნავს მგელაძე.

გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის, სტუდია „მონიტორმა“ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველი საჩივრით გასულ წელს მიმართა. საჩივრის ავტორი ითხოვდა ტელეკომპანიების სანქცირებას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი ტელეკომპანიების გაფრთხილებას მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის. სტუდია „მონიტორის“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სტუდია „მონიტორის“ საჩივარი დაკმაყოფილდა. „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ გაფრთხილება მიეცათ. საჩივრის ავტორს მიაჩნდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად აისახებოდა მომხმარებელთა უფლებებზე, რადგან ტელეკომპანიების მიერ ანალოგიური დარღვევის თუნდაც ერთხელ განმეორების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით დადგენილი სანქციის უფრო მკაცრი ზომა.

კანონის თანახმად, კომისიის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

„მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დავალებული აქვს სისტემატიური მონიტორინგის განხორციელება ლიცენზიის მფლობელების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დაცვაზე, კომისიას „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მიმართ აღარ უმსჯელია. არადა, სტუდია „მონიტორი“ აგრძელებდა ტელეკომპანიების მონიტორინგს და ლიცენზიის მფლობელების მხრიდან რეკლამირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები ისევ გამოავლინა“, - აღნიშნავს გიორგი მგელაძე.

2011 წლის 7 მარტს სტუდია „მონიტორმა“ განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად, საჩივრის ავტორი ითხოვს დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ტელეკომპანიებს სანქციის სახით ჯარიმის გადახდა დაეკისროთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას თქმით, კანონით ჯარიმა შეადგენს ტელეკომპანიის წლიური შემოსავლის 0,5%-ს, თუმცა დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს 2500 ლარზე ნაკლები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სტუდია „მონიტორის“ საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.

ახალი ამბები