კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ურჩი დევნილები“

16 მარტი, 2011
კახეთში, კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან, აფხაზეთიდან დევნილთა 44 ოჯახი პოლიციის ძალით გასული წლის აგვისტოში გამოასახლეს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართში გადასვლას მხოლოდ 4 ოჯახი დათანხმდა. დანარჩენი 40 ოჯახი დღემდე ან ახლობლის სახლს აფარებს თავს, ან ქირით ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა  თქმით, სამინისტროში მათ განუცხადეს, რომ „ურჩ დევნილებს“ არ ეხმარებიან.

დევნილების გამოსახლების მოთხოვნით, პოლიციას, კურორტ „ახტალის“ დირექტორმა გოგა უტიაშვილმა მიმართა. კურორტი „ახტალა“ სახელმწიფო საწარმოა. გურჯაანის პოლიციის უფროსმა ლევან ბიწკინაშვილმა დევნილები „ახტალის“ საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლების შესახებ 2010 წლის 8 ივლისს გააფრთხილა და შენობის დასაცლელად 5 სამუშაო დღე მისცა. ვადა 15 ივლისს ამოიწურა. გამოსახლებაში, რომელიც გამთენიისას დაიწყო, კახეთის თითქმის ყველა რაიონის პოლიცია მონაწილეობდა - სულ 196 პოლიციელი. გამოსახლებას კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა. პოლიციის თანამშრომლებმა დევნილების ლეიბები, კარადები და სხვა საგნები პირდაპირ სართულებიდან გადმოყარეს.

დევნილების გასახლებაზე პოლიციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნებართვა ჰქონდა. სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილებს ალტერნატიულ ფართს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში და ლაგოდეხში სთავაზობდა, თუმცა 40-მა ოჯახმა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ შენობებში საცხოვრებლად გადასვლაზე უარი თქვა, იმ მიზეზით, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუარესდებოდა.

გამოსახლების შემდეგ აფხაზეთიდან დევნილებმა დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას თბილისში, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ უშედეგოდ.

დოდო ნემსიწვერიძე, დევნილი: „სად ვცხოვრობ და ადამიანის ოჯახში, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი. შემიფარა მადლიერმა და ღვთისნიერმა. მე ქირის გადახდის საშუალება არა მაქვს, რადგან მხოლოდ პენსია მაქვს - 90 ლარი, რაც წამლებში არ მყოფნის. გარეთ რომ გამომაგდეს და გამომასახლეს, ჯერ ერთი, რატომ? ის შენობა დღემდე ისე გდია. მერე - მოხდა, მოხდა, მაგრამ გამოსახლების შემდეგ ვინ მომაკითხა? არავინ! რაც მთავარი იყო, ხომ გამოგვყარეს?!“

ნანული ჩალაძე, დევნილი: „ახლობლის ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ როდემდე ვიქნები? ახლა ისინი აქ არ არიან და რომ ჩამოვლენ, მერე სად წავიდე ავადმყოფი, პენსიონერი ქალი? არაფერი ჩვენთვის არ არის, არც წამალი, არც ჰუმანიტარული დახმარება. ვაუჩერიც არ მოგვცეს. სამინისტროს თანამშრომელს ჭყონიას რომ დავურეკეთ, ღირსები არ ხართო, მითხრა. რატომ, რადგან არ დავემორჩილეთ და ბაკურციხეში არ წავედით? არ გვინდა ჩვენ ბაკურციხე. იქ შიმშილით გავწყდებით. არაფერი სამუშაო იქ არ არის. აქ ბაზარში გავდივართ და რაღაცას ვახერხებთ. პურს მაინც ვყიდულობთ. ბაკურციხიდან გურჯაანში რომ გადმოხვიდე 2 ლარი ღირს. როგორ ვიცხოვრო იქ?“

მარეხ მეტრეველი, დევნილი: „ბაკურციხეში იმიტომ არ გადავედი, რომ ავადმყოფი ბავშვი მყავს. აქ სკოლაში დამყავს, სადაც სპეციალური სწავლებაა და იქ ვერ გადავიყვან. ქირით ვცხოვრობთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. არც კითხულობენ, სად ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ. ვაუჩერებიც კი არ გაიმეტეს ჩვენთვის. ქირასაც ვეღარ ვიხდით, ვეღარ ვუძლებთ ამ პირობებს და არ ვიცი, რა გვეშველება. როცა სამინისტროში ვრეკავთ, გვეუბნებიან - თქვენ  ურჩი დევნილები ხართო“.

აფხაზეთიდან დევნილები ბინების შესაძენად მთავრობისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „ურჩი დევნილების“ პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

28 თებერვალს, სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. კომპენსაციების თემა ამოწურულია და რეგიონებში საცხოვრებელი ფართების განაწილება მიმდინარეობს.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილებს საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარებში) ეგრედწოდებულ საკომპენსაციო თანხას, აღნიშნული ღონისძიება დასრულებულია. ე.წ. გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არ არის დანაკარგის კომპენსაცია, ეს იყო კოტეჯის სანაცვლოდ დაშვებული ალტერნატივა და გამოყენებული იყო, როგორც განსახლების ალტენატიული, გამონაკლისი ღონისძიება. იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა. დევნილთა ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და დარჩენილები არიან უსახლკაროდ, სამინისტრო მათთვის განაგრძობს განსახლების ღონისძიებებს და სთავაზობს რებილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს რეგიონებში, საკუთრებაში გადაცემის პირობით. იმედს ვიტოვებთ, რომ თავშესაფრის არმქონე ადამიანები სამინისტროს მიმართვავენ, სახელმწიფოს შეთავაზებით ისარგებლებენ და რეგიონებში ფართებს მიიღებენ. რა თქმა უნდა, შეთავაზებაში ის ოჯახები იგულისხმება, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი ანუ სახლ - კარი არ აქვთ“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან გამოსახლებული დევნილებიდან ერთ-ერთმა, მარინე ბენიძემ სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების შესახებ განცხადებით, გასული წლის სექტემბერში მიმართა. „კი მივმართე, მაგრამ ბინას არ მაძლევენ ბაკურციხეში. დაელოდეო, იძახიან. უკვე ნახევარ წელზე მეტი გავიდა. რამდენიმე ოთახი აქვთ, მაგრამ არ მაძლევენ, მსჯიან ალბათ, როგორც „ურჩ დევნილს“. ცოტა ხანი მეც ხომ უარს ვამბობდი იქ გადასვლაზე. ოჯახში 9 სული ვართ. ავადმყოფი მეუღლე მყავს. ჭყონიას ველაპარაკე, მანამდე ჩიკვილაძე იყო, იმასაც, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ ქირით ვიყავი, ახლა ახლობელთან ვცხოვრობ, მაგრამ როდემდე გაგვაჩერებენ იქ არვიცი“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სამინისტროს პოზიცია „კომპენსაციების თემის ამოწურვის“ შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2008 წლის N915-ე, 2009 წლის 24 ივლისის N534-ე და 2010 წლის 3 ივლისის N856-ე განკარგულებებს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს არღვევს.

„დასახელებული განკარგულებების თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის  ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე“. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია სამინისტროს განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია“, - აღნიშნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია მოუწოდებს სამინისტროს დევნილთა ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობა კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს, თანხით დააკმაყოფილოს.

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები