კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დახურული პროცესი

18 მარტი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ყვარლის სასამართლო სოფელ ბალღოჯიანის სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის საქმეს დახურულ სხდომებზე განიხილავს. თაბაგარს ბრალი მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება. სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებას არ აღიარებს. თანასოფლელებს მიაჩნიათ, რომ თაბაგარი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.

საქმის დახურულ სხდომებზე განხილვა პროკურორმა ზურაბ ბიკაშვილმა მოითხოვა. „საქმე ეხება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის დამყარების იძულებას. აუცილებელია, რომ პროცესი დაიხუროს“, - აღნიშნა პროკურორმა. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობას ბრალდებულის ადვოკატი თამარ მეტრეველი ნაწილობრივ დაეთანხმა. მისი თქმით, თაბაგარს ბრალი ორი დანაშაულის ჩადენაში ედება. „არასრულწლოვანთან დაკავშირებით საქმე შეიძლება დახურულ სხდომებზე განვიხილოთ, თუმცა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლში საქმის განხილვა ღია სასამართლო სხდომებზე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა თამარ მეტრეველმა. პროკურორს და ადვოკატს არ დაეთანხმა ბრალდებული.  სასამართლოს მან უთხრა, რომ საქმე ღია სხდომებზე განხილულიყო, რადგან ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უნდა ამაში საზოგადოება დარწმუნდეს. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, „განსახილველია სქესობრივი დანაშაულის საქმე და საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები, რომ არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირების ინტიმური და პირადი ცხოვრების საუდუმლოებების შესახებ“, - განაცხადა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა. დახურულ სასამართლო სხდომებზე საქმის ის ნაწილი განიხილება, რაც მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებას ეხება.

სასამართლოში ზურაბ თაბაგარის მხარდასაჭერად სოფელ ბალღოჯიანის მაცხოვრებლები და სკოლის მასწავლებლები იმყოფებოდნენ.

„სკოლის პედაგოგების უმრავლესობა აქ არის იმიტომ, რომ ზურაბ თაბაგარს ვიცნობთ როგორც პატიოსან და მშრომელ ადამიანს. მიგვაჩნია, რომ ის ამ დანაშაულის ჩამდენი არ არის. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ობიექტური იქნება“, - განაცხადა ბალღოჯიანის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნაირა მარტიაშვილმა.

„ეს ბრალდება არის ტყუილი. „ნაციონალმა“ მასწავლებლებმა უჩივლეს პროკურატურაში, გაბრაზებულები იყვნენ სოფელში არჩევნები რომ წააგეს და შური იძიეს. იმის შემდეგ რაც მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში დაადანაშალეს, ის ბავშვი სოფელში აღარ გვინახავს. სად წაიყვანეს, არვიცი“, - აღნიშნა ბალღოჯიანის მცხოვრებმა თამარ ღვინაძემ.

სამართალდამცავებმა ზურაბ თაბაგარი 2010 წლის სექტემბერში დააკავეს. თაბაგარს პროკურატურაში სკოლის მასწავლებლებმა 2010 წლის ივნისში უჩივლეს. 9 ივნისს კი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტი, სადაც მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში საჯაროდ ადანაშაულებდნენ.

ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ოთხივე მომჩივანი მასწავლებელი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო. მაია ცერცვაძე ბალღოჯიანის საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით; ნინო მოდებაძე სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აკაკი კეკენაძის რძალია და წინასაარჩევნოდ სოფელში აგიტაციას მის სასარგებლოდ ეწეოდა; ლიანა კუპატაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორი იყო ბალღოჯიანში, ხოლო ელდინო იობაშვილი - ამავე სოფელში სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორი. ბალღოჯიანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარული სისტემით არჩევნები „ეროვნულ საბჭოსთან“ წააგო. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს უკავშირებდნენ. დაპატიმრებამდე ზურაბ თაბაგარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სთხოვეს, მათი კანდიდატის მხარდასაჭერად სოფელში კარდაკარ ჩამოევლო და სკოლაში ოპოზიციის მხარდამჭერი მასწავლებლები გადაებირებინა, რაზეცად თაბაგარმა უარი თქვა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ თაბაგარს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები