კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ხარებავას საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო

21 მარტი, 2011
სალომე აჩბა

18 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ გამოტანილ გაანჩენთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.

ზვიად ხარებავას  ბრალი თაღლითობასა და გაფლანგვაში ედება და  17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.  თავად ბრალდებული სასამართლო ჩვენებაში აცხადებს, რომ მისგან გამომძიებელი თავისუფლების სანაცვლოდ ზურაბ ნოღაიდელის მაკომპრომეტირებელი ინფრომაციის გაცემას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში დიდი ხნით გამოკეტვით ემუქრებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხარებავას საქმე შეისწავლა და მას პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს. ზვიად ხარებავა 2005 წელს პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მრჩევლად მუშაობდა. იქამდე კი ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ხარებავა პროფესიით მათემატიკოსია. მან განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო და დოქტორის ხარისხიც იქ მიენიჭა. ვარდების რევოლუციის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა, საქართველოში ჩამოვიდა და აქ განაგრძო საქმიანობა. 2005 წელს ნოღაიდელის მრჩევლის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბიზნესის სფეროში გადავიდა და წლების განმავლობაში რამდენიმე სოლიდურ კომპანიას უხელმძღვანელა.

ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი 2009 წელს დააკავეს. სასამართლომ მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  როგორც პრესკონფერენციაზე ხარებავას ადვოკატებმა განაცხადეს, საქმეში არ არსებობს არც ერთი მყარი მტკიცებულება ზვიად ხარებავას წინააღმდეგ.

„ხარებავას მიერ წარდგენილი ბრალდება და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონოა. საქმეში არ არსებობს არც ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ზვიად ხარებავას  დანაშაულს. ეს საქმე რომ უკანონოა, ამას ისიც ადასტურებს რომ ბრალდებები ერთად კი არ წაუყენეს, არამედ ეპიზოდურად. ზოგიერთი ბრალდება გზადაგზა მოუხსნეს. მოკლედ, ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლებოდა დიდი ხნით გამოეკეტათ ციხეში. დღევანდელი პოლიტიზებული სასამართლოს პირობებში, ამას მიაღწიეს კიდეც“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა, რომელიც ზვიად ხარებავას დაცვის საქმეში ცოტა ხნის წინ ჩაერთო.

ხარებავას ოჯახიც კატეგორიულად გამორიცხავს მის ბრალეულობას. დაკავებულის ძმამ გრიგოლ ხარებამავ პრესკონფერენციაზე განაცხადა:  „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი ძმა ციხეში იმყოფება, არის მისი მხრიდან უარი პროკურატურის შემოთავაზებაზე - მიეცა მათთვის ნოღაიდელის მაკომპრომატირებელი ჩვენება. ზვიადი ვერ მოიგონებდა და სხვას ვერ დააბრალებდა დანაშაულს, რადგან ის ღირსეული ადამიანია. მისი დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ჩემი ოჯახი არ შეეგუება ამ უკანონობას და ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად“.

გრიგოლ ხარებავამ ჟურნალისტებს თავისი ძმის სასამართლო ჩვენებიდან ამონარიდიც წაუკითხა: „როცა სახელმწიფო მანქანა ციხეში დიდი ხნით გამოგკეტავს, ცხადია, ეს ამაზრზენია, მაგრამ ჩემთვის უფრო ამაზრზენი არარაობად ქცევაა.  თუ მე მათ (გამოძიების) შემოთავაზებას დავთანხმდებოდი,  არარაობად ვიქცეოდი. ამიტომ ცხადია, უარი განვაცხადე ცრუ ინფორმაციის გაცემაზე. ამის გამო კი,  მათ თვანიანთი მუქარა შეასრულეს და 17 წელი მომისაჯეს“.

„ეს საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა კვლავ გრძელდება. ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ხარებავას საქმე და მოამზადა სპეციალური დასკვნა და განცხადება. ჩვენი ინფორმაციითა და იმ მასალებზე დაყრდდნობით,  რაც ხელთ გვაქვს, ცხადი ხდება რომ ადგილი აქვს ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დევნას“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ კონკრეტული საქმის შესახებ ინფორმაციას  დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის და მოითხოვს მათგან რეაგირებას.

ახალი ამბები