კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის გათავისუფლებას ითხოვს

25 მარტი, 2011

ინტერპრესნიუსი

 
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე ნაკრების ყოფილი წევრის,  გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება კალაძემ 24 მარტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა სათაურით  - „თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!“

 

„სპორტალის“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება ნამდვილად კალაძეს ეკუთვნის. ეს ფეხბურთელის პრესსამსახურში დაადასტურეს.

განცხადების ტექსტში კახი კალაძე კოლეგის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნის გარდა, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საკუთარ მოსაზრებასაც გამოხატავა: „მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ, დგება დრო, როცა უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭირვალეობა. დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანამ უკანასკნელ წლებში აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში, თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, საკუთარ თავში უნდა გაანადგუროს.

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართლიანობა იზეიმებდა, კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება.

თუმცა რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი...

აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა... ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა - ამაოდ...

მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!“

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დემეტრაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ქონება - მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.

საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ სასჯელიდან ფეიქრიშვილს 2 წლის მოხდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.

დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში – ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. „მაზავშიკებთან“ მოგებულ თანხებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს აქტიურად ეხმარებოდნენ ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი „ქურდულ საერთოში“ იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო წარგენილ ბრალდებაში და დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, განსაზღვრა დანიშნული სასჯელის ზომა“, - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

ამავე დროს, ახლახანს მოსკოვში დააკავეს ვატო ყიფიანიც, რომლის საქართველოში ექსტრადიციის საკითხიც ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ამ საქმეს რუსეთთან გაწყვეტილი ურთიერთობები ართულებს.

ახალი ამბები