კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით გარეჯთან ახლა ქართველი სამხედროები ისვრიან

25 მარტი, 2011

სალომე აჩბა

თავდაცვის სამინისტრო დავით გარეჯთან არსებულ სამხედრო პოლიგონზე წვრთნების განახლებას კატეგორიულად უარყოფს. ტელეკომპანია  „მაესტროს“ გადამღებმა ჯგუფმა კი,  მონასტერთან აფეთქების ხმები დააფიქსირა და სამხედრო წვრთნების შესაძლო განახლების შესახებ საზოგადოებას 20 მარტს, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტით აცნობა.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები იტყობინებიან, პირად საუბრებში დავით გარეჯის მონასტრის ბერები და მორჩილები აღნიშნავენ, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პერმანენტულად ისმის აფეთქებისა და სროლის ხმა.

ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ სამხედრო წვრთნებმა და აფეთქებით გამოწვეულმა ვიბრაციამ შესაძლოა, მეექვსე საუკუნის უნიკალური ქართული ძეგლს - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე შეუქმნას და მისი ნგრევაც კი გამოიწვიოს.

დავით გარეჯის მიმდებარედ წვრთნების განახლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი კი, მათ დავით გარეჯის თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსი და ადგილი, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, ტერიტორიულად ერთმანეთს დიდადაა დაცილებული. შესაბამისად, მონასტერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ქართული პარტიის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების დასკვნაშიც წერია და ასევე არსებობს 4 სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის დასკვნაც, რომ ქვიშაქვაში გამოკვეთილი მონასტრებისთვის, აფეთქებების შედეგად გამოწვეული ვიბრაცია, შესაძლოა, ბევრად უფრო საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე იმავე სიძლიერისა და ამპლიტუდის მიწისძვრა. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სამხედრო პოლიგონი საბჭოთა ხელისუფლების დროს ფუნქციონირებდა. თუმცა ის 1988 წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გაუქმდა. მაშინ საზოგადოება გარეჯთან ახლოს მდებარე პოლიგონის არსებობას სწორედ იმიტომ აპროტესტებდა, რომ აფეთქებების ხმისგან გამოწვეული ვიბრაცია საფრთხეს უქმნიდა მეექვსე საუკუნის ქართულ ძეგლს.

მაშინდელი საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, „ახალი მემარჯვენეების“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და წვრთნების სასწრაფოდ გაუქმებას მოითხოვს.

„საბჭოთა ხელისუფლების დროს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა არმიის სამხედრო პოლიგონი მოქმედებდა და საბჭოთა ჯარის ქვემეხები ანგრევდა ამ უნიკალურ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს. ორი ათეული წლის შემდეგ, უკვე თავისუფალ საქართველოში ისევ იშვა საბჭოეთი, ამჯერად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ქცევასა და აზროვნებაში. რამდენადაც ვანდალური იყო საბჭოთა ჯარის მოქმედებები დავით-გარეჯის ყოფილ სამხედრო პოლიგონზე, ათჯერ მეტად ვანდალური და ამორალურია დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს ქმედება“, -  განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

„1997 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც იკრძალება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სამხედრო პოლოგონად გამოყენება, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია. ფაქტია, რომ აქ სამხედრო წვრთნები, არტილერიის გამოყენებით, ინტენსიურად მიმდინარეობს“, - შეშფოთებულია სოზარ სუბარი.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ სამხედრო წვრთნებმა შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მეექვსე საუკუნის უნიკალურ ძეგლს: „გასაგებია, რომ ის უკვე მოწყობილი პოლიგონია და  სამხედრო წვრთნების იქ გამართვა ნაკლებ თანხებს მოითხოვს, მაგრამ იმ წვრთნების შედეგად რაც შეიძლება დაზიანდეს, ფასდაუდებელია! მათ კი არ ესმით ეს ფასეულობა“.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდია GNS-ს მიერ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მომზადებულ სიუჟეტში ნათლად ისმის აფეთქებების ხმა, თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამხედრო პოლიგონის არსებობას და განმარტავს, რომ იქ არა პოლიგონი, არამედ რეზერვისტთა ბანაკია. რეზერვისტები კი წვრთნების დროს მსხვილკალიბრიან იარაღს არ იყენებენ.

„იქ არაა არავითარი პოლიგონი და არავითარი მძიმე ტექნიკა  არ მოქმედებს.   კარვები, რომლებიც იქ არის გაშლილი, რეზერვისტების ბანაკს ეკუთვნის. იქ რეზერვისტები მომზადების პირველ ეტაპს გადიან“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სალომე მახარაძემ.

სალომე მახარაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აფეთქების ხმები, რომელიც სტუდია GNS-ის სიუჟეტშია დაფიქსირებული, დავით გარეჯთან მდებარე რეზერვისტთა ბანაკიდან ისმის. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე - თუ არა ამ ბაზიდან, მაშ, საიდან უნდა ისმოდეს გასროლისა და აფეთქების ხმა - თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერს პასუხი არა აქვს. არადა, პირველ რიგში, სწორედ თავდაცვის უწყება უნდა იყოს ინფორმირებული, რატომ და საიდან ისმის აფეთქებისა თუ სროლის ხმები სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა და ოპოზიციური პარტიები დავით გარეჯის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და პოლიგონი ერთმანეთს დიდი მანძილითაა დაშორებული და მონასტერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება: „სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ დავით გარეჯის პოლიგონს არავითარი კავშირი არა აქვს იქ არსებულ სიძველეებთან. იქ მიმდინარე წვრთნა, დიდი ტერიტორიული დაცილებისა და რელიეფის გამო, საერთოდ არ უკავშირდება უძველეს მონასტრებს. მეტსაც გეტყვით, ვიცი და დღესაც კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ დიდი მეგობრობა და თბილი ურთიერთობაა ჩვენს სამხედროებსა და სამღვდელოებას შორის. ასე რომ, წვრთნით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია და თეთრისთვის შავის დარქმევის მცდელობაა“.

უზენაესი სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილების შესახებ კი, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯში ყოველგვარი სამხედრო წვრთნა აიკრძალა, ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ დავით გარეჯის უდაბნო დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებაში მხოლოდ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზეა საუბარი.

„დავით გარეჯითის სახელით სპეკულაცია საჭირო არ არის. საქმე ეხება ძალიან დიდ ტერიტორიას. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს: სწორედ ეს მონასტრები იყო საბჭოთა წვრთნების სამიზნე, ამ მონასტრებს ესროდნენ ჭურვებს, მათ ძირში იყო დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. ახლა კი ქართული საჯარისო საწვრთნელი ბაზა არის სრულიად სხვა ტერიტორიაზე და არავითარი კავშირი არა აქვს მონასტერთან. ასე რომ, ამ ვითარების სხვაგვარად წარმოჩენა არის ძალიან არასწორი საქციელი“, - აღნიშნა ვაჩეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სოზარ სუბარი კი humanrights.ge-სთან საუბრისას ამტკიცებს, რომ ადგილი, სადაც ახლა რეზერვისტები არიან დაბანაკებული, ზუსტად ის ტერიტორიაა, სადაც საბჭოთა პერიოდში პოლიგონი იყო განთავსებული.

სუბარი რამდენიმე დღის წინ დავით გარეჯის კომპლექსში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას: „ადგილი სადაც ახლა წვრთნები მიმდინარეობს, ზუსტად ის ტერიტორიაა, სადაც ადრე პოლიგონი ფუნქციონირებდა. უბრალოდ, ძველი პოლიგონის ნაწილი დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, ნაწილი კი კვლავ საქართველოს საზღვრებშია.1997 წელს საასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც ეს პოლიგონი გაუქმდა და იქ აიკრძალა ყველანაირი სამხედრო წვრთნის ჩატარება. მე რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიმყოფებოდი და გავეცანი სიტუაციას. ბერებმა პირად საუბარშიც დაადასტურეს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე, მართალია, ძალიან ხშირად არა, მაგრამ მაინც ისმის აფეთქებების ხმა. იმასაც შეგახსენებთ, რომ აფეთქების ხმა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროსა“ და GNS-ის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, ჩაწერილია დოდო გარეჯელის მონასტერში. ეს მონასტერი, 14 მონასტრიდან ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. რაკი დოდო გარეჯელის მონასტრის ტერიტორიაზე (რომელიც პოლიგონიდან დაახლოებით 20-25 კმ-ის მოშორებით მდებარეობს), ასე მძაფრად ისმის აფეთქების ხმა, გამოდის, კომპლექსის სხვა მონასტრებში, მაგალითად იოანე ნათლისმცემლის მონასტერში (რომელიც პოლიგონიდან სულ რაღაც 4-5 კმ-შია), აფეთქების ხმა და მისგან გამოწვეული ვიბრაცია უფრო ძლიერი იქნება“.

მოუწევს თუ არა საზოგადოებას დავით გარეჯთან სამხედრო წვრთნების შეწყვეტის მოთხოვნით 23 წლის წინანდელი საპროტესტო აქციების გამეორება, რთული სათქმელია. მედიით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, საკითხს ბუნდოვანს ხდის. თუმცა, საზოგადოების აქტიურ წევრებს თვითონვე შეუძლიათ ადგილზე ჩასვლა, ვითარებაში გარკვევა და გადაწყვეტილების მიღებაც.

ახალი ამბები