კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიკვდილის ექსპორტი“ - ახალი ტერმინი სახალხო დამცველის ანგარიშში

31 მარტი, 2011

ბელა ზაქაიძე „ინტერპრესნიუსი“

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოში 2010 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს. 700 გვერდამდე დოკუმენტი სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ombudsman.ge აიტვირთება. დღესვე გიორგი ტუღუში მოხსენებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს გადაუგზავნის. მოხსენების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ტუღუშმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- 2010 წლის ანგარიშში ასახულია ყველა უფლებადარღვევის ფაქტი, რომლებსაც სახალხო დამცველის აპარატი 2010 წლის განმავლობაში სწავლობდა.

მოხსენებაში გამოკვეთილი იქნება ზოგადი ტენდენციები, რომლებიც, სახალხო დამცველის აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი იყო.

ანგარიშში პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი იქნება. დეტალურად იქნება გაანალიზებული შსს-სა და პოლიციეს, ასევე, სასამართლოს საქმიანობა. უყურადღებოდ არ დაგვრჩება დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა. 2010 წელი საკმაოდ აქტიური იყო დევნილთა უფლებების კუთხით და ეს 2011-შიც გაგრძელდა. დეტალური მონაცემები იქნება ბავშვთა სახლებში მონიტორინგთან დაკავშირებით. ბავშვთა სახლებში ჩატარდა დეტალური მონიტორინგი, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. უყურადღებოდ არ დაგვრჩენია ბავშვთა უფლებები. ქალთა უფლებების შესახებ გაჩნდა ცალკე თავი. არაერთხელ იყო საუბარი, რომ ქალთა უფლებებს არ ექცეოდა ყურადღება. ჩვენ წელს უკვე გარკვეული შეფასებები გავაკეთეთ ამ მიმართულებითაც. ანგარიშში საკუთრების უფლებების ხელყოფაზეც არის საუბარი, ეს უკავშირდება როგორც საკუთრების უფლების კომისიის აღიარებას, ასევე, საგამოძიებო ორგანოების საქმიანობას სწორედ საკუთრებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, არის რამდენიმე ფაქტი, რომელსაც სახალხო დამცველი წლის განმავლობაში სწავლობდა. საუბარია, ასევე, შრომის უფლებაზე, სამსახურიდან დათხოვნაზე, როდესაც ამას მოჰყვა ადამიანის უფლებების დარღვევა. ძირითადად, ეს ეხება საჯარო მოხელეებს, რომლებიც უკანონოდ დაითხოვეს. საუბარია ასევე სახელფასო დავალიანებებზე, რომელიც აქვს მთელ რიგ უწყებებს და ბოლო რამდენიმე წელია, არ გადახდილა.

- სასჯელაღსრულების სფერო ერთადერთია, სადაც სახალხო დამცველის მონიტორების გარდა ხელი სხვას არავის მიუწვდება. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ანგარიშის მიხედვით, რა მდგომარეობაა ამ სისტემაში?

- სწორედ ამიტომ ყველაზე დიდ ადგილს მოხსენებაში ეს სფერო იკავებს-ხოლმე. სახალხო დამცველის აპარატი და მისი პრევენციის ეროვნული მექანიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო წყარო იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კვლევა ეფუძნება უშუალოდ ჩატარებულ მონიტორინგს, როდესაც შიგნით ვსწავლობთ ვითარებას. არის მიმართულებები, სადაც გაუმჯობესებაა, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც გაუარესებაა. ინფრასტრუქტურის კუთხით რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, გაიხსნა ქსნის დაწესებულების ტერიტორიაზე ახალი კორპუსი, რომელმაც მკვეთრად გაუუმჯობესა საყოფაცხოვრებო პირობები იმ პატიმრებს, რომლებიც ძველ ზონაზე იმყოფებოდნენ, თუმცა იქ კვლავ რჩებიან პატიმრები და კვლავ ცუდი პირობებია. ერთ-ერთი მძიმე თემა ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, სისტემაში გარდაცვლილთა რაოდენობაა, რომელმაც 50 პროცენტით იმატა წინა წეთან შედარებით. გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ წელს 142 შეადგინა. როდესაც ეს მაჩვენებელი შარშან 100-ზე ქვემოთ იყო.

- რა გახდა ამის გამომწვევი მიზეზები?

- ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პატიმართა გარდაცვალების ტუბერკულოზია, ასევე, გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, მათ შორის ძალიან ბევრ გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა ც ჰეპატიტი აღენიშნებოდა. ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. ამასთან, ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა, არათუ მოგვარდა. ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა "სიკვდილის ექსპორტს". ანგარიშში სწორედ ამ ტერმინით მოვიხსენიებ, როდესაც ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ. ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურად არის ანგარიშში.

- თუ არის გამოკვეთილი მოხსენებაში პასუხისმგებელი პირების საკითხი?

- ჩემს ანგარიშში სასჯელარსრულების სისტემის არაერთი თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში. პირდაპირ გვარები და სახელებია მითითებული არასათანადო მოპყრობის თავში.

- რომელ ფაქტებზეა ყურადღება გამახვილებული?

- გამახვილებულია ყურადღება ინციდენტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქსნის დაწესებულებაში, ასევე, პატიმართა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, გეგუთის დაწესებულებაში და თუ არ ვცდები ფიგურირებს რუსთავის #6 დაწესებულებაც.

- თუ არის გამოძიება დაწყებული?

- გამოძიება უმეტეს ფაქტებზე დაწყებულია, თუმცა შედეგი არც ერთზე დამდგარი არ არის ჯერჯერობით. ჩემი ინფორმაციით, პასუხისგებაში ამ ფაქტების გამო არავინ მიცემულა.

- სახალხო დამცველის ანგარიშებში სამართალდამცავების მუშაობას ცალკე თავი ეთმობა-ხოლმე. პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას თუ ჰქონდა ადგილი 2010 წელს?

- პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ გვაქვს ფაქტები განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. გვაქვს ფაქტები, როდესაც რამდენიმე ადამიანს თვითნებურად თავისუფლება აღუკვეთეს და ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებოდნენ პოლიციაში, შემდეგ ისინი გაათვისუფლეს. მათ რეალურად შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება. ასევე საუბარია გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. ეს ეხება სამეგრელოს რეგიონს და ქუთაისს. საუბარია პოლიციის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევაზე და მთელ რიგ ისეთ ფაქტებზე, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. რამდენიმე ფაქტზე, რომელიც სახალხო დამცველმა 2010 წლის განმავლობაში პროკურატურას გადაუგზავნა, წამების აკრძალვის მუხლით გამოძიება დაწყებულია. Kგამოძიება დაწყებულია კონკრეტული პოლიციელების მიმართ, თუმცა შედეგით არ დასრულებულა.

- სასამართლოს მიმართულებით 2010 წელი როგორ ფასდება?

- უმეტესობა იმ პრობლემების, რომელებზეც 2009 წლის მეორე ნახევარში ვსაუბრობდი, კვლავ აქტუალური იყო 2010 წლის განმავლობაში, თუმცა გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულება, რომელზეც ანგარიშში დეტალურად არის საუბარი, ეს ეხება იმავე სასჯელების შეკრებითობის პრინციპის გამოყენებას, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. სასამართლომ ჩვენი აზრით, არასწორად დააჯამა და დაამძიმა ბრალდებულის მდგომარეობა. კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მდგომარეობის შემსუბუქების მაგივრად, დაამძიმა სასჯელი. ანგარიშში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებიც არის მითითებული, რომელსაც სახალხო დამცველი წლის განმავლობაში სწავლობდა. ასევე, კვლავ ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ეხება შუალედურ და საბოლოო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას. ჩვენ შეგვიძლია, საფუძვლიანი ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა მის მიერვე გამოტანილი განაჩენი ან გადაწყვეტილება.

- ანუ ობიექტური გადაწყვეტილებები არ იყო?

- საფუძვლიანი ეჭვის შეტანა შეილება, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება პირებს დაერღვათ, როდესაც მათ საქმეს იხილავდა სასამართლო.

- შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება რამდენად დაცული იყო 2010 წელს?

- ყველა ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა 2010 წლის განმავლობაში, აისახა ანგარიშში. მათ შორის მოხვდა ვეტერანთა აქციის დაშლაც, თუმცა ეს უკვე 2011 წლის დასაწყისი იყო. იყო, ასევე, სხვადასხვა ფაქტები, რომელიც შეკრება მანიფესტაციების და გამოტახვის თავისუფლების თავში შევიდა. იგივე ჯორჯ ბუშის ქუჩის ინციდენტი, როდესაც ირაკლი კაკაბაძე და აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. სახალხო დამცველს შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებები გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც პლენუმმა განიხილა და ველოდებით გადაწყვეტილების გამოტანას. სახალხო დამცველი აპროტესტებს კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სწორედ შეკრებებს და მანიფესტაციებს ეხება. გარდა ამისა, დაფიქსირებულია გამოხატვის თავისუფლების თავში ის თავდასხმები, რომელიც განხორციელდა ჟურნალისტებზე, როგორც რეგიონებში, თბილისშიც იყო რამდენიმე ინციდენტი. ეს ფაქტები შევისწავლეთ და საკმაოდ კრიტიკული შეფასება მივეცით.

- ანგარიშის მიხედვით რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი თუ იკვეთება?

- ვერ გეტყვით, რომ 2010 წელს იყო ისეთი ფაქტები, სადაც გამოკვეთილია კონკრეტული უფლების დარღვევისას რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო მონაწილეობა. თუმცა, ანარიშში მოხსენიებულია არაერთი უწყება, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს, მოხსენიებული არიან კონკრეტული საჯარო მოხელეები, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებ, რომლებიც ჩემი აზრით, უშუალოდ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ძალიან რთულია კონკრეტული თანამდებობის პირი გამოკვეთო; გამოკვეთო ადამიანი, რომელმაც უშუალო მითითება მისცა რომელიმე საჯარო მოხელეს, თუმცა ყველა ის ადამიანი, რომელიც მოიხსენიებოდა ჩვენს ახსნა-განმარტებებში მოწოდებულ ინფორმაციაში, გვარებითა და სახელებით არის მოხსენიებული ანგარიშში.

- სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და ანგარიშების მიმართ როგორია ხელისუფლების მიდგომა?

- იყო შემთხვევები, როდესაც ნაწილი ჩემი რეკომენდაციების იქნა გათვალისწინებული, თუმცა არის მიმართულებები, სადაც საკმაოდ პესიმისტური სურათია. იგივე გამოძიებები. ძალიან ხშირად ჩემი მიმართვის საფუძველზე გამოძიება იწყება, თუმცა ერთია გამოძიების დაწყება, მეორეა, თუ როგორ წარიმართება გამოძიება, რამდენად გონივრულ ვადაში ჩატარდება და გამოიღებს შედეგს. მე ამას ჩემს წინა ანგარიშში ვაკრიტიკებდი. ამ ანგარიშიც საკმაოდ დიდი კრიტიკა იქნება გამოძიების კუთხით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნაწილი ჩემი რეკომენდაციების გაითვალისწინეს, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი იმავე ჯანდაცვასთან მიმართებაში არ იქნა გაზიარებული, რაც ამ ანგარიშშიც არის მითითებული. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სავალალო შედეგი მიიღეს წელს და მკვეთრად იმატა გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ, არის ის, რომ არ გაიზიარეს ნაწილი იმ რეკომენდაციებისა, რომელიც მათ გავუგზავნე ჯერ კიდევ 2009 წლის პირველ და მეორე ნახევარში. მე პირდაპირ ვთქვი ჩემს სპეციალურ ანგარიშში, რომ პრობლემა თქვენ გაგიღრმავდებათ და არ მოგვარდება, რადგან მიდგომა თავშივე არასწორია. ახლა მე ვისმენ, რომ შემუშავდა ახალი სტრატეგია, დაიდო მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროსთან და იწყება ეფექტური ბრძოლა ტუბერკულოზის წინააღმდეგ. კი ბატონო, ეს ყველაფერი მისასალმებელია, თუმცა ამის გაკეთება უფრო ადრეც შეიძლებოდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ის მძიმე შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს.

ახალი ამბები