კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციური რვიანი მოლაპარაკების მაგიდიდან ადგა

31 მარტი, 2011

სოფო გეწაძე

ოპოზიციურმა „რვიანმა“ „ქართულ  აკადემიასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის მიზეზები გააცნო. საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს 5 თვის განმავლობაში აწარმოებდა. როგორც „რვიანი“ განმარტავს, დიალოგის შეწყვეტის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ამ დიალოგისადმი ზერელე დამოკიდებულებაა.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ადამიანის უფლებათა ცენტრთან  საუბრისას აცხადებს, რომ ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებამ დიალოგის გაგრძელება აღარ ისურვა: „ხელისუფლებამ სხვადასხვა ხრიკების მიმართა - შეხვედრების გადადება, პროცესის გაჭიანურება, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები...  ასე შედეგს ვერ მივიღებთ“.

ამ ეტაპზე ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს დასახვეწად ამომრჩეველთა სიების ბიომეტრული მონაცემების მიხედვით შექმნას და საარჩევნო სისტემის ისე შეცვლას სთავაზობს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა პარლამენტში მანდატი იმდენი პროცენტით მიიღონ, რამდენ პროცენტსაც არჩევნებში მიიღებენ.

შექმნილი კრიზისის გადალახვისთვის აუცილებელ პირობად „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, დავით გამყრელიძე საზოგადოების გაერთიანებას ასახელებს: „ჩვენი ამოცანაა, მეტ ამომრჩეველს გავაგებინოთ ვითარება. ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება შეუვალია. თუ ხვალ საზოგადოებრივი აქტიურობა იქნება ძლიერი, ხელისუფლებამ ერთ დღეში შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. რვიანი არ იშლება. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ცნობილი ადამიანების მხარდაჭერა გვჭირდება - იმ ადამიანების, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება შეუძლია“.

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას გამორიცხავენ. „ჩვენ დავრწმუნდით არჩევნების უალტერნატივობაში. რევოლუცია ჩვენთვის მიუღებელია, ეს პირველ რიგში სახელმწიფოობრიობას აზარალებს“, - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე.

ოპოზიციის ამ დამოკიდებულებას პესიმისტურად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე. იგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური კლიმატის შესაცვლელად რაღაც სხვა ძალაა აუცილებელი: „ჯერ არ შექმნილა და არ არსებობს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა. ხალხმა და ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა. ვინც შეძლო, უკვე ხელისუფლებაშია. როგორც ვხედავ, ოპოზიციაში არიან ხელისუფლების როგორც რევოლუციის გზით, ასევე არჩევნების გზით შეცვლის მომხრეები. ახლა, ამ სიტუაციაში ერთიც და მეორეც წამგებიანია. ორივე გზა სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი წინსვლას იმ ფაქტს უწოდებს, თუ რამდენ ოფისს გახსნის, რამდენ ხანში რამდენი წევრი ეყოლება. ხარისხობრივად კი წარმმართველი ძალა არც ერთს არა ჰყავს. ახლა თუ მოიმატა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის მომხრეებმა, ეს იმის დასტურია, რომ დაინახეს - რევოლუციას არაფერი მოაქვს“.

ოპოზიციური რვიანის წევრებმა არასამთავრობოებისაგან რეკომენდაციებიც მიიღეს: აუცილებელია რვიანისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობლივი კოორდინაცია და საზოგადოების მეტი ჩართულობა.

ოპოზიციურ რვიანში ამჟამად შედიან: „კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“, „ხალხის პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს გზა“.

ახალი ამბები