14:27, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოჯახური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა კახეთში

01.04.2011

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა. რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.

კვლევა

გამოკითხვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოკითხვის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის პრობლემების კვლევა. გამოიკითხა 1250-მდე ადამიანი. კვლევის შედეგებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

გამოკითხულ ქალებზე ქმრების 53% ძალადობს. არის მამის, ყოფილი ქმრისა და პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.

ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევების ძირითადი ნაწილი ფიზიკური ძალადობით დამთავრდა, მათგან 40% მძიმე ფორმით.

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების მიმართ ძალადობას, ძირითადად, ახორციელებენ: ქმარი - 53%, მამა - 17%, პარტნიორი - 6%, ყოფილი ქმარი - 8%, ძმა - 6%; გარდა ამისა, 3 - % შვილი მამაკაცები, ბიძები, პაპები და სხვა.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობას ახორციელებს, ფხიზელ მდგომარეობაშია. 80% ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა; 6%  კი - ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40% განიცდიდა, რომ ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ის ცხოვრობს, მასზე სექსუალურად ძალადობს.

კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მსხვერპლი ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ექიმს არ მიმართავდა, გამოწვეული იყო  სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით, რომ მეუღლე ასე მოექცა.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის, ჯილდა ნიბლაძის თქმით, კომიტეტმა გასულ წელს კახეთში ძალადობის 257 მსხვერპლს გაუწია დახმარება. 2011 წელს კი დაახლოებით 70 ადამიანს. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ყვარლის რაიონში დაფიქსირდა.

„ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი ყვარლის რაიონიდან მოგვმართავს. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ ყვარელში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომლებსაც თავიანთი წესები აქვთ. ასევე, ძალადობის ფაქტების სიმრავლით გამოირჩევა მაღალმთიანი სოფლები. ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. მამაკაცების უმრავლესობა უმუშევარია, ქალები გაცილებით მეტს შრომობენ, რასაც ოჯახში უსიამოვნება მოსდევს. დაუსაქმებელი მამაკაცები ხშირად სვამენ, რაც კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს“, - აღნიშნავს ჯილდა ნიბლაძე.

მიმართვიანობა

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, კახეთში ქალებზე ძალადობის ფაქტები, ქმრების გარდა  დედამთილ-მამამთილის მხრიდანაც  ხშირია.

„ქალებზე არა მარტო ქმრები, არამედ დედამთილ-მამამთილიც ძალადობენ. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სხეულზეც აღენიშნებათ ხოლმე დალურჯებები და ძალადობის სხვა ნიშნები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობამ, მათ შორის, რა თქმა უნდა,  ქალები სჭარბობენ. ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 ადამიანი გვაკითხავს. არის ხოლმე მკვლელობის მცდელობის, სხეულის დაზიანებისა და სხვა შემთხვევები“, - განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.

ძალადობის მსხვერპლთა მიმართვის მაჩვენებელი მაღალია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისშიც. ცენტრის იურისტის, ლია ხუროშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, განმცხადებელ ქალებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, რის გამოც ორგანიზაცია რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართავს.

„ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებზე ახორციელებს, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ადექვატურად რეაგირებს. 2010 წელს რამდენიმე მოძალადე ქმარი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს და დააკავეს. იგივეს ვერ ვიტყვი პოლიციის თანამშრომლებსა და მოსამართლეებზე. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემას, რაც ძალადობის მსხვერპლის დაცვის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში პოლიციის თამაშრომლები შემაკავებელი ორდერების მექანიზმს არ იყენებენ და არც სასამართლო გამოსცემს დამცავ ორდერს კონკრეტულ საქმეებზე საკმარისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად“, - ამბობს ლია ხუროშვილი. 

პრობლემების სამართლებრივი გზით მოსაგვარებლად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, მიმართონ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურს. თუმცა, კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა დაბალია. ბიუროს კონსულტანტის, მერი ხაჩიძის განმარტებით, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქალები ჯერ კიდევ ერიდებიან ოჯახში ძალადობის ფაქტების გახმაურებას.

„გასულ წელს ძალადობის რამდენიმე მსხვერპლმა მოგვმართა იურიდიული დახმარებისთვის. წელს ასეთი მომართვა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ხშირი არ არის. პირიქით, საკმაოდ ხშირია, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლი ქალები ცდილობენ დამალონ ასეთი ფაქტები და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნავს ხაჩიძე.

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ქართული მენტალიტეტი, ცუდი სოციალური მდგომარეობა და ბავშვობაში მშობლებისგან მიღებული ძალადობის მაგალითი.

ნანა ხოშტარია, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ფსიქოლოგი: „ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებაში ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა. შესაძლოა, ადამიანს, რომელიც ძალადობას ახორციელებს, ბავშვობაში ჰქონდა ურთიერთობის ასეთი ფორმის, ანუ ძალადობის მაგალითი. ის ხედავდა, როგორ ექცეოდა მამა დედას და იფიქრა, რომ ეს არის ურთიერთობის გარკვევის ჩვეულებრივი წესი. სოციალური მდგომარეობა არის ასევე ერთ-ერთი რისკფაქტორი, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ძალადობის პროვოცირება. ძალადობის ფორმირებაში კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ქართული მენტალიტეტი, რაც იმას გულისხმობს, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობა შეწყნარებულია და რადგან კაცია, მან კიდევაც უნდა იჩხუბოს და მუშტებიც უნდა იქნიოს. მოძალადეების დიდი ნაწილი თვლის, რომ მან თავისი პოზიციების გასამყარებლად უნდა იძალადოს და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია“.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტების შემცირებისა და  პრევენციისთვის აუცილებელია, ეს საკითხი საზოგადოებაში უფრო აქტუალური გახდეს.

„ძალადობის თემა უფრო აქტუალური უნდა გახდეს საზოგადოებაში. უფრო მეტი მსჯელობა უნდა იყოს ამ საკითხზე. ამ თემაზე საუბარი აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახალგაზრდებს უნდა განემარტოთ, რომ პრობლემების მოგვარება არაძალადობრივი გზითაც შეიძლება. ასევე, საჭიროა, მოძალადეებთან მუშაობა და მათთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა“, - აღნიშნა ნანა ხოშტარიამ.

309 - 903 არის ცხელი ხაზი, რომლითაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ მიმართოს. ფონდი იცავს დაზარალებულ პირთა კანონიერ ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლს უზრუნველყოფს თავშესაფრით და უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მომსახურებას, ასევე ეხმარება ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.

სახალხო დამცველი: „დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის სიხშირე ძალიან დაბალია“

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალია, განსაკუთრებით საქართველოს რაიონებში.

„სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია 2007–2010 წლებში I  ინსტანციის სასამართლოებში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების რაოდენობის შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით. მიღებული პასუხის თანახმად, თელავის სასამართლოში მხოლოდ ერთი დამცავი ორდერია დამტკიცებული, შემაკავებელი ორდერები კი ფაქტობრივად არ დამტკიცებულა“, - აღნიშნავს ტუღუში.

მისივე თქმით, პრაქტიკაში როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტს თან სდევს სხეულის დაზიანება (მაგალითად ცემა), პოლიცია იწყებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. თუ საქმეზე პირის (მოძალადის) მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მოძალადეს არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. რადგან, მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის მიერ ფაქტზე შემაკავებელი ორდერი არ იწერება, მას (მოძალადეს) ასევე არ დაუწესდება ადმინისტრაციული ღონისძიებით – შემაკავებელი ორდერით - გათვალისწინებული შეზღუდვები.

„ასეთი დინამიკით სამართალწარმოების განვითარებისას დაუცველი რჩება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და არ ხდება ძალადობის პრევენცია საჭირო ღონისძიებებით.  შესაბამისად,  მნიშვნელოვანია პოლიციის მუშაკების მიერ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას გათვალისწინებული იქნას შემდეგი გარემოება: საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ ზღუდავს პოლიციას გამოიყენოს მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის ადმინისტრაციული დაცვის მექანიზმი - შემაკავებელი ორდერი“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების განხორციელება ოჯახური ძალადობის სპეციფიკის თაობაზე, განსაკუთრებით საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ოჯახური ძალადობის შესახებ მომართვიანობა პოლიციის მიმართ დაბალია ან საერთოდ არ ხორციელდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლიკა
2012-07-14 13:03
დაბანეთ ფეხები ქალებო ქმრებს და შესწირეთ თავი ძვირფას ოჯახებს.................................
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC