კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა წულუკიანი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების პოზიციას უპასუხისმგებლოს უწოდებს

5 აპრილი, 2011

ინტერპრესნიუსი

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი, ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე ოფიციალური თბილისის პოზიციას სახელმწიფოებრივად უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოსთვის წამგებიანია და მტკიცება იმისა, რომ მომგებიანია, არის არა მხოლოდ სიცრუე, არამედ სახელმწიფოებრივად უპასუხისმგებლო განცხადება“, - აღნიშნა წულუკიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილებაში კარგად ჩანს, რომ რუსეთის ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სარჩელი პროცედურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, სასამართლომ გაიზიარა, ხოლო საქმე - დაუშვებლად ცნო.

წულუკიანის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებს, რომელიც ამ სარჩელში საქართველომ დააყენა, გაეროს საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში არსებითად ვერ განიხილავს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პროცედურული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„ეს უკეთეს შემთხვევაში არის არაკვალიფიციურობა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც პირადად წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოში საქართველოს ინტერესებს“, - დასძინა მან.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, გამოკვეთილია პროცედურული პრობლემა - რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენცია, რომლის დარღვევაზეც იუსტიციის სამინისტრო მიუთითებდა, მოითხოვს, რომ ქვეყანას, რომელსაც ედავები, თავდაპირველად უნდა მიმართო და მოლაპარაკებების გზით მოაგვარო პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ამ ქვეყანასთან ომში იმყოფებოდა და მტერთან მილაპარაკებას ვერ გამართავდა, არის მეორე პროცედურაც, რომელიც უნდა ამოიწუროს, ვიდრე ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართავ -  იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, მიემართა რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კომიტეტისთვის, რაც მას ასევე არ გაუკეთებია.

„თუ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კომიტეტი არ დააკმაყოფილებდა სარჩელს, მას მაშინ იუსტიციის სამინისტროს უკვე შეეძლო, გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა; ეს პროცედურა სამინისტრომ არ ამოწურა და 2008 წლის 12 აგვისტოს, დამახასიათებელი სულსწრაფობით, პირდაპირ მიმართა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ჰააგაში და საქმე, პრაქტიკულად, დაღუპეს პროცედურულ სტადიაშივე, მაშინ, როცა ამ საქმის არსებითი განხილვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა მან.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ასევე, გასულ წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტის მიერ „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, ჰააგის დავასთან დაკავშირებული ინფორმაციები, რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო, საიდუმლოდ არის ცნობილი.

მისი თქმით, ეს ცვლილება დაინტერესებულ პირს არ აძლევს საშუალებას, შეამოწმოს რამდენად კომპენტენტურად წარადგინა და დაიცვა ეს საქმე თინა ბურჯალიანმა ჰააგაში.

წულუკიანმა, „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მოითხოვა, ინფორმაცია გახდეს საჯარო და საზოგადოებამ თავად შეაფასოს, კარგად იყო თუ არა ეს საქმე წარმოდგენილი დაცული და როგორ მოაგვარა ქართულმა მხარემ პროცედურული პრობლემები.

ჰააგის საერთშორისო სასამართლომ 1 აპრილს 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი მის იურისდიქციაში არ შედის.

სასამართლომ, ასევე, 12 ხმით 4-ის წინააღმდეგ უარყო რუსეთის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დავა არ არსებობს. ამასთან, სასამართლო გააგრძელებს მსჯელობას რუსეთის პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს აღარ აქვს უფლება, იმავე სასამართლოს განმეორებით მიმართოს.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის დარღვევის თაობაზე. საქართველო რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაში. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მომგებიანად შეაფასა.

„გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველაზე მნშვნელოვანი ის არის, რომ სასამართლომ საქართველოს მთავარი არგუმენტი გაითვალისწინა“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, იურიდიულად დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ამ კონფლიქტში მონაწილე მხარე და არა რომელიმე მესამე მხარე, რომლის დამტკიცებასაც რუსეთი დაჟინებით ცდილობდა წლების განმავლობაში.

მანჯგალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ დავა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხებზე.

„თქვენ იცით, რომ სწორედ ეთნიკური წმენდა წარმოადგენდა წლების განმავლობაში საქართველოს დავის საკითხს; საერთაშორისო სამართლის კუთხით მთავარია, რომ საბოლოოდ ლეგიტიმაცია შეიძინა ჩვენმა მოთხოვნამ - რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საქართველოსთან დავაში კონფლიქტის მხარეს და ეს ძალა არის სწორედ ეთნიკური წმენდის საკითხებზე“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები