კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

82 წლის ქალს სოციალური დახმარება მაშველად მუშაობის მიზეზით შეუწყვიტეს

8 აპრილი, 2011

კახეთში, 82 წლის ქალს სოციალური დახმარება სამაშველო სამსახურში მუშაობის მიზეზით შეუწყვიტეს. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალური მომსახურების სააგენტომ უმწეო მოხუცებს საარსებო შემწეობა სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის მიზეზით შეუწყვიტა.

„2010 წლის სექტემბერში სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულმა განყოფილებებმა ცენტრალური ოფისიდან მიიღეს ე.წ. დასაქმებულთა სიები, რომელშიც შეყვანილ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. არაერთი მოქალაქე, რომელმაც ჩვენ მოგვმართა, სინამდვილეში დასაქმებული არ აღმოჩნდა და მათთვის არავის აუხსნია, საიდან მოხვდნენ აღნიშნულ სიაში, თუმცა თვეების განმავლობაში დახმარება შეწყვეტილი ჰქონდათ და სააგენტომ მის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. დღეს კიდევ ერთმა მოქალაქემ მოგგვმართა, რომელიც სამაშველო სამსახურში აღმოჩნდა დასაქმებული და რამდენიმე თვეა დახმარებას ვერ იღებს. არადა განმცხადებელს დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს და შეუძლებელია ის მაშველად მუშაობდეს“, - აღნიშნეს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრში“.

ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის განმარტებით, მათ ორი კვირის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან სხვა საჯარო ინფორმაციასთან ერთად, ე.წ. „დასაქმებულთა სიები“ მოითხოვეს, რომელიც დღემდე არ მიუღიათ. „არაერთხელ ვცადეთ სააგენტოს რეგიონულ ცენტრში იმის გარკვევა, თუ რატომ არ გვაძლევენ საჯარო ინფორმაციას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ცენტრის უფროსის ლევან ახალაურის გადასაწყვეტია. ახალაური კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ან სულ დაკავებულია და შეხვედრაზე უარს ამბობს“, - განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ლევან ახალაურს ვერც კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა ხუთი შვილის დედას შორენა რეხვიაშვილს იმ მიზეზით, რომ ის „ლაგოდეხავტოგზაში“ მუშაობს, რასაც ამ კომპანიაში არ ადასტურებენ. სატყეო სააგენტოში მუშაობის მიზეზით კი დღემდე დახმარების გარეშეა დარჩენილი 77 წლისნათელა ჯაჭვაძე. მათ იურიდიულ დახმარებას „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ უწევს პროექტის „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები